შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 11:00
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019
შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 19-10-2398; 10.12.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დავით ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, შპს „მაგთიკომს“ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით. აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org), მაგალითისათვის, თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის შპს „მაგთიკომთან“ აქვს 2 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ების რაოდენობა შპს „მაგთიკომთან“ შეადგენდა 120 SMS/წმ (სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია თან ერთვის მოხსენებით ბარათს).
შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. შპს “მაგთიკომის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 32 SMS წამში.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, შპს „გლობალ სელის“ სისტემიდან ამოღებული იქნა ძველი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში დასრულებული SMS-ების შესახებ: შპს „მაგთიკომში“ 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ 76 SMS /წმ-ში; 2019 წლის 28 ნოემბერს - მაქსიმუმ 117 SMS /წმ- ში. აღნიშნული ინფორმაცია დაგენერირდა ფაილის სახით, რომლის ამონაბეჭდი ერთვის მოხსენებით ბარათს.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, შემოწმების პროცესში სისტემიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შპს „გლობალ სელიდან“ გაგზავნილი SMS-ის მოპასუხე ოპერატორის მხრიდან უარყოფის შესახებ, შეცდომა დაფიქსირებულია არასაკმარისი სიჩქარის მიზეზით. შემოწმების პროცესში გადამოწმდა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიების, მათ შორის, შპს „მაგთიკომის“ SMS-ების შეზღუდვის თაობაზე. სისტემიდან ამოღებული ინფორმაცია დაემთხვა შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ინფორმაციას. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N 19-10-2398; 10.12.2019) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ სელს“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის არსებობს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, სადაც ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური ჩანაწერები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არსებობს.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 19-10-2398; 10.12.2019) თანახმად, ხმოვანი ურთიერთჩართვა შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილქნეტთან“ უზრუნველყოფილია SIP პროტოკოლის გამოყენებით, ხოლო შპს „ვიონი საქართველოსთან“ - SS7 სიგნალიზაციის გამოყენებით. შპს „გლობალ სელის“ წარმომადგენლის განმარტებით, SMS-ების ურთიერთგაცვლისათვის ყველა ოპერატორთან გამოიყენება SMPP პროტოკოლის 3.4 ვერსია. კომისიაში შპს „გლობალ სელის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მოცემულია 2018 წლის 17 აგვისტოს მიმოწერა შპს „მაგთიკომის“ ტექნიკურ სპეციალისტთან მ. რამიშვილთან, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ სელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის SMS-ების მიმოცვლის მაქსიმალური გამტარუნარიანობა 2 არხზე დაყენებულია 120 SMS/წმ (თან ერთვის). შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მობილურ ოპერატორებთან SMS გაცვლის ანგარიშიდან (ლოგ.ფაილები) ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომთან“ შპს „გლობალ სელის“ მიერ დამისამართებული SMS-ების რაოდენობა შემცირებულია. მაგ. 2019 წლის 28 ნოემბერს დროის გარკვეულ მონაკვეთში მაქსიმუმ იგზავნებოდა 112 SMS წამში, 2019 წლის 1 დეკემბერს იგზავნებოდა მაქსიმუმ 30 SMS წამში, ხოლო უკვე 2019 წლის 6 დეკემბერს 9 SMS წამში. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N 19-10-2398; 10.12.2019) აღნიშნულია, რომ შესწავლილი დოკუმენტაციისა და შემოწმების შედეგებით დასტურდება რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS დასრულება. შეზღუდვა ფიქსირდება 2019 წლის 29 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ირღვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-19-03/3907; 12.12.2019) ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“ (შეტყობინება შპს ,,მაგთიკომს“ ჩაჰბარდა ა/წ 13 დეკემბერს; შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი: AP01007052405) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4636; 02.12.2019), რომლის თანახმად, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დაწესდა შეზღუდვა შპს ,,გლობალ სელის“ ქსელიდან შპს ,,მაგთიკომის“ ქსელის მიმართულებით შემავალ SMS ტრაფიკზე და მანამდე არსებული გამტარობა შემცირდა 5- ჯერ, რაც ფაქტობრივად ვეღარ უზრუნველყოფს შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მომხმარებელთა უწყვეტ, დროულ და ხარისხიან მომსახურებას. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროული და სამართლიანი ღონისძიებების გატარება და წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომთან“ ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია.
კომისიაში ასევე შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4659; 03.12.2019), რომლის თანახმად, განცხადებას თან ერთვოდა შპს ,,გლობალ სელისა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ელექტრონული მიმოწერა, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის SMS-ბის გამტარობასთან დაკავშირებით შეთანხმებული ლიმიტი განისაზღვრება 120-120 SMS-ით წამში, რაც მიუხედავად ლიმიტური შეზღუდვებისა, შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, მათ მიერ მიჩნეულ იქნა შეუზღუდავ და არადისკრიმინაციულ დაშვებად, რადგან იძლეოდა შპს ,,გლობალ სელის“ მომხმარებლებისთვის დროული, უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას. ამავე განცხადებაში შპს ,,გლობალ სელის“ მიერ ასახულია ინფორმაცია შპს ,,მაგთიკომთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შესახებ, ა/წ 28 ნოემბრის მდგომარეობით, დროის წამობრივი აღრიცხვით და შესაბამის წამში არსებულ გამტარობაზე მითითებით, ასევე, ინფორმაცია შპს ,,მაგთიკომთან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამტარობის შეზღუდვის შესახებ, ა/წ 3 დეკემბრის მდგომარეობით, ინიცირებული SMS-ბის უმეტესობის ოპერატორის მხრიდან უარყოფის ფაქტზე მითითებით.
კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4695; 06.12.2019; Nშ-19-6/4695), რომელშიც ის უთითებს შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით შპს ,,გლობალ სელის“ ქსელიდან შემავალ SMS ტრაფიკზე დაწესებულ შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების შესაბამის ელემენტებთან გვქონდეს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება, რაც განაპირობებს შპს ,,გლობალ სელის“ შესაბამისი სატელეკომუნიკაციო მომსახურების პარალიზებას, მომხმარებელთათვის უწყვეტი, დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შეუძლებლობას და მომხმარებლის და შემოსავლების მნიშნელოვან დანაკარგს. აღნიშნულ განცხადებაში შპს ,,გლობალ სელი“ კომისიისგან ითხოვს შპს ,,გლობალ სელის“ კანონიერი უფლებების დაცვისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელის“ შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვების დაუყოვნებლივ დავალდებულების მიზნით ზომების მიღებას, რადგან შეზღუდვის შედეგებით მომხმარებელთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, მომხმარებელთადა შემოსავლის დანაკარგით გამოწვეული ზიანი ყოველწლიურად იზრდება და იგი მნიშვნელოვნად შეაფერხებს კომპანიის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2431; 13/12/2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „მაგთიკომის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „მაგთიკომის“ ქსელში შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან სრულდებოდა მაქსიმუმ 30 SMS წამში (დამადასტურებელი ფაილი თან ერთვის); შემოწმების ჩატარებისას შპს „მაგთიკომის“ საბილინგო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ამოღებული იქნა 2019 წლის 27 ნოემბრის ინფორმაცია, სადაც დაფიქსირდა რომ შპს „მაგთიკომის“ ქსელში შპს „გლობალ სელი“-ს ქსელიდან სრულდებოდა მაქსიმუმ 360 SMS წამში (დამადასტურებელი ფაილი თან ერთვის); შპს „მაგთიკომის“ ტექნიკური სპეციალისტის განმარტებით, 2019 წლის 29 ნოემბრის (ე.წ. „შავი პარასკევის“) შემდეგ შპს „გლობალ სელის“ ქსელიდან SMS დასრულება შეიზღუდა და შეადგენს 30 SMS წამში, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ დღეს შეიქმნა რიგი ტექნიკური პრობლემები. შემოწმების შედეგებით დასტურდება, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შეზღუდულია შპს „გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული SMS დასრულება. შეზღუდვა ფიქსირდება 2019 წლის 29 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2431; 13/12/2019) შემოწმების აქტითა და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაციით გაეგზავნა და ჩაჰბარდა შპს ,,მაგთიკომს“ (შეტყობინება Nგ-19-03/3946; 17.12.2019) ა/წ 17 დეკემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების თაობაზე მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, თუმცა, არ მიუთითებია რა ნაწილში ითხოვდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. ამავე განცხადებით კომისიას ეცნობა, რომ მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შედეგად შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურება გაუწიოს მომხმარებლებს, რის გამოც არაერთმა მომხმარებელმა მიიღო გადაწვეტილება შპს ,,გლობალ სელთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რის დასადასტურებლად შპს ,,გლობალ სელი“ უთითებს თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაზე მომხმარებლებთან. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019) თაობაზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გასაჯაროების გარეშე.
კომისიაში შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4880; 19.12.2019), რომლის ადრესატია შპს ,,გლობალ სელი. წერილში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, ურთიერთჩართვა ხორციელდება E1 არხის საშუალებით, SS7 სიგნალიზაციის გამოყენებით, ხოლო ინტერფეისად გამოყენებული უნდა იყოს G703 ინტერფეისი. ამავე წერილის თანახმად, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილია შპს ,,გლობალ სელის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნოლოგიისა და მეთოდის გამოყენებით.
კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ ტექნიკური დირექტორი ნ. დავითაშვილი და კომპანიის წარმომადგენლები ლ. გიორგაძე და დ. ძიძიგური. კომისიის სხდომაზე ლ. გიორგაძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვისას, თუ SMS-ების შეზღუდვაზე დაობენ, მნიშვნელოვანია დადგინდეს რა ტიპის შეერთება უნდა არსებობდეს მხარეებს შორის. მისი განმარტებით, გაუგებარია შპს „მაგთიკომი“ რას არღვევს, როგორი უნდა იყოს ტექნიკური შეერთება და რა რაოდენობის SMS-ები უნდა იგზავნებოდეს კონკრეტული ტექნიკური შეერთების შედეგად. ლ. გიორგაძემ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „გლობალ სელის“ მიერ დასრულებული SMS-ების სტატისტიკა, მათ შორის, რაოდენობის, წამობრივი მონაცემების, კომისიის შემოწმების აქტში მოყვანილი მონაცემების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მათი სისტემიდან ამოღებულ იქნა მონაცემები ა/წ 15 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში (13:00 - 14:00 საათი) შპს „გლობალ სელის“ მხრიდან შპს „მაგთიკომის“ მიმართულებით გაგზავნილი SMS-ბის მაქსიმალური რაოდენობის შესახებ. მან განმარტა, რომ ა/წ 15 ნოემბერს შპს „გლობალ სელიდან“ გაიგზავნა 176 SMS, 16 ნოემბერს - 201 SMS, 17 ნოემბერს - 197 SMS, 18 ნოემბერს - 234 SMS, 19 ნოემბერს - 165 SMS, 20 ნოემბერს -218SMS, 21 ნოემბერს - 133 SMS, 22 ნოემბერს - 358 SMS, 23 ნოემბერს - 205 SMS, 28 ნოემბერს - 148 SMS , 29 ნოემბერს - 177 SMS, 30 ნოემბერს - 149 SMS, პირველი დეკემბერს - 184 SMS , 2 დეკემბერს - 67 SMS, 3 დეკემბერს - 150 SMS, 4 დეკემბერს - 140 SMS, 5 დეკემბერს - 141 SMS, 6 დეკემბერს - 37 SMS, 7 დეკემბერს - 32 SMS, 8-9-10 დეკემბერს - 32 SMS, 11 დეკემბერს - 31 SMS. მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, გარდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებისა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის შეერთება არის SS7. შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის 2018 წლის 17 აგვისტოს ელექტრონული მიმოწერის თაობაზე, ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ელექტრონულ წერილი არ ადასტურებს იმას, რომ ეს არის რაიმე სამართლებრივი ძალის შეთანხმება, სადაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართ რაიმე ვალდებულება იკისრეს. ლ. გიორგაძის განცხადებით, წერილშიც განმარტება არის მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მომენტისთვის SMS გაგზავნა ხორციელდებოდა კონკრეტული სიჩქარით, თუმცა, აღნიშნულია ასევე, რომ ეს არის დინამიური პროცესი და ეს მონაცემები ცვალებადია. ლ. გიორგაძის განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებაც ადასტურებს, რომ ეს მონაცემები პერიოდულად ცვალებადია. მისი განმარტებით, კომისიას არ აქვს დადასტურებული რა არის სტანდარტი კონკრეტულ წამში გამტარუნარიანობა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება შპს „გლობალ სელი“ მათ ქსელში 30 SMS-ს უშვებდა ან არასწორად უშვებდა მათ.
კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დ. ქუთათელაძემ განმარტა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2019 წლის 6 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით 30 SMS-ზე მეტი არ იგზავნებოდა. შემდგომ პერიოდში SMS -ების რაოდენობა გაზრდილია, კერძოდ 14 დეკემბერს გაგზავნილია 91 SMS წამში. მისი განმარტებით, შპს „მაგთიკომში“ შემოწმდა კონკრეტული და გასული პერიოდი. გასულ პერიოდთან შედარებით კონკრეტულ პერიოდში განსხვავება არსებობდა SMS-ების რაოდენობის კუთხით, რაც დაფიქსირდა შემოწმების აქტშიც. დ. ქუთათელაძის განმარტებით, მან ასეთივე შემოწმება განახორციელა შპს „გლობალ სელის“ ოფისშიც, სადაც გაირკვა, რომ ე.წ. „რიგში“ იდგა დაახლოებით 800,000 SMS ამ არხზე და შპს „მაგთიკომში“ იმ სიჩქარით არ სრულდებოდა SMS-ები, როგორც სრულდებოდა ადრე პერიოდში.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019), რომელსაც ერთვის პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;
2. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4636; 02.12.2019);
3. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4659; 03.12.2019);
4. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4695; 06.12.2019);
5. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019) თანდართული დოკუმენტაციით;
6. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2431; 13.12.2019), რომელსაც ერთვის შემოწმების აქტი და პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული ინფორმაცია;
7. შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (04.08.2014);
8. შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4880; 19.12.2019);
9. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი სტატისტიკა შპს ,,გლობალ სელიდან“ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელის მიმართულებით გაგზავნილი SMS-ბის შესახებ;
10. კომისიის შეტყობინებები შპს ,,მაგთიკომს“ (Nგ-19-03/3907; 12.12.2019; Nგ-19-03/3946; 17.12.2019);
11. მონაცემები შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;
12. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის ლ. გიორგაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: GSM, WCDMA, CDMA LTE; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, ტექსტური შეტყობინების მომსახურება, B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL), ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება: WiFi, CDMA, 3G, ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი, რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება და სხვ.;
2. 2019 წლის 9-10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს„გლობალ სელის“ სათაო ოფისში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „გლობალ სელსა“ და მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, მათ შორის, შპს „მაგთიკომს“ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) მომსახურება უზრუნველყოფილია SMPP (short message peer-to-peer protocol) პროტოკოლის საშუალებით. აღნიშნული პროტოკოლი გამოიყენება ორ სუბიექტს შორის SMS-ების მიმოცვლისათვის. SMS-ების საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org) , მაგალითისათვის, თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. შპს ,,გლობალ სელს“ ურთიერთჩართვისთვის შპს „მაგთიკომთან“ აქვს 2 არხი. შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ებს რაოდენობა შპს ,,მაგთიკომთან“ შეადგენდა 120 SMS/წმ. შემოწმების პროცესში სისტემიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შპს „გლობალ სელიდან“ გაგზავნილი SMS-ის მოპასუხე ოპერატორის მხრიდან უარყოფის შესახებ, შეცდომა დაფიქსირებულია არასაკმარისი სიჩქარის მიზეზით. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის მიმართულებით. შპს “მაგთიკომის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 32 SMS წამში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.
3. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით (Nშ-19-6/4659; 03.12.2019) კომისიაში წარმოდგენილია შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ელექტრონული მიმოწერის (17.08.2018; 08.02.2019; 04.03.3019) ამსახველი ინფორმაცია, რომლის თანახმად, შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ელექტრონული ფოსტით დადასტურებულია, რომ შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის SMS-ბის მიმოცვლის გამტარუნარიანობა 2 არხზე დაყენებულია 120 SMS/წმ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019); შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (Nშ-19-6/4659; 03.12.2019).
4. შპს „მაგთიკომში“ 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს „გლობალ სელიდან“ სრულდებოდა მაქსიმუმ 76 SMS /წმ-ში; 2019 წლის 28 ნოემბერს - მაქსიმუმ 117 SMS /წმ-ში. შპს „მაგთიკომთან“ შპს „გლობალ სელის“ მიერ დამისამართებული SMS-ების რაოდენობა შემცირებულია, მაგალითად, 2019 წლის 28 ნოემბერს დროის გარკვეულ მონაკვეთში მაქსიმუმ იგზავნებოდა 112 SMS წამში, 2019 წლის 1 დეკემბერს იგზავნებოდა მაქსიმუმ 30 SMS წამში, ხოლო უკვე 2019 წლის 6 დეკემბერს 9 SMS წამში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019) და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.
5. შპს „გლობალ სელს“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის დადებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში (04.08.2014) ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2398; 10.12.2019); შპს „გლობალ სელს“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის დადებული 2014 წლის 4 აგვისტოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.
6. 2019 წლის 11 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დავით ქუთათელაძის მიერ ჩატარდა შემოწმება შპს „მაგთიკომის“ სათაო ოფისში (მის. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 7), რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი 1/2019, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ. ქუთათელაძე და შპს ,,მაგთიკომის“ იურისტი ლ. გიორგაძე. შპს ,,მაგთიკომის“ ოფისში შემოწმდა პერსონალური კომპიუტერი პროგრამული უზრუნველყოფით. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს 14:00 საათზე შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში სრულდებოდა მაქსიმუმ 30 SMS/წამში, ხოლო 27 ნოემბერს - მაქსიმუმ 360 SMS/წამში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2431; 13.12.2019), და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული შემოწმების აქტი N1/2019 და ასევე, ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,მაგთიკომის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.
7. შემოწმების შედეგებით დასტურდება, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შეზღუდულია შპს„გლობალ სელის“ მიერ აგრეგირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში. შპს ,,მაგთიკომს“ არ მიუღია კომისიის თანხმობა შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2398; 10.12.2019), და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,გლობალ სელის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან; კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 19-10-2431;13.12.2019), და აღნიშნულ მოხსენებით ბარათზე თანდართული შემოწმების აქტი N1/2019 და ასევე, ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია შპს ,,მაგთიკომის“ პროგრამული უზრუნველყოფიდან.
8. შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრი.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9-10 დეკემბერს შპს ,,გლობალ სელში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს ,,გლობალ სელიდან“ შპს “მაგთიკომის“ ქსელში საშუალოდ იგზავნებოდა მაქსიმუმ 32 SMS წამში. შემოწმების პროცესში დაფიქსირდა შპს „გლობალ სელის“ SMS ცენტრიდან გასაგზავნი SMS ე.წ. “რიგი”, ჯამში 800 000-მდე რაოდენობა ყველა ოპერატორის, მათ შორის, შპს ,,მაგთიკომის“ მიმართულებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,გლობალ სელიდან“ შპს ,,მაგთიკომის ქსელის მიმართულებით 2019 წლის 1 დეკემბერს იგზავნებოდა მაქსიმუმ 30 SMS წამში, ხოლო 2019 წლის 6 დეკემბერს 9 SMS წამში (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-2 და მე-4 პუნქტები).
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს შპს ,,მაგთიკომში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს 14:00 საათზე შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში სრულდებოდა მაქსიმუმ 30 SMS/წამში, ხოლო 27 ნოემბერს - მაქსიმუმ 360 SMS/წამში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება, რომ ა/წ 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში არ ჰქონდა ადგილი შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში შპს ,,გლობალ სელიდან“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ისეთ შეზღუდვას, როგორიც დაფიქსირდა ა/წ პირველ, 6, 9 და 10 დეკემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ ოფისში განხორციელებული შემოწმების დროს დადგინდა, რომ შემოწმების მომენტში შპს „გლობალ სელის“ მიერ პროგრამულად გაწერილი ოპერატორის მიმართულებით გასაგზავნი SMS-ებს რაოდენობა შპს ,,მაგთიკომთან“ შეადგენდა 120 SMS/წმ. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის SMS-ბის მიმოცვლის გამტარუნარიანობა 2 არხზე დაყენებულია 120 SMS/წმ, რაც დასტურდება შპს ,,გლობალ სელსა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ელექტრონული მიმოწერით (17.08.2018; 08.02.2019; 04.03.3019). (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-3 და მე-6 პუნქტები). გარდა ამისა, შპს „გლობალ სელს“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის დადებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში (04.08.2014) ცალკე SMS-ების გაცვლის შესახებ სპეციალური პირობები (მაგ. SMS-რაოდენობა წამში) არ არის განსაზღვრული (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-5 პუნქტი).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ SMS-ების საშუალო რაოდენობა დადგენილია სტანდარტით - 50-300 SMS წამში (გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დამოკიდებულია ტექნიკურ პირობებზე). ითვლება 1 არხი*10/latency (წყარო: www.smpp.org) , მაგალითისათვის, თუ latency არის 100 მილიწამი, მაშინ 1 არხის გამტარიანობა გამოდის 1*10/0,1(მწ)=100 სმს/წამში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიმოცვლის გამტარუნარიანობა უნდა იყოს წამში 30 SMS-ზე მეტი, კერძოდ, ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იმდენი მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება, რა გამტარუნარიანობაც აქვს ტექნოლოგიურად მის შეერთებას, დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, ხოლო თუ გარკვეული რაოდენობის SMS-ის დასრულების შესაძლებლობა არ აქვს ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელს, მან უნდა უზრუნველყოს ურთიერთჩართვისთვის დამატებითი მოწყობილობის შეძენა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვით შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,გლობალ სელს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ნაწილში კომისიის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.
შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შპს ,,გლობალ სელთან“ კომისიის თანხმობის გარეშე ურთიერთჩართვის შეჩერებით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,,გლობალ სელს“ და ასევე, მის მომხმარებლებს. კერძოდ, შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას მიაწოდოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურება თავის მომხმარებლებს, რის შედეგად მის მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა შპს ,,გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსის მეშვეობით გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები შპს ,,მაგთიკომის“ ქსელის მიმართულებით. შპს ,,გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია (შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება Nშ-19-6/4873; 18.12.2019) რამდენიმე მომხმარებლთან გაფორმებული ხელშეკრულება და ასევე, მიმოწერა მომხმარებელთა ნაწილთან, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი უარს აცხადებენ შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთობის გაგრძელებაზე ან აცნობებენ შპს ,,გლობალ სელს“ დროებით სხვა არხის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების გადაუდებელი აუცილებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მისი მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და შპს ,,გლობალ სელისა“ და ასევე, მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,მაგთიკომს“ უნდა დაევალოს შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულების ნაწილში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მაგთიკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,მაგთიკომს“ შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა და ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულების ნაწილში;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შპს ,,მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტი) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს
,,მაგთიკომისთვის” გაგზავნა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი