წვდომის მენიუ

შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 696

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2019 13:05

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2  პუნქტის  ა)  და  ბ) ქვეპუნქტების 26-ე  მუხლის  დარღვევის  გამო.  ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა    და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“   ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2399; 10.12.2019) ირკვევა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომს“ კომისიის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს, ხოლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა კომპანიას განსაზღვრული ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის  (N19-10-2399;  10.12.2019)  თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2399; 10.12.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 12 დეკემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-19-03/3895; 11.12.2019) ეცნობა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად,   გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, (დახურულია)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე იყო შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით სხდომის უმოკლეს ვადაში გამართვის გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ შეტყობინება (Nგ-19-03/3895) სხდომის გამართვის თაობაზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2019 წლის 11 დეკემბერს, ხოლო აღნიშნულ საკითხზე სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმაცია 2019 წლის 12 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით აისახა 2019 წლის 11 დეკემბერს, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.gncc.ge.

კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ დირექტორი რ. კოპალაძე და კომპანიის წარმომადგენლები ე. მებონია, ო. ყიფშიძე და დ. კაპანაძე. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა ე. მებონიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წარმოების ფარგლებში უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის შეფასება სადავო არ არის, ვინაიდან ამ საკითხზე უკვე იმსჯელა კომისიამ ა/წ 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებებში.   მან კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომისიამ შეამსუბუქოს სანქცია კომპანიისთვის, სამართალდამრღვევად სცნოს, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს.    მან ასევე, იშუამდგომლა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია გადაწყვეტს გამოიყენოს საჯარიმო სანქცია (30,000.00 ლარი), შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ   ერთი სანქცია გამოიყენოს და არა ცალ-ცალკე, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“, როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტები, ერთ ეკონომიკურ აგენტად განიხილებიან და კომისიას, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია ერთი სანქციაგამოიყენოს ორივე კომპანიისთვის.  ე. მებონიას    განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში არის პირდაპირი ჩანაწერი, რომ განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ფულადი სანქცია (ჯარიმა), თუმცა, კონკრეტულად შეფარდების წესს არ განსაზღვრავს კანონი. მისი განმარტებით, კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შემამსუბუქებელი გარემოებები თავად განსაზღვროს და გაითვალისწინოს სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს. კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნილია ნასყიდობის ტრანზაქციის შებრუნება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შპს „რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის კაპიტალში წილის გასხვისებასთან დაკავშირებით. ე. მებონიას განმარტებით, ამ მოთხოვნის შესრულება კომპანიების იურისდიქციას და უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. მათ არ აქვთ უშუალო კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე და არ აქვთ უფლებამოსილება აღასრულონ მოთხოვნილი ტრანზაქციის შებრუნება. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად,  უზრუნველყო  ბენეფიციარი  მესაკუთრეების  ინფორმირება,  ისინი  არიან  საქმის კურსში და იციან, რა არის კომისიის მოთხოვნა. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ   ტრანზაქციის შებრუნებისთვის საჭიროა გაუქმდეს, შებრუნდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. წილის ნასყიდობა რეგისტრირებულია, წილის ნასყიდობისთვის თანხა გადახდილია მყიდველის მიერ გამყიდველისთვის. მყიდველის მიერ თანხა ათვისებულია და ამ თანხის უკან დასაბრუნებლად მას დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება მოუწევს, რაც არ არის დაუყოვნებლივ შესრულებადი და არის თუ არა შესაძლებელი, კომპანიებისთვის უცნობია.

კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა დ. კაპანაძემ  კომისიას მიმართა თხოვნით, ტრანზაქციის განხორციელებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კომპანიისთვის ვადის განსაზღვრისას, კომისიას გაეთვალისწინებინა, რომ იურისდიქციებში, რომლებიც საქართველოს ფარგლებს სცდება, მუშაობა პრაქტიკულად შეჩერებულია იანვრის შუა რიცხვებამდე, არის საშობაო არდადეგები და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებამდე არის შეუძლებელი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2399; 10.12.2019);

2. კომისიის წერილი (Nშ-19-03/3329; 11.11.2019) შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება;

4. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3895; 11.12.2019) და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1664 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილი);

6. ამონაწერები   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ;

7.    კომისიის  წერილი  (N16/2567-18,  27.07.2018)  და  მისი  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომისთვის“ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილი და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

9.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;

10.   შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

11.   შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

12. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

13. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2414;11.12.2019);

14.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიის  2019  წლის  2დეკემბრის განჩინება (საქმე N3/9062-19);

15. ,,ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „რკინიგზის  ტელეკომის“ განცხადებების  განხილვის თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის  Nგ-19-20/604      გადაწყვეტილება   და თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა   კოლეგიის   გზავნილი   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-19-5/4688;05.12.2019);

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გზავნილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-5/4696; 06.12.2019);

17. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 2010 წლის 2 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით  უზრუნველყოფა: სპილენძის  წყვილების  ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:      არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial- up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;

2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.     „გამოყოფილი    არხებით    საბითუმო    მომსახურების    ბაზრის    შესაბამისი    სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით,    შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

4. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა  ბენეფიციარ  (მათ  შორის  ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის  შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან  მოიპოვონ  წინასწარი თანხმობა, შესაბამისად,  მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

5. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

6. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის პარტნიორები არიან: ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედი“ (Novastar Commerce Ltd) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140. ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ ერთადერთი დამფუძნებელი არის შპს ,,კავკასუს ონლაინი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 211380833. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. (დახურულია)

7. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო, კერძოდ,   შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“  ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.

8. ,,შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე.

9. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია)   მიერ   შეძენამდე   არსებული  მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;

10. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-20/604 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განცხადება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის  შესახებ და ასევე, შპს „რკინიგზის  ტელეკომის“  განცხადება  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის  შესახებ. შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებულია კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-20/604 გადაწყვეტილება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და    ლიცენზიის ან/და    ნებართვის მფლობელების   მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა)      ქვეპუნქტის      თანახმად,      კომისიის      ერთ-ერთი      ძირითადი   ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების      ბაზრის      შესაბამისი სეგმენტების    კვლევისა    და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ)     ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი     ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების   შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი   ინფორმაცია            თავისი საქმიანობის     შესახებ,     მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე      უფლებების   შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას   კონფიდენციალურობა   მიწოდებული   ინფორმაციისა, რომელიც     ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული     კოდექსისა  და „პერსონალურ     მონაცემთა     დაცვის     შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე      მონაცემები      აბონენტთა      რაოდენობის,      ტრაფიკის,      მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,   ავტორიზებული   პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი          მიზანია   რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი  ამოცანაა ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის  შემთხვევაში,   თუ შემძენი      პირის      ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)    პირთა    მიერ    ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8.      „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ     კომისიას     უნდა     ეცნობოს     შერწყმის     ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის   მიზნით  მიიღოს  გადაწყვეტილება   შერწყმის   ან   შეძენის   გამოკვლევის   თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის  მნიშვნელოვნად  დარღვევის  შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს     ან     ავტორიზებულ     პირს,     რომლის     წილის     ან აქციების       შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური    განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა    და გადაწყვეტილებებით        განსაზღვრული           მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ     პირთა     მიერ     ელექტრონული     კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და      ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების       სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის        შემთხვევაში        კომისია უფლებამოსილია     დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  საფუძველია კომისიისათვის  კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებულიუფლებამოსილება     -     გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის N გ-19-18/606 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის   (წილობრივი   მფლობელობის)   აღდგენა და   აღნიშნულის   დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს,,რკინიგზის  ტელეკომისთვის“  ჩაბარებიდან  21  კალენდარული  დღის  ვადაში.  შედეგად,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმ პირობებში, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღნიშნულ კომპანიაში (დახურულია) კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით  გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო, კერძოდ, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის და კომისიის თანხმობის გარეშე წილის   გასხვისების გამო, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა და აღნიშნულ კომპანიაში (დახურულია) კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ადმინისტრაციული პასუხისგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო   ჯგუფის   მოხსენებითი   ბარათიდან   (N19-10-2414;   11.12.2019)   ირკვევა,   რომ   შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5 % აღემატება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია  აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია თბილისის საქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა   კოლეგიის   გზავნილი (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-5/4696;06.12.2019),  საიდანაც  ირკვევა,  რომ  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ  გასაჩივრებულია შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება და მოთხოვნილია მისი მოქმედების შეჩერება, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას არ აქვს შეჩერებული კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედება.

შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“  წარმომადგენელმა  კომისიის  წინაშე  იშუამდგომლა კომისიამ შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნოს სამართალდამრღვევად, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს.     კომისია აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ არ აქვს აღმოფხვრილი სამართალდარღვევა, რომლის ჩადენისთვის მიეცა წერილობითი გაფრთხილება, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომში“ (დახურულია) კვლავ უკანონოდ ფლობს წილს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რაც წარმოშობს შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჯარიმის დაკისრების საფუძველს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე, იშუამდგომლა, საჯარიმო სანქციის (30,000.00 ლარი) გამოყენების შემთხვევაში, კომისიამ შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ ერთი სანქცია გამოიყენოს და არა ცალ-ცალკე, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“  და შპს „კავკასუს ონლაინი“, როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტები, ერთ ეკონომიკურ აგენტად განიხილებიან და კომისიას, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია ერთი სანქცია გამოიყენოს ორივე კომპანიისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრებათ როგორც ავტორიზებულ პირებს. კანონმდებლობის დარღვევისთვის თითოეული მათგანი პასუხს აგებს ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ცალ-ცალკე მიეცათ წერილობითი გაფრთხილება, როგორც ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედ ავტორიზებულ პირებს, თითოეული მათგანის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჭ) ქვეპუნქტის თანახმად, ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს.   შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ვერტიკალური ინტეგრაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი ორი ავტორიზებული პირის მიმართ ერთი სანქციის გამოყენების ან მხოლოდ ერთ-ერთი ავტორიზებული პირის მიმართ სანქციის გამოყენების საფუძველი.  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ორი სამართალდამრღვევისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ერთი ჯარიმის დაკისრებას, მათ მიერ ცალ-ცალკე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შპს „რკინიგზის ტელეკომის” წარმომადგენელმა ასევე, იშუამდგომლა სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიას შემამსუბუქებელი გარემოებად მიეჩნია ის გარემოება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ნასყიდობის ტრანზაქციის შებრუნება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა კომპანიების იურისდიქციას და უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყო ბენეფიციარი მესაკუთრეების ინფორმირება, ისინი არიან საქმის კურსში და იციან, რა არის კომისიის მოთხოვნა. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ ტრანზაქციის შებრუნებისთვის საჭიროა გაუქმდეს, შებრუნდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. წილის ნასყიდობა რეგისტრირებულია, წილის ნასყიდობისთვის თანხა გადახდილია მყიდველის მიერ   გამყიდველისთვის.    მყიდველის    მიერ    თანხა    ათვისებულია    და    ამ    თანხის    უკან დასაბრუნებლად მას დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება მოუწევს, რაც არ არის დაუყოვნებლივ შესრულებადი და არის თუ არა შესაძლებელი, კომპანიებისთვის უცნობია.

კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით განსაზღვრული არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება და ასევე, სხვა შემამსუბუქებელი გარემოება, რომელიც 34-ე მუხლით გათვალისწინებული არ არის.

ელექტრონული კომუნიკაციები სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.

კომისია მხედველობაში იღებს ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებას (საქმე N3/9062-19), რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) შუამდგომლობა შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ შუამდგომლობის გაზიარებისთვის მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ნასყიდობის ტრანზაქციის განხორციელებისთვის უკვე გაწეული ხარჯი, ვინაიდან ამგვარი ხარჯის (ზოგადად, მისი არსებობის ან მოსარჩელის მხრიდან მისი გაწევის პირობებში) მართლზომიერების დადგენა დამოკიდებულია არა სადავო აქტის შედეგზე, არამედ ნასყიდობის მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე.

კომისია  დამატებით  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“  ბენეფიციარმა მესაკუთრემ ,,კავკასუს ონლაინმა“ სამჯერ, კერძოდ, 2018 წლის 10 ივლისს, 13 დეკემბერს და 31 დეკემბერს მიმართა განცხადებით მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მოპოვების მიზნით (იხ. კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილება, 2018 წლის 27 დეკემბრის N727/11 გადაწყვეტილება და 2018 წლის 26 ივლისის N426/11 გადაწყვეტილება) და არცერთი განცხადების განხილვის პროცესში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის ცვლილება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით სცდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს.

(დახურულია)

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად,   ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, (დახურულია)

კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ   სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და (დახურულია) ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო ამ ქმედებების განხორციელების ვადა, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით, განისაზღვროს 2020 წლის 18 იანვრამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის საფუძველზე,  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე  და 27-ე  მუხლებისა  და  45-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაეკისროს ჯარიმა 30 000  (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900 ;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;

სახაზინო კოდი - 300773251

და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;

3.  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომმა“  უზრუნველყოს  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა,  კერძოდ,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის (დახურულია) კუთვნილი წილის (დახურულია) მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე;

4.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ნ.   ჯავახიძე)   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს მონაცემებს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორი კომპანიის ,,ნელგადო ლიმითედის“ აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების      შესახებ      და      ასევე,      გადაწყვეტილების      დასაბუთებას განხორციელებული ტრანზაქციის შედეგსა და მის ზიანთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით ღიაობის უზრუნველყოფამდე (ნ. ჯანელიძე);

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12  კმ.,  №6)  შპს  „რკინიგზის  ტელეკომისთვის“  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.     დაევალოს     კომისიის     აპარატის     სამართლებრივ     დეპარტამენტს   (ე.  ჭახრაკია) შპს „რკინიგზის  ტელეკომისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები