სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ (ს/კ 206350599) და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ (ს/კ 204577699) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2019 12:47
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019
სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ (ს/კ 206350599) და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ (ს/კ 204577699) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2019 წლის 27 ნოემბერს №17374 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4615 29.11.2019) მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირმა სსიპ „სმართ ლოჯიქმა“, სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სსიპ „სმართ ლოჯიქი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს.
სსიპ „სმართ ლოჯიქს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ ავტორიზებული საქმიანობის ძირითადი სახეა ჰოსტინგით მომსახურება და მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება. სსიპ „სმართ ლოჯიქის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2019 წლის 10 თვეში შეადგინა 103144 ლარი.
სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ ახდენს.
შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სსიპ „სმართ ლოჯიქს“, სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმაზე;
2. განემარტოს სსიპ „სმართ ლოჯიქს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ „სმართ ლოჯიქისა“ და სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმის შემთხვევაში, სსიპ „სმართ ლოჯიქი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „სმართ ლოჯიქისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სსიპ „სმართ ლოჯიქისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი