წვდომის მენიუ

შპს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 25

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2020 10:54

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2398; 10.12.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, შპს „სილქნეტს“ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით.  აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების   საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org), მაგალითისათვის თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის სს „სილქნეტთან“ აქვს 2 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ების რაოდენობა სს ,,სილქნეტთან“ შეადგენდა 20   SMS/წმ (სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია თან ერთვის მოხსენებით ბარათს). შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. სს “სილქნეტის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2  SMS წამში.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  შპს  „გლობალ სელის“ სისტემიდან ამოღებული იქნა ძველი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში დასრულებული SMS-ების შესახებ:   სს „სილქნეტში“ 2019 წლის 9 იანვარს   შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ  21  SMS /წმ-ში; 2019 წლის პირველ მაისს  - მაქსიმუმ  13  SMS /წმ- ში, 20 მაისს -მაქსიმუმ 16 SMS/წამში, ხოლო 7 ივნისს - 6   SMS/წამში. აღნიშნული ინფორმაცია დაგენერირდა ფაილის სახით, რომლის ამონაბეჭდი ერთვის მოხსენებით ბარათს.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  შემოწმების პროცესში სისტემიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შპს „გლობალ სელიდან“ გაგზავნილი SMS-ის მოპასუხე ოპერატორის მხრიდან უარყოფის შესახებ, შეცდომა დაფიქსირებულია  არასაკმარისი სიჩქარის მიზეზით.   შემოწმების პროცესში გადამოწმდა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიების, მათ შორის, სს „სილქნეტის“ SMS-ების შეზღუდვის თაობაზე. სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია დაემთხვა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ინფორმაციას. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N 19-10-2398; 10.12.2019) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ სელს“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის არსებობს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, სადაც ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური ჩანაწერები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არსებობს.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად,  ხმოვანი ურთიერთჩართვა შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილქნეტთან“ უზრუნველყოფილია SIP პროტოკოლის გამოყენებით, ხოლო შპს „ვიონი საქართველოსთან“ - SS7 სიგნალიზაციის გამოყენებით.   შპს   „გლობალ   სელის“ წარმომადგენლის განმარტებით, SMS-ების ურთიერთგაცვლისათვის ყველა ოპერატორთან გამოიყენება  SMPP პროტოკოლის 3.4 ვერსია. შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მობილურ ოპერატორებთან SMS გაცვლის ანგარიშიდან (ლოგ.ფაილები) ირკვევა, რომ სს „სილქნეტთან“ შპს „გლობალ სელის“ მიერ დამისამართებული SMS- ებიდან წამში სრულდება მაქსიმუმ 2 SMS. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N 19-10-2398; 10.12.2019) აღნიშნულია, რომ შესწავლილი   დოკუმენტაციისა   და   შემოწმების   შედეგებით   დასტურდება  რომ  სს „სილქნეტის“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS დასრულება.    შეზღუდვა ფიქსირდება 2019 წლის ივნისიდან 10 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ ირღვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბერს,   რის   თაობაზეც   შეტყობინებით   (Nგ-19-03/3911;   12.12.2019)  ეცნობა   სს ,,სილქნეტს“ (შეტყობინება სს ,,სილქნეტს“ ჩაჰბარდა ა/წ 13 დეკემბერს; შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი: AP01007052414) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4637; 02.12.2019), რომლის თანახმად, შპს ,,გლობალ სელმა“ მიმართა სს ,,სილქნეტს“ არსებული ურთიერთჩართვის ფარგლებში არასტანდარტული SMS მომსახურების ნაწილში, მათი ქსელის შესაბამის ელემენტებთან და ტექნიკურ საშუალებებთან შპს ,,გლობალ სელის“ შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების მიზნით იმავე პირობებით და მოცულობით, რაც მათი მხრიდან განსაზღვრულია სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის და რაც წამში რამდენი ასეული SMS გამტარობას უზრუნველყოფს. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს ამ უფლებით, რადგან შპს ,,გლობალ სელის“ მხრიდან სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით წამში მხოლოდ 3 SMS გაგზავნაა შესაძლებელი, რაც შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, არ პასუხობს შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების საკანონმდებლო მოთხოვნას და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა უწყვეტ, დროულ და ხარისხიან მომსახურებას. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროული და სამართლიანი ღონისძიებების გატარება.

კომისიაში ასევე შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4659; 03.12.2019), რომელშიც შპს ,,გლობალ სელის“ მიერ ასახულია ინფორმაცია სს ,,სილქნეტთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შესახებ, ა/წ 28 ნოემბრის მდგომარეობით, დროის წამობრივი აღრიცხვით და შესაბამის წამში არსებულ გამტარობაზე მითითებით, ასევე, ინფორმაცია სს ,,სილქნეტთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შეზღუდვის შესახებ, ა/წ 3 დეკემბრის მდგომარეობით, ინიცირებული SMS-ბის უმეტესობის ოპერატორის მხრიდან უარყოფის ფაქტზე მითითებით.

კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4695; 06.12.2019; Nშ-19-6/4695), რომელშიც ის უთითებს შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით შპს ,,გლობალ სელის“ ქსელიდან შემავალ SMS ტრაფიკზე დაწესებულ შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების შესაბამის ელემენტებთან გვქონდეს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება, რაც განაპირობებს შპს ,,გლობალ სელის“ შესაბამისი სატელეკომუნიკაციო მომსახურების პარალიზებას, მომხმარებელთათვის უწყვეტი, დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შეუძლებლობას და მომხმარებლის და შემოსავლების მნიშნელოვან დანაკარგს. აღნიშნულ განცხადებაში შპს ,,გლობალ სელი“ კომისიისგან ითხოვს შპს ,,გლობალ სელის“ კანონიერი უფლებების დაცვისა  და  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  ოპერატორების  მიერ  შპს ,,გლობალ სელის“ შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების დაუყოვნებლივ დავალდებულების მიზნით ზომების მიღებას, რადგან შეზღუდვის შედეგებით მომხმარებელთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, მომხმარებელთა და შემოსავლის დანაკარგით გამოწვეული ზიანი ყოველწლიურად იზრდება და იგი მნიშვნელოვნად შეაფერხებს კომპანიის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2453; 16/12/2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დავით ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება სს „სილქნეტის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს 12:10:00 საათზე შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან სს „სილქნეტის“ ქსელში შემოსული SMS -ები არ დაფიქსირდა, ხოლო 12:10:00 - 12:10:59 (ერთი წუთის განმავლობაში)   დაფიქსირდა - 66 SMS. შპს „გლობალ სელისა“ და სს „სილქნეტის“ შორის SMS მიმოცვლისთვის გამოიყენება SMPP შეერთება და სს „სილქნეტის“ მხრიდან დაყენებულია შეზღუდვა 3 SMS წამში.  გასულ პერიოდზე (2019 წლის იანვარი, მაისი) შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან  გაგზავნილი  და  სს „სილქნეტის“ მობილურ სატელეფონო ქსელში დასრულებული SMS-ების რაოდენობის შესახებ ინფორმაცის მოპოვება ვერ მოხერხდა. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიუწვდომელია და საჭიროებს არქივიდან ინფორმაციის მოპოვებას, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N19-10-2453; 16/12/2019) აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგებით დასტურდება რომ სს „სილქნეტის“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS-ების დასრულება 3 SMS/წმ- მდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2453; 16/12/2019)   შემოწმების აქტითა და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაციით გაეგზავნა და ჩაჰბარდა სს ,,სილქნეტს“ ა/წ 17 დეკემბერს (შეტყობინება Nგ-19-03/3945; 17.12.2019).

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების თაობაზე მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, თუმცა, არ მიუთითებია რა ნაწილში ითხოვდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. ამავე განცხადებით კომისიას ეცნობა, რომ მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შედეგად შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების  მომსახურება  გაუწიოს  მომხმარებლებს,  რის გამოც არაერთმა მომხმარებელმა მიიღო გადაწვეტილება შპს ,,გლობალ სელთან“ სახელშეკრულებო  ურთიერთობის  შეწყვეტის  თაობაზე,  რის  დასადასტურებლად შპს ,,გლობალ სელი“ უთითებს თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაზე მომხმარებლებთან. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019) თაობაზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გასაჯაროების გარეშე.

კომისიის    2019    წლის    19    დეკემბრის    სხდომას    ესწრებოდნენ    სს  ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და ასევე, სს ,,სილქნეტის“ პროექტების განვითარების უფროსი თ. ტყეშელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შემოწმების დროს, როცა შემოწმდა შეერთება, შპს „გლობალ სელის“ მიმართულებიდან საერთოდ არ მოდიოდა არანაირი SMS. მისი განმარტებით, თუ არცერთი SMS არ წამოვიდა მათი მიმართულებით, რიგშიც ვერ ჩადგებოდა SMS-ები. სს „სილქნეტის“ SMS ცენტრის წარმადობა ჯამში არის 500 SMS. სწორედ ამდენი SMS-ის დამუშავების შესაძლებლობა აქვს ამ ცენტრს წამში. SMPP შეერთებით სს „სილქნეტში“ შედის მხოლოდ Bulk SMS-ები, სადაც არ არის P2P ნაწილი. ყველა შემოსულ SMS-ს ემსახურება ერთი და იგივე SMS ცენტრი. ერთი SMS ცენტრი ემსახურება სს „სილქნეტის“ აბონენტებსაც, შპს „მაგთიკომისგან“ გამოგზავნილ SMS-ებს, რომელიც სრულდება სს „სილქნეტის” ქსელში, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ SMS-ებს და Bulk SMS-ებს. ყველა Bulk SMS-ების 90% შემოდის SMPP შეერთებიდან. მისი განმარტებით, არხების მიხედვით დაყენებული აქვთ შეზღუდვა, მათ შორის ავტორიზებულ პირებთანაც, რადგან სს „სილქნეტის“ ქსელში ჯერ გაიგზავნოს P2P SMS- ები. თ. ტყეშელაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ შპს „გლობალ სელმა“ შპს „მაგთიკომის“ საშუალებით რომ არ გამოაგზავნოს SMS-ები და პირდაპირ დაასრულოს სს „სილქნეტის“ ქსელში, სს „სილქნეტის“ SMS ცენტრის გამტარუნარიანობა მაინც არ შეიცვლება. მან ასევე, აღნიშნა, რომ შპს ,,გლობალ სელის“ მიერ SS7 მიერთების შემთხვევაშიც, თუ იმაზე მეტი SMS შევა SMS ცენტრში, ვიდრე მათ აქვთ შესაძლებლობა ჯამურად გაატარონ,  გარკვეული ტიპის SMS-ები რიგში ჩადგება. მან დაადასტურა, რომ სს „სილქნეტის“ SMS ცენტრის გამტარუნარიანობა არის გასაზრდელი და ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი SMS ცენტრის შეძენის მიზნით. მან ასევე დაადასტურა, რომ სს ,,სილქნეტში“ P2P SMS-ბი სრულდება. თ. ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტთან“ შპს „გლობალ სელს“ არ აქვს გაფორმებული SMS ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დ. ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ შემოწმების დროს მათ ამოიღეს ინფორმაცია სს „სილქნეტში“ შემომავალ არხებზე. მისი განმარტებით, სს „სილქნეტის“ სისტემა არ იძლეოდა საშუალებას წამობრივი სიზუსტით მოეცა  ინფორმაცია,  მაგრამ,  1  წუთის  განმავლობაში  მოწოდებული  ინფორმაციით  სს „სილქნეტის“ არხზე შემოვიდა მხოლოდ 66 SMS, რაც რეალურად გამოდის 1 SMS წამში. შემდეგ შემოწმდა ეს არხები პროგრამულად რამდენ SMS წამზე იყო შეზღუდული. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პირველი არხი შეზღუდული იყო 2 SMS წამზე, ხოლო მეორე - 1  SMS წამზე. პროგრამაში იწერება რამდენია  ამ არხის დასრულების სიჩქარე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019), რომელსაც ერთვის პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;

2. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4637; 02.12.2019);

3. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4695; 06.12.2019);

4. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4659; 03.12.2019);

5. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019);

6. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2453; 16/12/2019), რომელსაც ერთვის შემოწმების აქტი N3/2019 და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;

7. სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,გლობალ სელს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (01.08.2014) და სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების)  მომსახურების შეთავაზების წინადადება  (2018  და  2012  წლის მოწვევის ოფერტები);

8. მონაცემები სს ,,სილქნეტის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

9.  კომისიის  შეტყობინებები  სს  ,,სილქნეტს“  (Nგ-19-03/3911;  12.12.2019;  N19-10-2453;16/12/2019);

10. სს ,,სილქნეტის“ პროექტების განვითარების უფროსის თ. ტყეშელაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa;  A.F.2  ადგილობრივი  დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის  სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური     სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa; A.F.5 მაგისტრალური  საკომუნიკაციო ციფრული სისტემის  (უსადენო)  გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური   არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფa; CDMA; LTE; WIMAX; GSM; WCDMA; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:  სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)CDMA,  ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება, კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up), WiMax, WiFi, ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება, 3G, სხვა. B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება: B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული    მომსახურებით უზრუნველყოფა:     ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით: ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული  ინტერნეტ მომსახურება: თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება);

2. 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, სს „სილქნეტს“ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით.   აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების   საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org), მაგალითისათვის თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის სს „სილქნეტთან“ აქვს 2 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ებს რაოდენობა სს ,,სილქნეტთან“ შეადგენდა 20  SMS/წმ. შემოწმების პროცესში სისტემიდან ამოღებული  იქნა ინფორმაცია  შპს  „გლობალ  სელიდან“  გაგზავნილი  SMS-ის  მოპასუხე ოპერატორის მხრიდან უარყოფის შესახებ, შეცდომა დაფიქსირებულია   არასაკმარისი სიჩქარის მიზეზით.     შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“   SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. სს “სილქნეტის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2 SMS წამში.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

3. სს „სილქნეტში“ 2019 წლის 9 იანვარს  შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ 21  SMS /წმ-ში; 2019 წლის პირველ მაისს  - მაქსიმუმ  13  SMS /წმ-ში, 20 მაისს -მაქსიმუმ 16 SMS/წამში, ხოლო 7 ივნისს - 6  SMS/წამში.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

4. 2019 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება სს „სილქნეტის“ სათაო ოფისში (მის. გოთუას ქ. 3), რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი 3/2019, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტი    დ.  ქუთათელაძე და  სს ,,სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კ. ყურაშვილი. სს ,,სილქნეტის“ ოფისში შემოწმდა პერსონალური კომპიუტერი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. შემოწმების ფარგლებში ასევე, შესწავლილ იქნა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებები (Nშ-19-4636, 02.12.2019; Nშ-19-4638, 02.12.2019; Nშ-19-4637, 02.12.2019; Nშ-19-4659; 03.12.2019). შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს 12:10:00 საათზე შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან სს „სილქნეტის“ ქსელში შემოსული SMS -ები არ დაფიქსირდა, ხოლო 12:10:00 - 12:10:59 (ერთი წუთის განმავლობაში)   დაფიქსირდა - 66 SMS. შპს „გლობალ სელისა“ და  სს „სილქნეტს“ შორის SMS მიმოცვლისთვის გამოიყენება SMPP შეერთება და სს „სილქნეტის“ მხრიდან დაყენებულია შეზღუდვა 3 SMS წამში.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2453; 16/12/2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული შემოწმების აქტი  N3/2019 და  ასევე, ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია სს  ,,სილქნეტის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

5. შპს „გლობალ სელს“ და სს ,,სილქნეტს“ შორის მოქმედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში, ასევე, სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების)  მომსახურების შეთავაზების წინადადებაში  (მოწვევის ოფერტაში)   ცალკე   SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS- რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული.

მტკიცებულება: სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,გლობალ სელს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (01.08.2014) და სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2018 და 2012 წლის მოწვევის ოფერტები).

6. შემოწმების შედეგებით დასტურდება, რომ სს „სილქნეტის“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ   სელის“   მიერ   აგრეგირებული   SMS-ების   დასრულება   3   SMS/წმ-მდე. სს ,,სილქნეტს“ არ მიუღია კომისიის თანხმობა შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019) და მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს  ,,გლობალ სელის“  პროგრამული უზრუნველყოფიდან; კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2453; 16/12/2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული შემოწმების აქტი N3/2019 და ასევე, ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია სს ,,სილქნეტის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.

7. სს ,,სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“    საქართველოს     კანონით   გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის  ოპერატორებს  შორის  მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

5.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,   კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”   მე-4   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის  შესაბამისად,   კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების საფუძველია        კომისიისათვის კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს შპს ,,გლობალ სელში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს ,,გლობალ სელიდან“ სს “სილქნეტის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 2   SMS წამში. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის, მათ შორის, სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით.  შემოწმების  შედეგად  დადგინდა,  რომ  შპს ,,გლობალ  სელიდან“  სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით 2019 წლის 9 იანვარს   შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ  21  SMS /წმ-ში; 2019 წლის პირველ მაისს  - მაქსიმუმ  13  SMS /წმ- ში, 20 მაისს -მაქსიმუმ 16 SMS/წამში, ხოლო 7 ივნისს - 6   SMS/წამში (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-2 და მე-3 პუნქტები).

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს,   12:10:00 - 12:10:59 სთ-ზე (ერთი წუთის განმავლობაში) შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან სს „სილქნეტის“ ქსელში   დაფიქსირდა შემოსული 66 SMS. შპს „გლობალ სელისა“ და  სს „სილქნეტს“ შორის SMS მიმოცვლისთვის გამოიყენება SMPP შეერთება და სს „სილქნეტის“ მხრიდან დაყენებულია შეზღუდვა 3 SMS წამში (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-4 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ ოფისში განხორციელებული შემოწმების დროს დადგინდა, რომ შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი     ოპერატორის     მიმართულებით     გასაგზავნი     SMS-ებს     რაოდენობა     სს ,,სილქნეტთან“ შეადგენდა 20   SMS/წმ. შპს „გლობალ სელს“ და სს ,,სილქნეტს“ შორის დადებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში, ასევე, სს ,,სილქნეტის“ მოწვევის ოფერტაში ცალკე    SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS- რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-5 პუნქტი).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ SMS-ების საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org) , მაგალითისათვის, თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში.          ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    მოკლე    ტექსტური    შეტყობინებების მიმოცვლის გამტარუნარიანობა უნდა იყოს წამში იმაზე მეტი ვიდრე შემოწმების დროს სს

,,სილქნეტის“ ქსელში დაფიქსირებული წამში დასრულებული SMS-ბი,    კერძოდ, ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იმდენი მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება, რა გამტარუნარიანობაც აქვს ტექნოლოგიურად მის შეერთებას, დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, ხოლო თუ გარკვეული რაოდენობის SMS-ის დასრულების შესაძლებლობა არ აქვს ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელს, მან უნდა უზრუნველყოს ურთიერთჩართვისთვის დამატებითი მოწყობილობის შეძენა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვით სს ,,სილქნეტმა“ შპს ,,გლობალ სელს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ნაწილში კომისიის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი. იმ გარემოების გათვალისწინებით,  რომ  სს  ,,სილქნეტის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს,   დანაშაულის  აღკვეთას   ან   გახსნას,   აგრეთვე   პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,გლობალ სელთან“ კომისიის თანხმობის გარეშე ურთიერთჩართვის შეჩერებით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,,გლობალ სელს“ და ასევე, მის მომხმარებლებს. კერძოდ, შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას მიაწოდოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურება თავის მომხმარებლებს, რის შედეგად მის მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა შპს ,,გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსის მეშვეობით გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით.   შპს ,,გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია (შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება Nშ-19-6/4873; 18.12.2019) რამდენიმე მომხმარებლთან გაფორმებული ხელშეკრულება და ასევე, მიმოწერა მომხმარებელთა ნაწილთან, საიდანაც ირკვევა,    რომ    ისინი    უარს  აცხადებენ    შპს    ,,გლობალ    სელთან“    ურთიერთობის

გაგრძელებაზე ან აცნობებენ შპს ,,გლობალ სელს“ დროებით სხვა არხის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების გადაუდებელი აუცილებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მისი მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და შპს ,,გლობალ სელისა“ და ასევე, მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სს ,,სილქნეტს“ უნდა დაევალოს შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულების ნაწილში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,სილქნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს სს ,,სილქნეტს“ შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულების ნაწილში;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სს ,,სილქნეტისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6;

5.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტი)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს ,,სილქნეტისთვის” გაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები