შპს „ალიანსი ტივის“ (ს/კ 206326288) წილის 6%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2019 10:34
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019
შპს „ალიანსი ტივის“ (ს/კ 206326288) წილის 6%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ალიანსი ტივიმ“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №19-6/4701 06.12.2019), შპს „ალიანსი ტივის“ წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნაირა ეპიტაშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ალიანსი ტივი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ალიანსი ტივის“ წილის 31%-ს ფლობს ფიზიკური პირი მარიკა ბერუაშვილი, წილის 30%-ს - ფიზიკური პირი ნაირა ეპიტაშვილი, წილის 17%-ს - ფიზიკური პირი თამაზ ოთარაშვილი, წილის 16%-ს - ფიზიკური პირი დავით ბედიაშვილი, წილის 6%-ს - ფიზიკური პირი მაია ბერუაშვილი. კომპანიის დირექტორია დავით ბედიაშვილი.
შპს „ალიანსი ტივის“ ერთ ერთ პარტნიორს, წილის 30%-ის მფლობელ - ფიზიკურ პირ ნაირა ეპიტაშვილს, აქვს განზრახვა შეიძინოს შპს „ალიანსი ტივის“ პარტნიორის მაია ბერუაშვილის კუთვნილი 6%-იანი წილი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ალიანსი ტივის“ წილის 6%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ნაირა ეპიტაშვილი, სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ალიანსი ტივი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს თბილისში. შპს „ალიანსი ტივის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის 10 თვეში შეადგინა 107025 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 684 აბონენტი, რაც თბილისში მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების საერთო რაოდენობის 0,26%-ს შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ნაირა ეპიტაშვილის მიერ შპს „ალიანსი ტივის“ წილის 6%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ნაირა ეპიტაშვილის მიერ შპს „ალიანსი ტივის“ წილის 6%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ალიანსი ტივის“, შპს „ალიანსი ტივის“ წილის 6%-ის ფიზიკურ პირ ნაირა ეპიტაშვილის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ალიანსი ტივის“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ალიანსი ტივი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ალიანსი ტივისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალიანსი ტივისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ალიანსი ტივისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი