წვდომის მენიუ

შპს ,,ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 688

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2020 23:54

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

შპს ,,ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2300; 28.11.2019)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    თაობაზე, შპს „ა+ბ“-ს  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2300; 28.11.2019) თანახმად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს განხორციელდა შპს „ა+ბ“-ს შემოწმება კომპანიის ოფისში, რომელსაც ესწრებოდა შპს „ა+ბ“-ს ტექნიკოსი ზ. ბ. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N6. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ა+ბ“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “Охота и рыбалка”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Сурер“, “Discovery”, “ORT”, „Дом Кино“, „Дом Кино премиум“, „კომედი არხი“, „Россия К”, „IC“, „ქართული არხი“, „РТР планета“,   „მთავარი   არხი“,      „ტვ   პირველი“,   „კავკასია“,   „ობიექტივი“,   „ფორმულა“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, “Fight box“, “National Geographic”, “პალიტრა ტვ”, „სილქ უნივერსალი“, „Fox”, “Nat Geo Wild”.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენიშემდეგი სამაუწყებლო   არხების    საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Сурер“, “Discovery”, „კომედი არხი“, „IC“, „ქართული არხი“, „ფორმულა“, „პალიტრა ტვ“.

შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ    განისაზღვრა    2019    წლის  12    დეკემბერი.  შპს  „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე  ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შეტყობინებით შპს „ა+ბ“-ს   განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის     98-ე     და    99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ა+ბ“-ს წარმომადგენელი, თუმცა კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3853 09.12.2019) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის შესახებ  შპს „ტელეკომპანია დიას“ ჩაბარდა 2019 წლის 10 დეკემბერს. ამასთან, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ა+ბ“-ს  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019  წლის 28 ნოემბრის  N19-10-2300 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის  2019 წლის 29 ოქტომბრის  შემოწმების აქტი N108;

3.     შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;

4.     შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (DVD);

5. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3853 09.12.2019) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის შესახებ, ასევე აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი;

6.  შპს „ა+ბ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

7. შპს „ა+ბ“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს   ,,ა+ბ”   არის   ავტორიზებული   პირი   (კომისიაში   ავტორიზაციის  თარიღი:15/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)ქსელის ტერმინალური  საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.   2019  წლის  29  ოქტომბერს,  12:25  საათზე,   შპს  „ა+ბ“-ს  ოფისში,  მისამართზე   ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N221, მე-4 კორპუსი, ბინა N44. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კ., ი. ბ.) მიერ განხორციელდა    შპს    ,,ა+ბ“-ს    მიერ     სამაუწყებლო   არხების  საქართველოს ტერიტორიაზე   გადაცემის   მართლზომიერების    შემოწმება,   რის თაობაზეც გაფორმდა   შემოწმების   აქტი   №108. შემოწმების   აქტს   ხელს   აწერენ  კომისიის აპარატის   აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზ. კ., ი. ბ. და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ზ.ბ.;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,ა+ბ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო     არხების     რეტრანსლირებას:     “Охота     и     рыбалка”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Сурер“, “Discovery”, “ORT”, „Дом Кино“, „Дом Кино премиум“, „კომედი არხი“, „Россия К”, „IC“, „ქართული არხი“, „РТР планета“, „მთავარი არხი“,   „ტვ პირველი“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „ფორმულა“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, “Fight box“, “National Geographic”, “პალიტრა ტვ”, „სილქ უნივერსალი“, „Fox”, “Nat Geo Wild”.

4. 2019 წლის 29 ოქტომბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა

2019  წლის  29  ოქტომბრის  №108  შემოწმების  აქტით,  რომელიც  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

5.   შპს     ,,ა+ბ“-ს   გადაწყვეტილების

მიღების

დღისათვის

კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი

სამაუწყებლო

არხების

საქართველოს   ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი „Сурер“, “Discovery”, „კომედი არხი“, „IC“, „ქართული არხი“, „ფორმულა“, „პალიტრა ტვ“.

6. შპს  „ა+ბ“-ს   მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის    ზ)    ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისია    უფლებამოსილია    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში     განხორციელებულ     საქმიანობას,     ასევე     მათ     მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას,  ასევე  მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის  ორგანიზებისა     და     ურთიერთობების   რეგულირების  საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

7.  „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის   მე-11bis     მუხლისა   და    „ინტელექტუალური   საკუთრების  მსოფლიო   ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ     განსაკუთრებული     უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის  საჯარო  გადაცემის  უფლება დართონ სადენებითა  და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა    ავტორის    განსაკუთრებული, ექსკლუზიური  უფლებაა და ინტელექტუალურ   სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,  მაუწყებლობის ორგანიზაციას  უფლება  აქვს  ნება  დართოს  ან  აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია  მაუწყებლობის  ორგანიზაციის  თანხმობით   და  რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; 

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1”  ქვეპუნქტის  შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის  სადენით  ან  საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის  თანახმად, საჯარო გადაცემა არის  ნაწარმოების,  შესრულების,  ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

12.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებლობის  ტრანზიტი  არის ავტორიზებადი  საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი   პუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული  პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   საქართველოს კანონმდებლობის, მათ   შორის,   კომისიის დადგენილებებითა და  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და ვალდებულებების  დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის   მიერ   სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან  მინიჭებული უფლებამოსილება     -     გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ა+ბ“-სთვის მიერ სამაუწყებლო არხების: „Сурер“, “Discovery”, „კომედი   არხი“,   „IC“,   „ქართული   არხი“,   „ფორმულა“,   „პალიტრა   ტვ“,   შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis    მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50- ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის  აღმოფხვრის მიზნით, შპს „ა+ბ“-ს უნდა აეკრძალოს სმაუწყებლო არხების: „Сурер“, “Discovery”, „კომედი არხი“, „IC“, „ქართული არხი“, „ფორმულა“, „პალიტრა ტვ“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  არამართლზომიერი ტრანზიტი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   მე-4,   98-ე,   99-ე   მუხლების,  „ლიტერატურული   და მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის  მე-11bis     მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური    საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს  „ა+ბ“-ს  (საიდენტიფიკაციო       N204909607)  მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის,  ინტელექტუალური  საკუთრების  მსოფლიო  ორგანიზაციის „საავტორო  უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების,  ფონოგრამების, დამამზადებლების  და  მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის   ვ)   ქვეპუნქტის,   37-ე,   38-ე,   50-ე,   51-ე  მუხლების,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2.    უზრუნველყოს შპს „ა+ბ“-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების:„Сурер“, “Discovery”, „კომედი არხი“, „IC“, „ქართული არხი“, „ფორმულა“, „პალიტრა ტვ“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ა+ბ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ა+ბ“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ა+ბ“- სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ა+ბ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილებზე შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური   მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები