წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 57 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2018 16:04

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2018

შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№431/05-8 229.01.2018; 2/039-18 29.01.2018; კომისიაში რეგისტრაციის №6/456-18 29.01.2018) მიმართეს შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“,  შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან

მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დამავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.

                კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:

-          მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №498/9 31.08.2007 გადაწყვეტილება);

-          ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (კომისიის №428/9 17.09.2010 გადაწყვეტილება);

-          ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე (კომისიის №57-9 29.01.2015 გადაწყვეტილება);

-          ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე (კომისიის №610/9 13.11.2009 გადაწყვეტილება);

-          საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №620/9 06.11.2014 გადაწყვეტილება);

-          სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №620/9 06.11.2014 გადაწყვეტილება).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:

-          მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (კომისიის №240/9 21.05.2010 გადაწყვეტილება);

-          ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე (კომისიის №610/9 13.11.2009 გადაწყვეტილება);

-          ბოლო მომხმარებელზე მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (კომისიის №26/9 25.01.2011 გადაწყვეტილება).

შესაბამისად, ვინაიდან ტრანზაქციაში მონაწილე ორივე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კვლევისათვის გათვალისწინებულ იქნას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამ თვიანი ვადა.  

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 6 მარტს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები