შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2020 22:56
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019
შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხმა“ (ს/ნ 405360087) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4745, 10.12.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული მაუწყებლობა (სიუჟეტები ბიზნეს კომპანიებზე, ვიდეო მიმოხილვები, რეპორტაჟები ტურისტული, სამშენებლო, სადაზღვევო, საბანკო სექტორიდან, სიუჟეტები სტარტაპების შესახებ, ბიზნეს ფორუმების, კონფერენციების, პრესკონფერენციების გაშუქება);
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის გავლიდან 3 თვეში;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „FIN CHANNEL (ფინ ჩენელ)“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც დადასტურებულია აუდიტორული კომპანიის მიერ;
6. შპს „ინტელიჯენს გრუპ“-ის წერილი მის მიერ დაფუძნებული შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხის“ დაფინანსების მზაობის შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების მე-3, მე-6 და მე-8 პუნქტები არასწორად იყო შევსებული, კერძოდ:
ა) განცხადების მე-3 პუნქტში სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის თემატიკა/თემატიკების ნაცვლად მითითებული იყო გადაცემების და სიუჟეტების დასახელებები;
ბ) იმ შემთხვევაში თუ კომპანიას სურს მაუწყებლობა შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით განცხადების მე-6 მუხლის ა) ქვეპუნქტის მაგივრად მითითებული უნდა იყოს დ) ქვეპუნქტი (მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები). შესაბამისად მე-8 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მაგივრად ასევე მითითებული უნდა იყოს დ) ქვეპუნქტის შესაბამისი ხელმისაწვდომობა.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი: ა) შესაბამისობის დეკლარაცია;
ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);
გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ; კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-03/3912, 13.12.2019წ.). აღნიშნული წერილით კომპანიას ასევე განესაზღვრა განმარტების წარმოდგენა დაფინანსებასთან დაკავშირებით. გაგზავნილი წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 13 დეკემბერს. შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. კომპანიამ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2019 წლის 26 დეკემბერს (წერილი №შ-19-6/5000,26.12.2019წ.).
კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სსხდომას არ ესწრებოდა შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხის“ წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2019 წლის 27 დეკემბერს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხს“ (ს/ნ 405360087) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ფაინენშელის სატელევიზიო არხისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე