შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2019 12:20
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2019
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომი „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4609; 29.11.2019), საიდანაც ირკვევა, რომ სს ,,სილქნეტმა“ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების (A2P SMS და Bulk SMS მომსახურება) მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელს“ შესთავაზა ხელშეკრულების დადება, რომლის პირობებს შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის.
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში (Nშ-19-6/4609; 29.11.2019) აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის მიწოდებული ხელშეკრულების პროექტის პირობები შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტების პირობების იდენტურია და შპს ,,გლობალ სელს“ გააჩნია იგივე მოთხოვნები და შენიშვნები შპს ,,სილქნეტის“ ხელშეკრულების პროექტის მიმართ, რაც წარმოადგინა კომისიაში 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებით შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მომსახურების ხელშეკრულებების პროექტებთან დაკავშირებით.
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019) აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის დარეგულირებამდე, მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მობილური ოპერატორების მიერ განისაზღვრა და შპს ,,გლობალ სელისთვის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე პირისთვის შემოთავაზებულ იქნა იდენტური ფასი, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებისა და არსებული საბაზრო რეალობის გათვალისწინებით სცდება ყოველგვარ სამართლიან, გონივრულ და არადისკრიმინაციულ პირობებს; ასევე, შემოთავაზებულ იქნა იდენტური ტექსტის მქონე ხელშეკრულების პროექტი, რაც განმცხადებლის განმარტებით, მიუთითებს ბაზრის ძირითადი მოთამაშე ოპერატორების ერთობლივ წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებაზე. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით. მობილური ოპერატორების მიერ მოთხოვნილია თანხმობა მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეწყვეტენ მომსახურებას. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები ცალსახად არასამართლიანი, არაგონივრული და დისკრიმინაციულია და შპს ,,გლობალ სელის“ მიერ ამ პირობებზე თანხმობის მიცემა გამოიწვევს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შეწყვეტას, შემოსავლების და მომხმარებლების დაკარგვას, ასევე, მომხმარებლებთან არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას/შეუსრულებლობას.
შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს კომისიამ შესაძლო უმოკლეს ვადაში მიმართოს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს და თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს მას საკითხის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით გადაწყვეტის შესაძლებლობის უზრუნველყოფაში. ასევე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დამატებით განემარტოთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით (შეთანხმების მიღწევით) ან წარუმატებლად (შეთანხმების მიუღწევლობით) დასრულებამდე და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კომისიის მიერ დავის გადაწყვეტამდე, არ მოახდინონ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების შეჩერება ან შეწყვეტა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებულ იქნას მათ მიერ პროცესის ინიცირებამდე არსებული სტატუს-კვო.
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, ნებისმიერი ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტს და ორივე მათგანი მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, აშკარაა, რომ კომისიის მიერ აღნიშნული მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტის დარეგულირებამდე, ბაზრის ძირითადი მოთამაშე ავტორიზებული პირების მიერ შესაძლოა მოხდეს ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების გაძლიერება, არაკონკურენტული და არასამართლიანი გარემოს შექმნა - ბაზრის მცირე მოთამაშის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს აღნიშნულ სეგმენტზე კონკურენციის უზრუნველყოფის და არსებული კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, კომისიამ ჩაატაროს შესაბამისი კვლევა და ანალიზი, რათა დადგინდეს მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და განისაზღვროს მათი ვალდებულებები, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების თავიდან აცილების მიზნით.
შპს „გლობალ სელის“ განცხადებაზე (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „გლობალ სელმა“ შპს „მაგთიკომს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ გაუგზავნა შენიშვნები და მოსაზრებები შემოთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით (წერილები N11.11.2019/1; 11.11.2019; N11.11.2019/2; 11.11.2019), რომლებიც სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობების იდენტურია. შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის მისთვის შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის 5.1 პუნქტს და მიაჩნია, რომ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით 1 (ერთი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულება - 0.0025 ლარი, დღგ-ს ჩათვლით არ არის სამართლიანი და გონივრული და გამორიცხულია ამ ფასის ხარჯზე ორიენტირებული პრინციპით დაანგარიშების ობიექტურობა. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით, არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით და მობილური ოპერატორების მიერ მომხმარებლებისთვის დღემდე შეთავაზებული და მოქმედი საფასო პოლიტიკის მიხედვით, მობილური ოპერატორების მიერ შემოთავაზებული ურთიერთჩართვის გონივრული და სამართლიანი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 0,001 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რის შედეგადაც შპს ,,გლობალ სელი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე ოპერატორი, ძალიან მცირე მოგებით და შემოსავლის 50%-იანი შემცირებით, შეძლებს მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ამ მომსახურების შენარჩუნებას, ხოლო მობილური ოპერატორები, აქამდე არსებული ნულოვანი შემოსავლის ნაცვლად, შეძლებს დამატებითი შემოსავლის მიღებას, რაც შესაძლებელია განხილულ იქნას გონივრულ, სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომად.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფი ცალსახად განაპირობებს მომხმარებელთა დანაკარგს, შემოსავლების დანაკარგს, მომხმარებლების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგზე ზიანის ანაზღაურების დამატებით ვალდებულებებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობების შექმნას. ასევე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულება, მომხმარებლებს არ შესთავაზონ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლები ან ტოლფასი ოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მხარეთა კონკურენციის მინიმალური პირობები და შპს ,,გლობალ სელს“ არ შეექმნას შესაბამისი მომსახურების მიწოდების და საქმიანობის შეზღუდვის წინაპირობა. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობებით გამოწვეული ცვლილებების ძალაში შესვლის ვადა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი და ასეთ ვადად უთითებს მხარეთა შეთანხმებიდან 1 თვეს ან 2020 წლის პირველ იანვარს.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების პროექტის 1.1.5 და 1.1.6 პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებენ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის დაიცვან ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობები. შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, მომხმარებლების წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და მათთვის მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ფასითა და პირობებით შეუძლებელი იქნება.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების პროექტის 4.1.4 და 6.6. პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმის სახით დაწესებულია 0.003 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე პატარა ოპერატორის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეუძლებელია თითოეული ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინების გადამოწმება პორტაბელობის მონაცემთა ბაზასთან, რაც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მობილური ოპერატორის კუთვნილი სანომრე ინდექსის ამა თუ იმ ნომერზე გაიგზავნოს მობილური ოპერატორის ქსელის მიმართულებით. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ ტრანზიტისთვის შემოთავაზებული ფასი არაგონივრულად დიდია და ითხოვს მის შემცირებას 0.001 ლარის ფარგლებში ან ხელშეკრულებით მობილური ოპერატორის უფლების განსაზღვრას არ დააბოლოვოს თავის ქსელში შემავალი ის შეტყობინებები, რომლებიც გაგზავნილია სხვა ქსელის კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე, ხოლ ო შპს,,გლობალ სელი“ აიღებს ვალდებულებას გამოაგზავნოს მხოლოდ ის შეტყობინებები, რომლებიც ინიცირებულია ხელშეკრულების მხარის, მობილური ოპერატორის სანომრე ინდექსების ნომრებზე.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ და შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების პროექტის 4.1.1. და 5.1.1 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს შეერთების ტექნოლოგიების ჩამონათვალში განისაზღვროს SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებები და SMS-ის გაგზავნისას გამოყენებული შეერთების ტიპის მიუხედავად, დატარიფიცირებას დაექვემდებაროს მხოლოდ ,,მიღებულია“ (Delivered) სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ხელშეკრულების პროექტის 5.5 პუნქტით დღგ-ს ანგარიშ- ფაქტურის წარდგენის ვადად საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ნაცვლად, განისაზღვროს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწარმე სუბიექტის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და წარდგენა ხდება დასაბეგრი ოპერაციის თანხაზე, ხოლო სადავო მონაცემები არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას მის საბოლოო შეთანხმებამდე, შპს ,,გლობალ სელს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა არასადაო ნაწილზე, ხოლო სადაო ნაწილთან დაკავშირებით - მხარეთა მიერ მონაცემების შეთანხმებისა და მისი დოკუმენტურად (ოქმის სახით) დადასტურების შემდეგ.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების პროექტის 5.7 და 5.8 პუნქტებს, რომლებიც შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ უფლებას აძლევს შეუწყვიტონ შპს ,,გლობალ სელს“ მომსახურება, თუ ის არ დაეთანხმება ცალმხრივად შეცვლილ მომსახურების ტარიფს და ითხოვს ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა განისაზღვროს სამართლიანობის, გონივრულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების პროექტის 6.4 პუნქტთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ფროდთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვის არსებობის პირობებში, ხელშეკრულებით განისაზღვროს მხოლოდ მომსახურების იმ შესაბამისი ნაწილის დროებით შეჩერების უფლება, რომელთან მიმართებით არსებობს ფროდის ეჭვი და არა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრული შეჩერების შესაძლებლობა.
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების პროექტის 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც უკავშირდება მათ შორის, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების ისეთ სისტემებს, როგორიცაა Glovo, Wolt და ა.შ. ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებულ მომსახურებად, ვინაიდან, აღნიშნული კომპანიები საქართველოში ოპერირებს ქართული წარმომადგენლობის (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით).
შპს ,,გლობალ სელის“ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების პროექტის მე-3 მუხლსა და 6.5 პუნქტს რომელთა მიხედვით, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მხოლოდ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების გაწევას, ხოლო საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS გაგზავნის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს/შეზღუდოს ამგვარი მომსახურების მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის და თითოეულ ამგვარ SMS-ზე მეორე მხარეს დაარიცხოს საფასური 0.24 ლარის ოდენობით და ასევე, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჯარიმის სახით დაარიცხოს 1000 ლარი. შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს დაცულ იქნას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, ასევე, თუ ხელშეკრულება არ ვრცელდება საერთაშორისო სახის არასტანდარტული SMS მომსახურებაზე, მოწოდებულ იქნას ხელშეკრულების პროექტი სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით და ფასებით ან ხელშეკრულება გავრცელდეს მომსახურების ამ მიმართულებაზეც მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ფასით (0.24 ლარი) საჯარიმო სანქციების გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 5 დეკემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-19-03/3801; 02.12.2019; Nგ-19-03/3802; 02.12.2019;) ეცნობათ შპს ,,გლობალ სელს“ და სს ,,სილქნეტს“.
კომისიის 2019 წლის 5 დეკემბერს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე.
შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების და მტკიცებულებების, ასევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს „გლობალ სელის“ და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით
ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
4. „ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ შპს „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილებით, მოდავე მხარეებს განემარტათ: მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს მობილური სატელეფონო მომსახურების სახეობას. ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოადგენს ორ აბონენტს შორის შეტყობინებას, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია A ნომრიდან B ნომერზე (ე.წ. P2P). რაც შეეხება მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ. Bulk SMS), ამგვარი შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას; მოკლე ტექსტური შეტყობინებების მობილურ ქსელში დასრულების მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტი მიმდინარე ეტაპზე რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შეუძლიათ მიაწოდონ ასეთი მომსახურება სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით; საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში მოკლე ტექსტური შეტყობინების ნებისმიერი მიზნითა თუ დანიშნულებით გაგზავნისას, ოპერატორების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, განურჩევლად გამოყენებული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა. ამდენად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საკუთარ ქსელში დასრულების მომსახურების მიწოდება წარმოადგენს ურთერთჩართვის განუყოფელ ნაწილს, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „გლობალ სელი“, და სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების პირობებსა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა.
ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებაში აღნიშნული საკითხი და მოთხოვნები შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადებაში აღნიშნული საკითხისა და მოთხოვნების იდენტურია. ორივე შემთხვევაში განმცხადებელი სადავოდ ხდის მობილური ოპერატორების მიერ მისთვის შეთავაზებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებს. შესაბამისად, შპს ,,გლობალ სელის“ ორივე განცხადებაში აღნიშნული საკითხები და მოთხოვნები ერთგვაროვანია და სამართლებრივად დაკავშირებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებების უფრო სწრაფად და სწორად განხილვისთვის, აუცილებელია შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებისა და 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადების განხილვის თაობაზე საქმეები გაერთიანდეს ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის.
კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის Nგ-19-16/655 გადაწყვეტილებით შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადების განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 19 დეკემბერი. შესაბამისად, შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადების განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს ასევე, 2019 წლის 29 დეკემბერი და აღნიშნული განცხადება განხილულ უნდა იქნას შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადებასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებისა და 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადების განხილვის თაობაზე საქმეები გაერთიანდეს ერთ წარმოებად და შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებების განხილვა გაიმართოს ერთად, 2019 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე;
2. საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს „გლობალ სელის“ და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ 2019 წლის 28 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. დაევალოთ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე) და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული SMS მომსახურების ხელშეკრულების პროექტის პირობების შესწავლა იმ ნაწილში, რომელსაც სადავოდ ხდის შპს ,,გლობალ სელი“ და 2019 წლის 17 დეკემბრამდე წერილობითი დასკვნის წარმოდგენა აღნიშნული პირობების სამართლიანობის, გონივრულობისა და არადისკრიმინაციულობის თაობაზე, კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი