წვდომის მენიუ

შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 733

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2020 23:38

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019

შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2211, 15.11.2019) ირკვევა, რომ „შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“    კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-18/342 გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებით   დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ,   შპს „პოვერნეტს“ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) და მათ შესაბამისად უნდა გადაეხადა რეგულირების საფასური; ასევე,    შპს „პოვერნეტს“ 10 სამაუშაო დღის ვადაში   უნდა გადაეხადა რეგულირების საფასურის დავალიანება -19.80 ლარი. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ

„შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“  კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-18/342 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიზნით, 2019 წლის 29 ოქტომბერს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-2325, 02.12.2019) დამატებით ირკვევა, რომ შპს „პოვერნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა   2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 104.87 ლარი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2211, 15.11.2019) და   სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2325, 02.12.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 26 დეკემბერი. აღნიშნულის თაობაზე შპს „პოვერნეტს“  გაეგზავნა შეტყობინება (N გ-19-03/3951, 17/12/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია   ასევე   აღნიშნავს,   რომ   კომისიის   შეტყობინებით (N   გ-19-03/4015,   23/12/2019)   შპს „პოვერნეტს“ ეცნობა, რომ 2019 წლის 26 დეკემბრის ნაცვლად საკითხის განხილვა გაიმართება 2019 წლის 30 დეკემბერს, 12 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „პოვერნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/4015, 23/12/2019), რომელიც კომპანიას არ ჩაბარდა. კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/4015, 23/12/2019) შპს „პოვერნეტის“ კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-povernets5.page ).

კომისია   აღნიშნავს,   რომ   საკითხის   განხილვა   კომისიაში   გაიმართა   კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „პოვერნეტი“. ვინაიდან, შპს „პოვერნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული    იქნა    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  95-ე  მუხლის  მოთხოვნა  დაინტერესებული  მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „პოვერნეტის“ დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანმა ბუღალტერმა ნატალია ჯანელიძემ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ  2019 წლის 24 დეკემბრის  მდგომარეობით შპს „პოვერნეტის“ მიერ 2019 წლის ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენის შემდგომ, რეგულირების საფასურის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 110.80 ლარი, რომელიც დღეის მდგომარეობით შპს „პოვერნეტმა“ სრულად გადაიხადა.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  მოხსენებითი ბარათი (N19-10-2211, 15.11.2019) და სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2325, 02.12.2019);

2.     კომისიის  შეტყობინება  (N  გ-19-03/3951,  17/12/2019)  გაგზავნილი  შპს  „პოვერნეტისთვის“ (AP01007052500), რომელიც კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-povernets4.page );

3. კომისიის  შეტყობინება  (N  გ-19-03/4015,  23/12/2019)  გაგზავნილი  შპს „პოვერნეტისთვის“ (AP01007052773), რომელიც კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-povernets5.page );

4.     „შპს  „პოვერნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N165/18 გადაწყვეტილება;

5.     „შპს  „პოვერნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-18/342 გადაწყვეტილება;

6.     ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პოვერნეტის“ შესახებ;

7.  კომისიის    აპარატის   ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის წამყვანი ბუღალტრის ნატალია ჯანელიძის მიერ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „პოვერნეტ“ 2015 წლის 30 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:   რადიოსიხშირული, ადგილობრივი   (სააბონენტო)  დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება : WiFi );

2.     შპს     „პოვერნეტი“,     როგორც     ავტორიზებული     პირი,     ვალდებულია    შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   „შპს  „პოვერნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N 165/18 გადაწყვეტილებით შპს „პოვერნეტს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუქნტის თანახმად, შპს „პოვერნეტს“ დაევალა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში; ხოლო, მე-3 პუქნტის თანახმად, შპს „პოვერნეტს“ დაევალა რეგულირების საფასურის დავალიანების - 19.80 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში; ასევე, მე-4 პუქნტის თანახმად, შპს „პოვერნეტს“ დაევალა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მხარისათვის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით „შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N 165/18 გადაწყვეტილება 2019 წლის 16 აპრილს საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-povernets1.page).

5.     შპს  „პოვერნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე კომისიის 2019 წლის 6 ივნისის N გ-19-18/342 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „პოვერნეტს“ დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „შპს „პოვერნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N165/18 გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბაისად, შპს „პოვერნეტს“ დაევალა უზრუნველეყო 10 სამუშაო დღის ვადაში 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა; ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის სესაბამისად,  შპს „პოვერნეტს“ დაევალა უზრუნველეყო 10 სამუშაო დღის ვადაში 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა; ხოლო, ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „პოვერნეტს“ დაევალა10 სამაუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების -19.80 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მხარისათვის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2019 წლის 6 ივნისის N გ-19-18/342 გადაწყვეტილება 2019 წლის 29 ოქტომბერს საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/gadawyvetileba-shps-povernets.page);

7.     2019  წლის  2  დეკემბრის  მდგომარეობით  შპს  „პოვერნეტის“  რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანება, წარმოდგენილი გაანგარიშებების ფორმების შესაბამისად, შეადგენდა 104.87 ლარს, ხოლო 2019 წლის 24 დეკემბრის  მდგომარეობით შპს „პოვერნეტის“ მიერ 2019 წლის ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენის შემდგომ, რეგულირების       საფასურის    ჯამურმა    დავალიანებამ    შეადგინა    110.80    ლარი;    ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „პოვერნეტმა“ რეგულირების საფასურის დავალიანება - 110.80 ლარი სრულად გადაიხადა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები,  ხოლო  ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული      ფორმით     წარუდგინონ     კომისიას     ინფორმაცია    გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის       კომისიის       გადაწყვეტილებით       განსაზღვრულ       ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს  დააკისროს  ჯარიმა  ავტორიზებული  პირის ან/და  ლიცენზიის  მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 110.80 ლარის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით შპს „პოვერნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების, „შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N165/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2019 წლის 6 ივნისის N გ-19-18/342 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის   დარღვევას, რაც   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)    ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „პოვერნეტის“       მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანება 110.80 ლარი გადახდილ იქნა სრულად,  კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „პოვერნეტ“  ცნობილ  იქნეს  სამართალდამრღვევად   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „შპს „პოვერნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 28 მარტის N165/18 გადაწყვეტილების   მე-3 პუნქტის და   შპს „პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2019 წლის 6 ივნისის N გ-19-18/342 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის   დარღვევის გამო;

2.    შპს „პოვერნეტ“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) გადაწყვეტილების შპს „პოვერნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „პოვერნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  და  მე-4 პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურს (ნ. დევდარიანი);

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები