წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 708

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 11:20

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N19-10-2425   12.12.2019 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2019 წლის 30 ოქტომბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/116934) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული   სუბიექტების   გარკვეულ   ნაწილს,   მათ   შორის „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  ზედამხედველობის    სამსახურისათვის    არ    წარუდგენიათ    2018  წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

კომისიამ    შპს   „სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2“-ს   წერილობით   (Nგ-19-01/3376 14.11.2019) აცნობა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრამდე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონმდებლობით განსაზღვრულ  ზომებს.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა 2019 წლის 19 ნოემბერს წერილობით მომართა კომისიას და მოითხოვა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ვადის გადაწევა 2020 წლის 31 იანვრამდე. კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წერილობით (Nგ-19-01/3867 09.12.2019) განუმარტა, რომ კომისიას არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში წარსადგენი ანგარიშგების წარდგენის ვადის გადაწევის უფლებამოსილება.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები ა. ბურდილაძე და ს. ჭელიძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს მიმართეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს ანგარიშგებების წარდგენის ვადის 2020 წლის 28 თებერვლამდე გადაწევის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული სამსახურისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია კომპანიას და მოითხოვეს კომისიამ მისცეს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის დამატებითი ვადა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 2020 წლის 28 თებერვლამდე.

II.  კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (Nგ-19-01/3376  14.11.2019);

2.   კომისიის წერილი (Nგ-19-01/3376 14.11.2019) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს;

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2019 წლის 19 ნოემბრის წერილი კომისიას;

4.   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2019 წლის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის   მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შემოსავლების  სამსახურის   ბაზის   მიხედვით,    შპს   „სამაუწყებლო   კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“  ვალდებულია  ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,   წარუდგინონ  ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

4.   ბუღალტრული  აღრიცხვის,    ანგარიშგების    და    აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს არც 2019 გადაწყვეტილების  მიღების  მომენტისათვის  არ  აქვს  წარდგენილი  2018  წლის„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური    ანგარიშგება    (მათ    შორის,    კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

2.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფები ვალდებული      არიან,        უზრუნველყონ        საკუთარი        ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს  შესაბამისი    ევროკავშირის    დირექტივების    მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის  ანგარიშგება     მოიცავს:     ა)     საქმიანობის     მიმოხილვას;     ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას   სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;

4.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო   ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის  მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი  დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს  შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;

5.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული   ბუღალტრული   აღრიცხვისა   და   ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების       შეუსრულებლობა        ან/და        აუდიტორული        შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

6.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების       დაწყების      საფუძველია      ამ      კანონით      გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა.    ამ    შემთხვევაში    უფლებამოსილი    პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

კომისია აღნიშნავს, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი აღნიშნული კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევაზე, კომისია უფლებამოსილია ვადის (საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველი ოქტომბერი) დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს სანქცია მის რეგულირებაში მყოფ პირს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2018 წლის ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ 2018 წლის ანგარიშგებების დოკუმენტების წარუდგენლობისთვის,   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომისიას მიაჩნია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, მაუწყებელს უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე        ზემოაღნიშნულის        გათვალისწინებით,        საქართველოს      ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2018 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა    და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას   აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

4.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  (მე-4   პუნქტის  გარდა)  შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე წევრი 

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  კომისიის თავმჯდომარის მ.შ.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები