წვდომის მენიუ

შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-19-12 / 702

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 10:06

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4599; 28.11.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-16/355 გადაწყვეტილებით განხორციელდა P2P და A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების განმარტება. აგრეთვე, ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების მიერ ასეთი მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით.

შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებით, კომპანიამ გაუგზავნა შეტყობინებები A2P (ე.წ. Bulk  SMS)    მომსახურებით    მოსარგებლე    ავტორიზებულ    პირებს,  რათა მათთან გაეფორმებინათ სათანადო ხელშეკრულება აღნიშნულ მომსახურებაზე. შპს ,,ვიონი საქართველოს“ განმარტებით, მათ შესთავაზეს ავტორიზებულ პირებს A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული მომსახურების პირობები.

შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებით, კომპანიასა და შპს ,,გლობალ სელს“ შორის ვერ შედგა შეთანხმება A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულების ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ მისცეს თანხმობა 2020 წლის პირველი იანვრიდან შეაჩეროს მის ქსელში შპს ,,გლობალ სელის“ მიერ გამოგზავნილი A2P (ე.წ. Bulk SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 5 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,გლობალ სელს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით (N გ-19-03/3803; 02.12.2019; N გ-19-03/3804; 02.12.2019). კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი.

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების და მტკიცებულებების, ასევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს „გლობალ სელის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის  შედეგად,   კომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება  (Nგ-19-16/681;  05.12.2019)  შპს ,,გლობალ  სელთან“ ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე  თანხმობის  მიცემის  თაობაზე  შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, კერძოდ, განცხადების განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,   მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო, კერძოდ, კომისიის თანხმობის გარეშე შპს ,,გლობალ სელისთვის“ ურთიერთჩართვის შეჩერების გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების თაობაზე მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აღნიშნული განცხადებით შპს ,,გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, თუმცა, არ მიუთითებია რა ნაწილში ითხოვდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. ამავე განცხადებით კომისიას ეცნობა, რომ მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შედეგად შპს ,,გლობალ სელი“ მოკლებულია შესაძლებლობას A2P ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინებების  მომსახურება  გაუწიოს  მომხმარებლებს,  რის გამოც არაერთმა მომხმარებელმა მიიღო გადაწვეტილება შპს ,,გლობალ სელთან“ სახელშეკრულებო  ურთიერთობის  შეწყვეტის  თაობაზე,  რის  დასადასტურებლად შპს ,,გლობალ სელი“ უთითებს თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაზე მომხმარებლებთან.

კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს ,,გლობალ სელის“ ურთიერთჩართვების მენეჯერი დ. კაჭახიძე და ასევე, შპს ,,გლობალ სელის“ დამფუძნებელი გ. ზვიადაძე. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4873; 18.12.2019) თაობაზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გასაჯაროების გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2019 წლის 11 დეკემბერს Nგ-19-08/3902 კომისიამ წერილობით (Nგ-19-08/3902; 11.12.2019) მოითხოვა შპს ,,ვიონი საქართველოსგან“ და სხვა მობილური ოპერატორებისგან როგორც სტანდარტული, ასევე, არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების თაობაზე საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებთან და სხვა ავტორიზებულ პირებთან, ასევე, უცხო ქვეყნის პარტნიორ     კომპანიებთან     გაფორმებული     ხელშეკრულებების     წარმოდგენა,    რაც აუცილებელი იყო შპს ,,ვიონი საქართველოსა“ და სხვა მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული ხელშეკრულებების პროექტების პირობების სამართლიანობის, გონივრულობის და არადისკრიმინაციულობის დასადგენად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვის დროს გაირკვა, რომ მობილურ ოპერატორებს სრულად არ ჰქონდათ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო შპს ,,ვიონი საქართველოს“     არ ჰქონდა წარმოდგენილი არცერთი მოთხოვნილი დოკუმენტი. შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი. ესართიას განმარტებით, მობილურ ოპერატორებთან და სხვა ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაში შედის 2020 წლის პირველი იანვრიდან, კომისიაში წარმოადგინეს საათნახევრის წინ. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ  განაცხადა, რომ  მათ აღნიშნული დოკუმენტაცია არ  მიუღიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა გადაიდო 2019 წლის 30 დეკემბრისთვის.

კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ კომისიის წინაშე იშუამდგომლომა შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის მიზნით კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.

შპს ,,გლობალ სელის“ გაცხადება (Nშ-19-6/4334; 11.11.2019)    ეხება შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების (A2P SMS და Bulk SMS მომსახურება) მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელისთვის“    შეთავაზებული ხელშეკრულების პირობებს და კომისიის მიერ ამ პირობების სამართლიანობის, გონივრულობისა და არადისკრიმინაციულობის დადგენას.   შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული მომსახურების პირობების სამართლიანობა, გონივრულობა და არადისკრიმინაციულობა სადავო ნაწილში, რის გამოც შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვა დაინიშნა ა/წ 19 დეკემბერს, შპს ,,გლობალ სელის“ გაცხადების (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვის შემდგომ. თუმცა, მობილური ოპერატორების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენისა და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა გადაიდო 2019 წლის 30 დეკემბრისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის  ოპერატორის  მიერ  მოქმედი  ურთიერთჩართვის  ხელშეკრულების  პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე კომისიაში შემოსულია 2019 წლის 28 ნოემბერს. შესაბამისად, შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების“ განხილვის ერთთვიანი ვადა იწურება 2019 წლის 28 დეკემბერს, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვის დღემდე. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ აღნიშნული წარმოების ფარგლებში არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ან/და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა  მისი    მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ამდენად, შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია შპს ,,გლობალ სელის“ (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი. ესართიას მიერ კომისიის სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ   შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც არ ზღუდავს შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართოს კომისიას შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერჩართვის შეჩერებაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით,   შპს ,,გლობალ სელის“ (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განცხადებაში აღნიშნული საკითხის კომისიის მიერ გადაწყვეტის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე და 96-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება შპს ,,გლობალ სელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;

2.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ და შპს ,,გლობალ სელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3.     გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები