წვდომის მენიუ

ა(ა)იპ ,,არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 643 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2018 10:47

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

ა(ა)იპ ,,არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 

I.     აღწერილობითი ნაწილი

2018 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 9 ნოემბრის შ/№10/5920-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია; CD) ერთად. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლების მონიტორინგი, რომლის შედეგად  გამოვლინდა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს სარეკლამო რგოლში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი მიმართავენ მოსახლეობას და აანონსებენ მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს, ამასთან, სარეკლამო რგოლში ისმის მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ და რგოლი მიმართულია მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, ხოლო 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი ადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებების წესებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/ წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილებით აცნობა მაუწყებლებს, მათ შორის  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამის და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული განკარგულების შემდეგ.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათისა და მასზე დართული  მასალების საფუძველზე (წერილობითი დოკუმენტაცია; CD), 2018 წლის 19 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 22 ნოემბერს, რის შესახებ კომპანიას  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№03/3701-18; 19.11.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 21 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 21.11.2018; N6/6190-18), სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში  განთავსებული ვიდეორგოლი არ წარმოადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას და მასში მოყვანილი მოსაზრებები საინტერესოა საზოგადოებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხით.

2018 წლის 22 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ იურისტი ბ. ფერაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას და მასში მოყვანილი მოსაზრებები საინტერესოა საზოგადოებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხით. მან, ასევე, აღნიშნა, რომ კომპანიის ეთერში, რეკლამის ჭრილში განთავსებული ვიდეორგოლი წარმოადგენს სოციალურ რეკლამას.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 9 ნოემბერის №შ-10/5920-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №04/3546-18 და 2016 წლის 12 ოქტომბრის N4/3699-16 წერილები და აღნიშნული წერილის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვიდეორგოლების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი - CD) ერთად;

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივთან“ დაკავშირებით;

3.  2018 წლის 21 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 21.11.2018; N6/6190-18);

4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.  

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები  

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015). შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

მტკიცებულება: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლების მონიტორინგი, რის შედეგად გამოავლინა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  ეთერში, სარეკლამო ჭრილში, განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი მიმართავენ მოსახლეობას და აანონსებენ მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს. ამასთან, სარეკლამო რგოლში ისმის მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ და მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 9 ნოემბერის №შ-10/5920-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ( ვიდეორგოლების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი - CD) ერთად.

3. კომისიიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილებით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“  ეცნობა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემულ განკარგულებამდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დაუშვებლობის თაობაზე.

მტკიცებულება: კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილები

4. კომისიის 2018 წლის  9 აგვისტოს №462/18 გადაწყვეტილებით - „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“  დაეკისრა ჯარიმა 3132,36 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის 2018 წლის  9 აგვისტოს №462/18 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება,  ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  ეთერში, სარეკლამო ჭრილში, განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი მიმართავენ მაყურებლებს/მსმენელებს და აანონსებენ მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს, ამასთან, სარეკლამო რგოლში ისმის მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ და რგოლი მიმართულია მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსისაა და არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ თავის ეთერში სოციალური რეკლამის სახით განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომლის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ თავის ეთერში  სოციალური რეკლამის სახით განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია რეკლამის გავრცელებისა და შინაარსის წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად,  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“  განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №462/18 გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევისთვის დაეკისრა ჯარიმა და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ჩადენილია იგივე სახის დარღვევა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა, კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პასუხის თანახმად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობა შეადგენს 5637.38 ლარს. შესაბამისად, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა 5637.38 ლარის ოდენობით.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ), ჰ7) და ჰ14) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე  და 72-ე მუხლების, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაეკისროს ჯარიმა 5637.38 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის  დარღვევის გამო.

2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;  სახაზინო კოდი -  300693251;

ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ამირიძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“  ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების გარდა)  დაევალოს  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები