შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2018 9:36
მიღების თარიღი ივლისი 26, 2018
შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების
19,5%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 10 ივლისს №01-02/9781 წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3279-18, 10.07.2018), შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ, ჯამში 100%-ის მფლობელის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის თეიმურაზ არონიას („ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის მფლობელი) კუთვნილი აქციების შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის №677/11 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინზე“ დაკისრებული ვალდებულების თანახმად: „შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე“.
შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის 10 ივლისის №01-02/9781 წერილის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, „ნელგადო ლიმითედის“ მიერ გამოშვებული აქციების (63,736 აქცია) 19,5%-ის მფლობელია თეიმურაზ არონია (12,428 აქცია), რომლის კუთვნილი აქციების სრულად შეძენის განზრახვა აქვს კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედს“ („Nexus Group Limited“).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორები არიან:
- უცხოური საწარმო „International Online Networks LLC“ (“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია) – წილის 52,73%-ის მფლობელი;
- “ნელგადო ლიმითედი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) – წილის 47,27%-ის მფლობელი.
შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორია გიორგი შანიძე.
„International Online Networks LLC“-ს პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია “ნელგადო ლიმითედი“. თავის მხრივ “ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორები და აქციების მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (აქციების 37%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თეიმურაზ არონია (აქციების 19,5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თემური კობახიძე (აქციების 19,5%-ის მფლობელი), კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედი“ (აქციების 24%-ის მფლობელი). ამავე დროს, კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ პარტნიორი და აქციების 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ზურაბიშვილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის თეიმურაზ არონიას მიერ კუთვნილი წილის გასხვისების შემდეგ “ნელგადო ლიმითედის“ აქციების მფლობელები (და შესაბამისად შპს „კავკასუს ონლაინში“ წილის არაპირდაპირი მფლობელი ფიზიკური პირები) იქნებიან:
- ხვიჩა მაქაცარია- 23,583 აქცია (აქციების 37%-ის მფლობელი);
- თემური კობახიძე - 12,428 აქცია (აქციების 19,5%-ის მფლობელი);
- დავით ზურაბიშვილი („Nexus Group Limited“-ის წილის 100%-ის მფლობელი) – 27,725 აქცია (აქციების 43,5%-ის მფლობელი).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“, შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორის გიორგი შანიძის, შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორების, „International Online Networks LLC“-ს, “ნელგადო ლიმითედის“, “ნელგადო ლიმითიდის“ პარტნიორების - „Nexus Group Limited“-ის, ფიზიკური პირების: ხვიჩა მაქაცარიას, თემური კობახიძის, „Nexus Group Limited“-ის პარტნიორის დავით ზურაბიშვილის აფილირებულობა დგინდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებულ პირ „რკინიგზის ტელეკომთან“. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ხოლო „ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე და ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ, შპს „კავკასუს ონლაინის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება, თეიმურაზ არონიას მიერ მისი კუთვნილი „ნელგადო ლიმითედის“ აქციების სრულად გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, არ არსებობს „ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის თეიმურაზ არონიას მიერ მისი კუთვნილი აქციების კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ („Nexus Group Limited“) მიერ შეძენაზე დამაბრკოლებელი გარემოებები და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს „ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორის თეიმურაზ არონიას მიერ მისი კუთვნილი აქციების კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ („Nexus Group Limited“) მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “კავკასუს ონლაინს“, შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 47,27%-ის მფლობელის „ნელგადო ლიმითედის“ (რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 52,73%-ის მფლობელის - “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ 100%-ის მფლობელს) აქციების 19,5%-ის შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარის, „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ (რომელიც წარმოადგენს „ნელგადო ლიმითედის“ წილის 24%-ის მფლობელს) მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “კავკასუს ონლაინს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, „შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%-ის „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს “კავკასუს ონლაინი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისათვის“გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |