წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს (ს/კ 404587844) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-11 / 691

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2019 12:52

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს (ს/კ 404587844) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2019 წლის 5 დეკემბერს №064 წერილით მიმართა შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4693 05.12.2019), შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1    ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა 

B.M.1   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2  მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

შპს „მაიფონი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N38, N167, N168, N228, N229, N265, N372, N384, N444, N449, N451, N488, N493 უფლებებს.

შპს „მაიფონი“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით.

შპს „მაიფონის“ აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 10003  აბონენტი.

ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებიდან  (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა   2019 წლის 10 თვის განმავლობაში შეადგინა - 1.167.612 ლარი.

შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი, ხოლო წილის 50%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი. შპს „მაიფონის“ დირექტორია გიორგი დალაქიშვილი.

შპს „ვ.კ“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

შპს „ვ.კ“-ს დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ვლადიმერ ზეინკლიშვილი.

შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს შეძენის შემთხვევაში, კომპანიის პარტნიორებს შორის წილები გადანაწილდება შემდეგი პროპორციით:   შპს „ვ.კ“ - 70%, გიორგი დალაქიშვილი - 20%, ანზორ ბუბუტეიშვილი - 10%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შეძენის მსურველი შპს „ვ.კ“-ს, ასევე შპს „ვ.კ“-ს დირექტორისა და წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ვლადიმერ ზეინკლიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წილის 100%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „იუ თი ეს“-ში. შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „იუ თი ეს“-ის აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 221 აბონენტი, ხოლო ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა   2019 წლის 10 თვის განმავლობაში შეადგინა - 42 251 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შპს

„ვ.კ“-ს მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის შპს „ვ.კ“-ს მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები