”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2020 18:02
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის Nგ-19-23/660 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა 2019 წლის 26 დეკემბერს.
„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №გ-19-23/660 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 25 დეკემბრის №გ-19-19/725 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2019 წლის 30 დეკემბერს კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ, ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას წარმოშობილი დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. არსებული მონაცემებით, რუსეთის მობილურ ქსელებში ზარების ტერმინაციის ფასია 19 აშშ ცენტი, აზერბაიჯანში - 24 აშშ ცენტი, სომხეთში - 18,5 აშშ ცენტი, უკრაინაში - 18 აშშ ცენტი, თურქეთში 16 აშშ ცენტი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ფასი ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, კერძოდ იტალიის მობილურ ქსელებში ზარის ტერმინაციის ღირებულებაა 25 ცენტი, საფრანგეთის მობილურ ქსელებში - 16 ცენტი.
ამავე დროს, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას. ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაინერგა საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და ტესტირების სისტემა. ამავე გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, ავტორიზებულ პირებს (შპს
„მაგთიკომი“, შპს „ვიონი საქართველო“, სს „სილქნეტი“), პირდაპირი ურთიერთჩართვები აქვთ ორგანიზებული ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: „Tata Communications Deutschland GmbH“, „Telia Sonera Interrnational Carier Germany GmbH“, PJSC „VimpelCom“, „Armentel“, „Azintelecom“, „Beltelecom“, „Ukrtelecom“, „Deutsche telecom“, „Verizon“, „Turk telecom“, „Rostelecom“, „iBasis“, „MTT“, „Orange“ (France), „OTEGLOBE“ (Greece).
კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა უნდა გააგრძელონ საერთაშორისო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა („CDR“), რომელიც მოიცავს ყველა იმ მონაცემებს, რაც კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით აქვთ კომპანიებს დაკისრებული.
ამასთან ერთად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა, ასევე უნდა გააგრძელონ დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის შეტყობინება, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის ოდენობა სტაბილურია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი რეგულაცია უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის თანაბარ კონკურენტულ პირობებში ყოფნას, რაც განსაზღვრავს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.
ამასთან ერთად, კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე აქციზის გადასახადის გადამხდელია ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას. შესაბამისად, აქციზის გადასახადის ბიუჯეტში შეტანაზე პასუხისმგებელია ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის პირობების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და გადაწყვეტილების მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს
„ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:
ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;
ბ) ანგარიშსწორების პირობები“.
„8. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი. უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის ყოველდღიურად შეტყობინება, მათ შორის, განხორციელებული სატესტო ზარების რაოდენობის შესახებ, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი