წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 689

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2019 18:47

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

სს „სილქნეტის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2252, 22.11.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2252, 22.11.2019) თანახმად, საკონსულტაციო კომპანია „Grant Thornton Advisory s.r.o.“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ახორციელებს ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურების ტარიფების გაანგარიშების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (LRIC+) მოდელით ე.წ. „ბითსტრიმის“ ტარიფების გაანგარიშებას და მოგების მარჟის (Margin  squeeze) მოდელის  შედგენას.  ზემოაღნიშული  მოდელის  გაანგარიშების  მიზნით  შპს „მაგთიკომს“ და სს „სილქნეტს“, 2019 წლის 16 ოქტომბერს შესავსებად  კომისიის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019 - სს „სილქნეტს“  და  Nგ-19-08/3092, 16.10.2019 - შპს „მაგთიკომს“) გაეგზავნათ „Grant Thornton„-ის მიერ გამოგზანილი ცხრილები, შევსების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია. მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად   კომპანიებს მიეცათ ვადა 2019 წლის 2 ნოემბრამდე.

შპს „მაგთიკომმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის 4 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4236, 4.11.2019), ხოლო სს „სილქნეტმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგინა. ამასთან, 2019 წლის 5 ნოემბრის წერილით (N გ-19-08/3289, 5.11.2019) სს „სილქნეტს“  ეთხოვა მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა.

სს „სილქნეტს“ 2019 წლის 16 ოქტომბერის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 5 დეკემბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/3805;   02/12/2019)   და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „სილქნეტს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული  წარმოების  მასალების   გამოთხოვის  უფლება.  შეტყობინება (Nგ-19-03/3805;02/12/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის  3 დეკემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4680, 4.12.2019) თანდართული მასალით, რომლითაც, როგორც წერილშია  აღნიშნული, კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის Nგ-19-08/3019, 2019 წლის 5 ნოემბრის Nგ-19-08/3289 და 2019 წლის 26 ნოემბრის Nგ-19-08/3660 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია არის  წარმოდგენილი.  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე  სს „სილქნეტი“ ითხოვს შეწყდეს სს „სილქნეტის“ მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები ნ. ნიჟარაძე და თ. ტყეშელაშვილი.

სს „სილქნეტის“ პროექტების განვითარების სამსახურის უფროსმა თ. ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ მონაცემები იგივეა, რაც კომპანიამ გასულ წელს შეავსო მაგისტრალებზე დაშვების დროს და ეს ნაწილი შევსებულია. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ იმ ნაწილს კომპანია არ წარმოადგენდა. ეს არ ეხება იმ მონაცემებს, რომლებიც კომპანიას გააჩნია და უნდა წარმოადგინოს კომისიაში. მაგრამ მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია, რომ ისეთი მონაცემები, რომლებიც სს „სილქნეტს“ არ აქვს და შეუძლებელია მათი წარმოდგენა, საკონსულტაციო კომპანიამ „ბენჩმარკინგით“ უნდა აიღოს და ჩადოს გაანგარიშებაში, რომლის შესაბამისადაც შემდეგ დაანგარიშდება ტარიფი. წარმოდგენილ ინფორმაციას აკლია კონკრეტული მონაცემები, რომლებიც არც გასულ წელს იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტარიფის დათვლისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 12 დეკემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სს „სილქნეტი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი თ. ტყეშელაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ დაადასტურა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაცია წარმოდგენილია სრულად.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2252, 22.11.2019);

2.  კომისიის წერილი (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) და აღნიშნული წერილის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006827197);

3.  კომისიის წერილი (N გ-19-08/3289, 05/11/2019) და აღნიშნული წერილის სს „სილქნეტისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01006932242);

4.  სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;

5.  სს  „სიქლენტის“  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-6/4680,  4.12.2019)  თანდართული მასალით;

6.  სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 5 და 12 დეკემბრის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;

7.     კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ე. იმედაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.     სს  „სილქნეტი“  2010  წლის  10  მარტიდან  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.     კომისიის  2019  წლის  16  ოქტომბრის  წერილით  (Nგ-19-08/3091, 16.10.2019)  სს  „სილქნეტს“ გაეგზავნა „Grant Thornton„-ის მიერ გამოგზანილი ცხრილები, შევსების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია. მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად კომპანიას მიეცა ვადა 2019 წლის 2 ნოემბრამდე. ასევე, კომისიის   2019 წლის 5 ნოემბრის წერილით (გ-19-08/3289, 5.11.2019)   სს „სილქნეტს“ ეთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა.

მტკიცებულება: კომისიის წერილი (Nგ-19-08/3091, 16.10.2019); კომისიის წერილი (გ-19-08/3289,5.11.2019).

3.    2019 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი არ იყო;

მტკიცებულება:     კომისიის      აპარატის      სატელეკომუნიკაციო      ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტის (N19-10-1199, 03.07.2019) მოხსენებითი ბარათი.

4.    სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 4 დეკემბერს კომისიაში წარმოადგინა  კომისიის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) მოთხოვნილი ინფორმაცია;

მტკიცებულება:  სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4680, 4.12.2019) თანდართული დოკუმენტაციით.

5.     სს „სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების            სფეროში     საქართველოს     კანონმდებლობის,     მათ     შორის,     კომისიის დადგენილებებითა            და      გადაწყვეტილებებით      განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და ვალდებულებების შესრულებას.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ  არასწორი     ან     არასრული ინფორმაციის     მიწოდება     ითვლება     ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო,  ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის    ბ)    ქვეპუნქტის    თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45–ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

5. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის ა) და  ბ)  ქვეპუნქტები.  ზემოაღნიშნული  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ავტორიზებული პირის    სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სს „სილქნეტს“ შესრულებული აქვს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით, სს „სიქლნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის წერილით (Nგ-19-08/3091, 16.10.2019) მოთხოვნილი ინფორმაცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა)  და  ბ)   ქვეპუნქტის, 43-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     სს   „სილქნეტი“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად   ,,ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.    სს „სილქნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს „სილქნეტისთვის“    დაუყოვნებლივ    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა  და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების    დეპარტამენტს (ე.იმედაძეს).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები