წვდომის მენიუ

შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 52

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2020 23:17

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 19-10-2398; 10.12.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, შპს „ვიონი საქართველოს“ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით. აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების    საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org) , მაგალითისათვის თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ აქვს 1 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ებს რაოდენობა შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ შეადგენდა 50   SMS/წმ (სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია თან ერთვის მოხსენებით ბარათს).

შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2  SMS წამში.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  შპს  „გლობალ სელის“ სისტემიდან ამოღებული იქნა ძველი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში დასრულებული SMS-ების შესახებ:   შპს „ვიონი საქართველოში“ 2018 წლის 1 ივლისს და 2018 წლის 1 ოქტომბერს შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ 22 SMS /წმ-ში; შპს „გლობალ სელის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრიდან შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შეზღუდვების გამო SMS დასრულება 2019 წლის ნოემბრამდე აღარ ხორციელდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია დაგენერირდა ფაილის სახით, რომლის ამონაბეჭდი ერთვის მოხსენებით ბარათს.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  შემოწმების პროცესში სისტემიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შპს „გლობალ სელიდან“ გაგზავნილი SMS-ის მოპასუხე ოპერატორის მხრიდან უარყოფის შესახებ, შეცდომა დაფიქსირებულია არასაკმარისი სიჩქარის მიზეზით.     შემოწმების პროცესში გადამოწმდა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიების, მათ შორის, შპს ,,ვიონი საქართველოს“ SMS-ების შეზღუდვის თაობაზე. სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია დაემთხვა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ინფორმაციას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N 19-10-2398; 10.12.2019) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ სელს“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის არსებობს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, სადაც ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური ჩანაწერები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არსებობს.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  ხმოვანი ურთიერთჩართვა შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილქნეტთან“ უზრუნველყოფილია SIP პროტოკოლის გამოყენებით, ხოლო შპს „ვიონი საქართველოსთან“    -  SS7   სიგნალიზაციის   გამოყენებით.   შპს   „გლობალ   სელის“ წარმომადგენლის განმარტებით, SMS-ების ურთიერთგაცვლისათვის ყველა ოპერატორთან გამოიყენება SMPP პროტოკოლის 3.4 ვერსია. შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მობილურ ოპერატორებთან SMS გაცვლის ანგარიშიდან (ლოგ.ფაილები) ირკვევა, რომ შპს „ვიონი     საქართველოსთან“   შპს   „გლობალ  სელის“ მიერ დამისამართებული SMS-ებიდან წამში სრულდება მაქსიმუმ 2 SMS. კომისიის აპარატის სპექტრისა  და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათში  (N  19-10-2398; 10.12.2019) აღნიშნულია, რომ შესწავლილი დოკუმენტაციისა და შემოწმების შედეგებით დასტურდება რომ  შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS დასრულება. შეზღუდვა ფიქსირდება 2018 წლის ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის  დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ  შპს  ,,ვიონი  საქართველოს“  მიერ  ირღვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-19-03/3909; 12.12.2019) ეცნობა შპს ,,ვიონი საქართველოს“ (შეტყობინება შპს ,,ვიონი საქართველოს“ ჩაჰბარდა ა/წ 13 დეკემბერს; შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი: AP01007052408) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4638; 02.12.2019), რომლის თანახმად, შპს ,,გლობალ სელმა“ მიმართა შპს ,,ვიონი საქათველოს“ არსებული ურთიერთჩართვის ფარგლებში არასტანდარტული SMS მომსახურების ნაწილში, მათი ქსელის შესაბამის ელემენტებთან და ტექნიკურ საშუალებებთან შპს ,,გლობალ სელის“ შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების მიზნით იმავე პირობებით და მოცულობით, რაც მათი მხრიდან განსაზღვრულია სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის და რაც წამში რამდენი ასეული SMS გამტარობას უზრუნველყოფს. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს ამ უფლებით, რადგან შპს ,,გლობალ სელის“ მხრიდან შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელის მიმართულებით წამში მხოლოდ 3 SMS გაგზავნაა შესაძლებელი, რაც შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, არ პასუხობს შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების საკანონმდებლო მოთხოვნას და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა უწყვეტ, დროულ და ხარისხიან მომსახურებას. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროული და სამართლიანი ღონისძიებების გატარება.

კომისიაში ასევე შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4659; 03.12.2019), შპს ,,გლობალ სელის“ მიერ ასახულია ინფორმაცია შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შესახებ, ა/წ 3 დეკემბრის  მდგომარეობით, დროის წამობრივი აღრიცხვით და შესაბამის წამში არსებულ გამტარობაზე მითითებით, ასევე, ინფორმაცია შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შეზღუდვის შესახებ, ა/წ 3 დეკემბრის მდგომარეობით, ინიცირებული SMS-ბის უმეტესობის ოპერატორის მხრიდან უარყოფის ფაქტზე მითითებით.

კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4695; 06.12.2019; Nშ-19-6/4695), რომელშიც ის უთითებს შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით შპს ,,გლობალ სელის“ ქსელიდან შემავალ SMS ტრაფიკზე დაწესებულ შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების შესაბამის ელემენტებთან გვქონდეს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება, რაც განაპირობებს შპს ,,გლობალ სელის“ შესაბამისი სატელეკომუნიკაციო მომსახურების პარალიზებას, მომხმარებელთათვის უწყვეტი, დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შეუძლებლობას და მომხმარებლის და შემოსავლების მნიშნელოვან დანაკარგს. აღნიშნულ განცხადებაში შპს ,,გლობალ სელი“ კომისიისგან ითხოვს შპს ,,გლობალ სელის“ კანონიერი უფლებების დაცვისა  და  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  ოპერატორების  მიერ  შპს ,,გლობალ სელის“ შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების დაუყოვნებლივ დავალდებულების მიზნით ზომების მიღებას, რადგან შეზღუდვის შედეგებით მომხმარებელთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, მომხმარებელთა და შემოსავლის დანაკარგით გამოწვეული ზიანი ყოველწლიურად იზრდება და იგი მნიშვნელოვნად შეაფერხებს კომპანიის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2432; 16/12/2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „ვიონი საქართველოს“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს,  13:00-14:00 საათებში  შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“ 15 წუთის განმავლობაში შემოვიდა და დასრულდა მაქსიმუმ - 61 SMS. 2019 წლის 9 დეკემბერს 16:00-17:00 საათებში 15 წუთიან მონაკვეთში დასრულებულია მაქსიმუმ   4508 SMS-მდე, ხოლო 2019 წლის 13 ნოემბერს 15:00-16:00 საათებში - 4042 SMS-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“ საშუალოდ სრულდებოდა 5 SMS წამში. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის განმარტებით, SMS-ები მათ ქსელში სრულდებოდა იმდენივე, რამდენიც შემოდიოდა შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან. კომისიის აპარატის სპექტრისა   და   ტექნოლოგიის   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათში   (N19-10-2432; 16/12/2019) აღნიშნულია, რომ ვერ მოხერხდა ძველ პერიოდში (2018 წლის) შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან  გაგზავნილი  და შპს „ვიონი საქართველოს“ მობილურ სატელეფონო ქსელში დასრულებული SMS-ების რაოდენობის მოძიება, რადგან შპს „ვიონი საქართველოს“ პროგრამული უზრუნველყოფაში ინახება მხოლოდ 1 თვის ინფორმაცია. შპს „გლობალ სელსა“ და   შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელს შორის არსებული არხის გამტარუნარიანობა ორგანიზებულია SMPP პროტოკოლის გამოყენებით და შპს „ვიონი საქართველო“-ს მხრიდან არხის გამტარუნარიანობა შეზღუდულია 10 SMS/წმ-მდე. (შესაბამისი მასალა თან ახლავს). კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2432; 16/12/2019) თანახმად, შემოწმების შედეგებით  დასტურდება  რომ  შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიერ  შეზღუდულია  შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS-ების დასრულება 10 SMS/წმ-მდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2432; 16/12/2019)   შემოწმების აქტითა და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაციით გაეგზავნა (შეტყობინება Nგ-19-03/3948;17.12.2019) და ჩაჰბარდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ 2019 წლის 17 დეკემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების თაობაზე მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, თუმცა, არ მიუთითებია რა ნაწილში ითხოვდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. ამავე განცხადებით კომისიას ეცნობა, რომ მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შედეგად შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების  მომსახურება  გაუწიოს  მომხმარებლებს,  რის გამოც არაერთმა მომხმარებელმა მიიღო გადაწვეტილება შპს ,,გლობალ სელთან“ სახელშეკრულებო  ურთიერთობის  შეწყვეტის  თაობაზე,  რის  დასადასტურებლად შპს ,,გლობალ სელი“ უთითებს თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაზე მომხმარებლებთან. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019) თაობაზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გასაჯაროების გარეშე.

კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ვიონი საქართველოში“ SMS-ზე შეზღუდვა დაწესებულია 2017 წლიდან. მისი განმარტებით, შეზღუდვა არის 10 SMS-ზე წამში,  რაც  შემოწმების  ჩატარების  დროსაც  დაფიქსირდა.  მან  ასევე  აღნიშნა,  რომ  შპს „გლობალ სელს“ აქამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს. კომპანიამ მხოლოდ სამი კვირის წინ მიმართა  შპს „ვიონი საქართველოს“ SMS-ების ლიმიტის გაზრდის მოთხოვნით - 100 SMS წამზე. ი. ესართიას განცხადებით, SMPP შეერთებაში ყველა ოპერატორთან შპს „ვიონი საქართველოს“ დაწესებული აქვს ლიმიტი 10 SMS წამზე. მისი განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ SMS ცენტრი სს „სილქნეტისგან“ განსხვავებით 1500 SMS-ს ატარებს წამში. პიკის საათებში მათი SMS ქსელი სრულადაც იტვირთება. სისტემა ისე აქვთ დაყენებული, რომ პრიორიტეტულ რიგში დგება სარეკლამო SMS-ები, მაგალითად, ,,Brandname“-ები და ატარებენ A ნომრით SMS-ებს. ი. ესართიას განცხადებით, ამ დროს SS7 შეერთების შემთხვევაში შეიძლება წამში გატარდეს 50 SMS-იც ან 10 SMS-იც, თუმცა,   ეს იქნება დროებითი შეზღუდვა რამდენიმე საათის განმავლობაში (პიკის საათებში). არა პიკის საათებში დაახლოებით იგზავნება წამში 800-900SMS.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019), რომელსაც ერთვის პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;

2. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4638; 02.12.2019);

3. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4695; 06.12.2019);

4. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4659; 03.12.2019);

5. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4873; 18.12.2019);

6. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2432; 16/12/2019), რომელსაც ერთვის შემოწმების აქტი N2/2019 და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;

7. შეტყობინებები (Nგ-19-03/3909; 12.12.2019; Nგ-19-03/3948; 17.12.2019) შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შეტყობინებების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები;

8. შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს ,,გლობალ სელს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (01.07.2014);

9. მონაცემები სს ,,ვიონი საქართველოს“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

10. შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი. ესართიას მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები A.F.1    ადგილობრივი  დაშვების (სადენიანი)  ქსელითა და/ან (სადენიანი)  ქსელის  ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური     რესურსებითა    და    სიმძლავრეებით    უზრუნველყოფა,  სპილენძის    წყვილებით ადგილობრივი   (სააბონენტო)    დაშვების   ქსელის  ტერმინალური   საშუალებების   ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა,კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: GSM, LTE; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება: ტექსტური შეტყობინების მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: მოძრავი საერთაშორისო   (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით   მომსახურება; ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება,  მულტიმედიური მომსახურება,  ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა), მოძრავი ინტერნეტ მომსახურება);

2. 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და  მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, შპს ,,ვიონი საქართველოს“ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით.   აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების   საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org), მაგალითისათვის თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში.  შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ აქვს 1 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ებს რაოდენობა შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ შეადგენდა 50   SMS/წმ. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“   SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2 SMS წამში.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

3.  შპს  „ვიონი  საქართველოში“  2018  წლის  1  ივლისს  და  2018  წლის  1  ოქტომბერს  შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ  22  SMS /წმ-ში;

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

4. შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს ,,გლობალ სელს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019) და შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს ,,გლობალ სელს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (01.07.2014);

5. 2019 წლის 12 დეკემბერს, 14:00 – 15:00 საათის პერიოდში კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „ვიონი საქართველოს“ სათაო ოფისში (მის: თბილისი, წერეთლის გამზ. N118, პავილიონი N8), რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი   2/2019, რომელსაც ხელს აწერენ  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ. ქუთათელაძე და შპს ,,ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსი ი. ესართია. შპს ,,ვიონი საქართველოს“ ოფისში შემოწმდა პერსონალური კომპიუტერი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. შემოწმების ფარგლებში ასევე, შესწავლილ იქნა შპს ,,გლობალ სელის“ წერილები (Nშ-19-6/4636, 02.12.2019; Nშ-19-6/4637; 02.12.2019; Nშ-19-6/4638; 02.12.2019; Nშ-19-6/4659; 03.12.2019); შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს,  13:00-14:00 საათებში  შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“   15 წუთის განმავლობაში შემოვიდა და დასრულდა მაქსიმუმ - 61 SMS. 2019 წლის 9 დეკემბერს 16:00-17:00 საათებში 15 წუთიან მონაკვეთში დასრულებულია მაქსიმუმ   4508 SMS-მდე, ხოლო 2019 წლის 13 ნოემბერს 15:00-16:00 საათებში - 4042 SMS-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“ საშუალოდ სრულდებოდა 5 SMS წამში.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2432; 16/12/2019), აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული შემოწმების აქტი და შპს ,,ვიონი საქართველოს“ პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია.

6. შემოწმების შედეგებით დასტურდება რომ შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელს შორის არსებული არხის გამტარუნარიანობა ორგანიზებულია SMPP პროტოკოლის გამოყენებით და შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან არხის გამტარუნარიანობა შეზღუდულია 10 SMS/წმ-მდე. შპს ,,ვიონი საქართველოს“ არ მიუღია კომისიის თანხმობა შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი  (N19-10-2398; 10.12.2019),  რომელსაც  ერთვის  შპს ,,გლობალ  სელის“  პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია; კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2432; 16/12/2019), რომელსაც ერთვის შემოწმების აქტი და შპს ,,ვიონი საქართველოს“ პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია.

7. შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის  ოპერატორებს  შორის  მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

5.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,   კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს შპს ,,გლობალ სელში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს ,,გლობალ სელიდან“ შპს “ვიონი საქართველოს“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2    SMS წამში. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“   SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის, მათ შორის, შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართულებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 1 ივლისს და 2018 წლის 1 ოქტომბერს შპს ,,გლობალ სელიდან“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში სრულდებოდა მაქსიმუმ 22 SMS/წმ-ში. კომისია აღნიშნავს, რომ   შპს „გლობალ სელს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ შორის დადებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში (01.07.2014) ცალკე  SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები).

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ვიონი საქართველოში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს, 13:00-14:00 საათებში   შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“   15 წუთის განმავლობაში შემოვიდა და დასრულდა მაქსიმუმ - 61 SMS. 2019 წლის 9 დეკემბერს 16:00-17:00 საათებში 15 წუთიან მონაკვეთში დასრულებულია მაქსიმუმ  4508 SMS-მდე, ხოლო 2019 წლის 13 ნოემბერს 15:00-16:00 საათებში - 4042 SMS-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „გლობალ სელიდან“ საშუალოდ სრულდებოდა 5 SMS წამში. ამასთანავე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან არხის გამტარუნარიანობა შეზღუდულია 10 SMS/წმ-მდე. (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-5 და მე-6 პუნქტები).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ SMS-ების საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org) , მაგალითისათვის, თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში.          ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    მოკლე    ტექსტური    შეტყობინებების მიმოცვლის გამტარუნარიანობა უნდა იყოს წამში იმაზე მეტი ვიდრე შემოწმების დროს სს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დაფიქსირებული წამში დასრულებული SMS-ბი, კერძოდ, ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იმდენი მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება, რა გამტარუნარიანობაც აქვს ტექნოლოგიურად მის შეერთებას, დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, ხოლო თუ გარკვეული რაოდენობის SMS-ის დასრულების შესაძლებლობა არ აქვს ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელს, მან უნდა უზრუნველყოს ურთიერთჩართვისთვის დამატებითი მოწყობილობის შეძენა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვით შპს ,,ვიონი საქართველომ“ შპს ,,გლობალ სელს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ნაწილში კომისიის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს,   დანაშაულის  აღკვეთას   ან   გახსნას,   აგრეთვე   პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ შპს ,,გლობალ სელთან“ კომისიის თანხმობის გარეშე ურთიერთჩართვის შეჩერებით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,,გლობალ სელს“ და ასევე, მის მომხმარებლებს. კერძოდ, შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას მიაწოდოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურება თავის მომხმარებლებს, რის შედეგად მის მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა შპს ,,გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსის მეშვეობით გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელის მიმართულებით.    შპს ,,გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია (შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება Nშ-19-6/4873; 18.12.2019) რამდენიმე მომხმარებლთან გაფორმებული ხელშეკრულება და ასევე, მიმოწერა მომხმარებელთა ნაწილთან, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი უარს აცხადებენ შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთობის გაგრძელებაზე ან აცნობებენ შპს ,,გლობალ სელს“ დროებით სხვა არხის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების გადაუდებელი აუცილებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში    გასაჩივრების    შემთხვევაში,    მისი    მოქმედება    არ   შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  მიღებულია  წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და შპს ,,გლობალ სელისა“ და ასევე, მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,ვიონი საქართველოს“ უნდა დაევალოს შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების ნაწილში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,ვიონი საქართველოს“ შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების ნაწილში;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შპს ,,ვიონი საქართველოსთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტი) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ვიონი საქართველოსთვის” გაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა). 

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები