შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2020 0:42
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019
შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
2019 წლის 25 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია; CD) ერთად. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები, რომლებითაც ხდება უარყოფითი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების შესახებ და მიმართულია ერთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. აღნიშნულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით კომისიამ მიმართა შპს „მთავარ არხს“ და სთხოვა განემარტა თუ რა სტატუსით იყო ვიდეორგოლები ეთერში განთავსებული. 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4962) კომისიას ეცნობა, რომ ვიდეორგოლები დამზადებულია და განთავსებულია შპს „მთავარი არხის“ მიერ. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 და 20 დეკემბერს განთავსებული იყო პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები, რომლებიც ცალსახად მიმართულია ერთი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეშლას. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები წარმოადგენენ პოლიტიკურ რეკლამას, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. შპს ,,მთავარი არხი“, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
2019 წლის 27 დეკემბერს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა სამსახურებრივი ბარათით (№19-10-2578) მიმართა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს №19-10-2578, სადაც მითითებულია 2019 წლის 19 და 20 დეკემბერს შპს „მთავარი არხის“ ეთერში გასული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების აღწერილობა, კერძოდ: 1. კლიპი მოიცავს ქუჩის მოკლე (ბლიც) გამოკითხვას, რომლის დროსაც მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ. კლიპში გამოყენებულია სიუჟეტები, რომელშიც ჩანს პარტიის სიმბოლიკა: დროშა, წინასაარჩევნო ნომერი. კლიპი მთავრდება სლოგანით - „ის ძულს საქართველოს“. 2. კლიპი აგებულია ორ ეპიზოდად. პირველ ეპიზოდში გამოყენებულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ჩინოვნიკების შესახებ. პარტიის ლიდერის მიერ ხაზგასმულია, რომ (მათი არჩევის შემთხვევაში) ვერცერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი ვერ იქნება განცხრომაში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მეორე ეპიზოდში პარტიის ლიდერის ამ გამონათქვამს დაპირისპირებული აქვს ქუჩის ინტერვიუები მოქალაქეებთან განსხვავებული მოსაზრებებით. პირველი ეპიზოდის განმავლობაში (პარტიის ლიდერის გამოსვლა) რამდენჯერმე მკაფიოდ ჩნდება პარტიული სიმბოლიკა: პარტიის დროშა, ასევე წინასაარჩევნო რიგითი ნომერი. კლიპი მთავრდება სლოგანით - „მან გაძარცვა საქართველო“.3. კლიპი ეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას, რომლის კურსის შეფასებასაც ახდენენ ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეები. ვალუტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ისინი აკისრებენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. კლიპი დასრულებულია სლოგანით: „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა.“ 4. კლიპში გამოყენებულია ფრაგმენტი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის სატელევიზიო ინტერვიუდან, სადაც ის მოსახლეობის უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობაზე საუბრობს. კლიპი სრულდება სლოგანით: „მას სურს საქართველო ქართველების გარეშე.“ 5. კლიპი აგებულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სხვადასხვა წინასაარჩევნო გამოსვლებისგან, რომელშიც გადმოცემულია პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ცალკეული მიმართულებები სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით. კლიპი შედგება 15 მოკლე ეპიზოდისგან, საიდანაც 14 ეპიზოდში ჩანს პარტიული სიმბოლიკები: დროშა, წინასაარჩევნო რიგითი ნომერი, პარტიული სლოგანები. კლიპი მთავრდება სლოგანით - „ის სულ იტყუება“. 6. კლიპი აგებულია 20 ივნისის მოვლენებზე. ნაჩვენებია კადრები უკომენტაროდ, რომელიც მთავრდება სლოგანით: „მან დათხრა ჩვენს შვილებს თვალები“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივი ბარათისა და მასზე დართული მასალების საფუძველზე (წერილობითი დოკუმენტაცია; CD), კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 30 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,მთავარ არხს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№გ-19-03/4059; 25.12.2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2019 წლის 30 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორი თ. მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეორგოლები დამზადებული და განთავსებულია მაუწყებლის მიერ და ვიდეორგოლებით რეალიზებულია აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება. ვიდეორგოლები არის ქვეყანაში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე და ამ პრობლემების უკან მდგომი პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მან აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვა ფორმებში არ არის შეზღუდული, ასევე, ვიდეორგოლები არ წარმოადგენენ პოლიტიკურ რეკლამებს და არც კანონი კრძალავს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (შპს ,,მთავარი არხის“ 2019 წლის 25 დეკემბრის №შ-19-6/4962 წერილი; ვიდეორგოლების ამსახველი - CD) ერთად; კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №19-10-2578 სამსახურებრივი ბარათი.
2. შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორის თ.მურადაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,მთავარ არხთან“ დაკავშირებით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მთავარი არხი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. თარიღი: 5.09.2019). შესაბამისად, შპს ,,მთავარი არხი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 19 და 20 დეკემბერს განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლების მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსდა შემდეგი შინაარსის ვიდეორგოლები: ა) კლიპი მოიცავს ქუჩის მოკლე (ბლიც) გამოკითხვას, რომლის დროსაც მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ. კლიპში გამოყენებულია სიუჟეტები, რომელშიც ჩანს პარტიის სიმბოლიკა: დროშა, წინასაარჩევნო ნომერი. კლიპი მთავრდება სლოგანით - „ის ძულს საქართველოს“.; ბ) კლიპი აგებულია ორ ეპიზოდად. პირველ ეპიზოდში გამოყენებულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ჩინოვნიკების შესახებ. პარტიის ლიდერის მიერ ხაზგასმულია, რომ (მათი არჩევის შემთხვევაში) ვერცერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი ვერ იქნება განცხრომაში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მეორე ეპიზოდში პარტიის ლიდერის ამ გამონათქვამს დაპირისპირებული აქვს ქუჩის ინტერვიუები მოქალაქეებთან განსხვავებული მოსაზრებებით. პირველი ეპიზოდის განმავლობაში (პარტიის ლიდერის გამოსვლა) რამდენჯერმე მკაფიოდ ჩნდება პარტიული სიმბოლიკა: პარტიის დროშა, ასევე წინასაარჩევნო რიგითი ნომერი. კლიპი მთავრდება სლოგანით - „მან გაძარცვა საქართველო“.; გ) კლიპი ეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას, რომლის კურსის შეფასებასაც ახდენენ ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეები. ვალუტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ისინი აკისრებენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. კლიპი დასრულებულია სლოგანით: „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა“.; დ) კლიპში გამოყენებულია ფრაგმენტი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის სატელევიზიო ინტერვიუდან, სადაც ის მოსახლეობის უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობაზე საუბრობს. კლიპი სრულდება სლოგანით: „მას სურს საქართველო ქართველების გარეშე“; ე) კლიპი აგებულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სხვადასხვა წინასაარჩევნო გამოსვლებისგან, რომელშიც გადმოცემულია პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ცალკეული მიმართულებები სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით. კლიპი შედგება 15 მოკლე ეპიზოდისგან, საიდანაც 14 ეპიზოდში ჩანს პარტიული სიმბოლიკები: დროშა, წინასაარჩევნო რიგითი ნომერი, პარტიული სლოგანები. კლიპი მთავრდება სლოგანით - „ის სულ იტყუება“.; ვ) კლიპი აგებულია 20 ივნისის მოვლენებზე. ნაჩვენებია კადრები უკომენტაროდ, რომელიც მთავრდება სლოგანით: „მან დასთხრა ჩვენს შვილებს თვალები“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად (CD); კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №19-10-2578 სამსახურებრივი ბარათი.
3. შპს ,,მთავარი არხის“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: შპს ,,მთავარი არხის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირება განეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს კანონით ზუსტად დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვით. მაუწყებელი მაუწყებლობას ვერ განახორციელებს იმ სახით, რაც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კანონის მიზანსა და რეგულირების სფეროს, ცალსახად და მკაფიოდ ადგენს, რომ ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს, ხოლო კანონის ერთ-ერთ მიზანს კი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კანონი ადგენს მაუწყებლობის განხორციელების წესს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა ამ კანონის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და იგი, როგორც რეგულირებადი საქმიანობა, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესს.
მაუწყებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური და კანონმდებლობით გარანტირებული პრინციპია გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც მაუწყებელი ახორციელებს სამაუწყებლო პროგრამების მეშვეობით. კონკრეტული ვიდეორგოლი უდავოა, რომ არ წარმოადგენს არც კონკრეტულ სამაუწყებლო პროგრამას და არც პროგრამის ანონსს, იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს რეკლამას, კერძოდ კი რეკლამის ერთ-ერთ სახეს - პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.
კონკრეტული ვიდეორგოლები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და იდეისადმი ინტერესის ფორმირებას და მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის არჩევისთვის ხელის შეშლას. კონკრეტული ვიდეორგოლები თავისი შინაარსით აშკარად და ცხადად ახდენს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდენტიფიცირებას ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვისაც კი. უფრო მეტიც, ქართული რეალობიდან გამომდინარე, სადაც პოლიტიკური პარტიები ძირითადად ასოცირდებიან კონკრეტულ პირებთან და არა პროგრამებთან ან თუნდაც სიმბოლიკასთან, აღნიშნული ვიდეორგოლები კონკრეტული პარტიის თავმჯდომარეზე მითითებით, ყველაზე მკაფიო ფორმით (რაც კი თეორიულად შეიძლება არსებობდეს) ახდენს აღნიშნულ პარტიაზე მითითებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში აღნიშნული პარტიის არჩევისთვის ხელის შეშლას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში განმარტა „კანონის განმარტების პროცესში არსებითია გაირკვეს არა კანონმდებლის ნება, არამედ კანონის ობიექტური მიზნები (კანონის ნება)“. ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მივიღებთ ვითარებას, როდესაც ნებისმიერ პირს საშუალება ექნება გვერდი აუაროს კანონისმიერ რეგულაციას და ნებისმიერ დროს განათავსოს პოლიტიკური რეკლამა და პერმანენტულად მოახდინოს გავლენა ამომრჩევლის ნებაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის მიზნებთან, ვინაიდან როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი და საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთავარი არხის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კანონი არ შეიცავს პირდაპირ აკრძალვას არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, ეს უფლებას აძლევს მაუწყებელს განახორციელოს მსგავსი ქმედება. საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტებში კონკრეტული ქმედების აკრძალვა უმეტეს შემთხვევაში არ არის გამოხატული პირდაპირი აკრძალვით (სიტყვებით „აკრძალულია“, „დაუშვებელია“ და ა.შ.), არამედ ხშირ შემთხვევაში, მისი შინაარსი და მიზანი განაპირობებს ცალკეული ქმედების დასაშვებობა/დაუშვებლობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისიც საკითხი განეკუთვნება კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის რეგულირების სფეროს. იურიდიულ მეცნიერებაში საყოველთაოდ ცნობილია, კერძო სამართლებრივი ურთიერთობების თავისუფლების პრინციპი, განსხვავებით საჯარო სამართლისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. სპეციალური უფლებაუნარიანობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, არამედ კონკრეტული საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ სუბიექტზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები ამომწურავად არის კანონმდებლობით მოწესრიგებული, მიუხედავად სიტყვა- სიტყვითი და პირდაპირი აკრძალვის არარსებობისა, დაუშვებელია მაუწყებელმა რეკლამა, მათ შორის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განათავსოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესით.
იმას, რომ მაუწყებელს შეზღუდული აქვს პოლიტიკური რეკლამის განთავსება თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის წევრის/კანონმდელის მიერ ინიცირებული იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ცნებას (არაწინასაარჩევნო პერიოდში იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას), ამასთან, მაუწყებელს უფლება ეძლეოდა არაწინასაარჩევნო პერიოდში თავის ეთერში ყოველ 6 საათში განეთავსებინა ფასიანი არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/203731, რომელიც, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის #4306 II ს დადგენილებით უარყოფილ იქნა პირველი მოსმენით https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/215773. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, მომხსენებელი კანონმდებელი აღნიშნავს: ,,მოგეხსენებათ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება არსებული კანონმდებლობით აქვთ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებას, რომ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მიეცეთ არაწინასაარჩევნო პერიოდშიც“. https://info.parliament.ge/#law-drafting/16278
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 და 20 დეკემბერს განთავსებული ვიდეორგოლები, სადაც ნაჩვენებია პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ დროშა, წინასაარჩევნო რიგითი ნომერი, პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და წევრები, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წინასაარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით გამოსვლების ფრაგმენტები, რესპოდენტების კომენტარები პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ და ვიდეორგოლების დასასრულში გამოყენებული სლოგანები, გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება მომავალ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ და მისი წევრების არჩევის ხელშეშლას. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები წარმოადგენენ პოლიტიკურ რეკლამებს, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. შესაბამისად, შპს ,,მთავარი არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, შპს ,,მთავარმა არხმა“ განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) და ჰ14) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მთავარ არხს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,მთავარ არხს“ დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №19-10-2541 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაუყოვნებლივ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მთავარი არხისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., № 6) შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი