შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 709

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2020 0:26

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 30 ოქტომბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (N16/116934) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენიათ 2018 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

კომისიამ  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს   წერილობით (Nგ-19-01/3378 14.11.2019) აცნობა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრამდე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე. შპს „ჯი-დი- ეს-თი-ვი“-ს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიისთვის არსებობს ვალდებულების შეუსრულებლობის ორი გარემოება: 1. არ არის დასრულებული ფინანსური და მმართველობის დოკუმენტზე მუშაობა და სავარაუდოდ 2020 წლის იანვრის თვის ბოლოსთვის იქნება დასრულებული; 2. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს კონკურენტი მაუწყებელი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ კონკურენციის თვალსაზრისით არ მიჩნევს მიზანშეწონილად      საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გასაჯაროვებას. ამასთან, მაუწყებლის წარმომადგენელმა გამოთქვა მზაობა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში,      შპს    „ჯი-დი-ეს    თი-ვი“-ს    მიერ    იანვრის    თვის    ბოლოს    შესაბამისი ანგარიშგებების წარდგენასთან დაკავშირებით.

II.  კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი კომისიას (Nგ-19-01/3376  14.11.2019);

2.   კომისიის წერილი (Nგ-19-01/3378 14.11.2019) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს;

3.   შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს;

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს “ჯი-დი-ეს თი-ვი “  წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9    მუხლის    მე-2    პუნქტის    თანახმად,    შპს    „ჯი-დი-ეს    თი-ვი“ ვალდებულია  ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული  დასკვნა  ერთად,  დაუყოვნებლივ,     მაგრამ     არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის    მომდევნო    წლის    1    ოქტომბრისა,     წარუდგინონ ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის სამსახურს   მის   მიერ დადგენილი წესით;

4. ბუღალტრული  აღრიცხვის,   ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  ინფორმაციით,   შპს  „ჯი-დი-ეს  თი-ვი“-ს  2019    გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ აქვს წარდგენილი 2018 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირისა)  ვალდებულია   მისთვის   ამ  კანონით დადგენილი   ფინანსური    ანგარიშგება    (მათ    შორის,     კონსოლიდირებული ანგარიშგება),   მმართველობის   ანგარიშგება   (მათ   შორის,   კონსოლიდირებული ანგარიშგება),  სახელმწიფოს  მიმართ  განხორციელებული   გადახდების  შესახებ ანგარიშგება  და  ამ  კანონით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში  აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ  არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,   წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

2.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის  ანგარიშგება     მოიცავს:     ა)     საქმიანობის     მიმოხილვას;     ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო  ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული  სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;

4.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით  გათვალისწინებული   ბუღალტრული   აღრიცხვისა   და   ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9   მუხლის   მე-2   და   მე-4   პუნქტებისა   და   მე-16   მუხლის   მე-11  პუნქტის მოთხოვნების  შეუსრულებლობა  ან/და  აუდიტორული  შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

5.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ    შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას     ინდივიდუალურ     ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან     გამომდინარე,  შპს   „ჯი-დი-ეს   თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2018 წლის ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია  „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  26-ე მუხლის შესაბამისად  სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ 2018 წლის ანგარიშგებების დოკუმენტების წარუდგენლობისთვის,  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომისიას მიაჩნია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთ თვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2018 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის   გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

4.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4  პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები