წვდომის მენიუ

შპს „ვიფი ლინეს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 681 / 12

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2017 11:02

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2017

შპს „ვიფი ლინეს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს „ვიფი ლინემ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/6808-17, 11/09/2017) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შპს „ვიფი ლინე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2014 წლის 23 აპრილს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3     ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

WiFi.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2017 წლის ივლისის თვეში შპს „ვიფი ლინეს“ სახელზე ფიქსირდებოდა 40 ინტერნეტ აბონენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №16/3169-17, 20/09/17წ., რომელიც შპს „ვიფი ლინეს“  არ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით 2017 წლის 27 სექტემბერს წერილი გაეგზავნა  ელექტრონულ მისამართზე). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ვიფი ლინეს“ სახელზე ფიქსირდება 10 ინტერნეტ აბონენტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს ”ვიფი ლინეს” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/6808-17, 11/09/2017) ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                         მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები