შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2019 9:48
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019
შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4599; 28.11.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-16/355 გადაწყვეტილებით განხორციელდა P2P და A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების განმარტება. აგრეთვე, ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების მიერ ასეთი მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით.
შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებით, კომპანიამ გაუგზავნა შეტყობინებები A2P (ე.წ. Bulk SMS) მომსახურებით მოსარგებლე ავტორიზებულ პირებს, რათა მათთან გაეფორმებინათ სათანადო ხელშეკრულება აღნიშნულ მომსახურებაზე. შპს ,,ვიონი საქართველოს“ განმარტებით, მათ შესთავაზეს ავტორიზებულ პირებს A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული მომსახურების პირობები.
შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებით, კომპანიასა და შპს ,,გლობალ სელს“ შორის ვერ შედგა შეთანხმება A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ მისცეს თანხმობა 2020 წლის პირველი იანვრიდან შეაჩეროს მის ქსელში შპს ,,გლობალ სელის“ მიერ გამოგზავნილი A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 5 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,გლობალ სელს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით (N გ-19-03/3803;02.12.2019; N გ-19-03/3804; 02.12.2019). კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი.
შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების და მტკიცებულებების, ასევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს „გლობალ სელის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვისშეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
5. „ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ შპს „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილებით, მოდავე მხარეებს განემარტათ: მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს მობილური სატელეფონო მომსახურების სახეობას. ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოადგენს ორ აბონენტს შორის შეტყობინებას, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია A ნომრიდან B ნომერზე (ე.წ. P2P). რაც შეეხება მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ. Bulk SMS), ამგვარი შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას; მოკლე ტექსტური შეტყობინებების მობილურ ქსელში დასრულების მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტი მიმდინარე ეტაპზე რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შეუძლიათ მიაწოდონ ასეთი მომსახურება სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით; საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში მოკლე ტექსტური შეტყობინების ნებისმიერი მიზნითა თუ დანიშნულებით გაგზავნისას, ოპერატორების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, განურჩევლად გამოყენებული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა. ამდენად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საკუთარ ქსელში დასრულების მომსახურების მიწოდება წარმოადგენს ურთერთჩართვის განუყოფელ ნაწილს, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ვიონი საქართველო“ და შპს „გლობალ სელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერება, შპს ,,გლობალ სელის“ მიერ გამოგზავნილი A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურების ნაწილში, შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნული საკითხი შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს დანიშნულია შპს ,,გლობალ სელის“ გაცხადების (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვა, რომელიც ეხება შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების (A2P SMS და Bulk SMS მომსახურება) მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული ხელშეკრულების პირობებს და კომისიის მიერ ამ პირობების სამართლიანობის, გონივრულობისა და არადისკრიმინაციულობის დადგენას, შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული მომსახურების პირობების სამართლიანობა, გონივრულობა და არადისკრიმინაციულობა სადავო ნაწილში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს განცხადების განხილვა უნდა გაიმართოს 2019 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, შპს ,,გლობალ სელის“ გაცხადების (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვის შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვა დაინიშნოს 2019 წლის 19 დეკემებრს, 15:00 საათზე;
2. საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,ვიონი საქართველო“ და შპს ,,გლობალ სელი“ გაფრთხილდნენ 2019 წლის 5 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებიდან;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ და შპს ,,გლობალ სელისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი