წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობზე

ნომერი: 676 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2017 18:46

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2017

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მომართეს ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (შ-6/7120-14;20.09.2017), მპგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (შ-6/7285-17;26.08.2017), „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორიმა კომისიამ “ ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (შ-6/7127-17;20.09.2017), მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“  (შ-6/7145-17;21.09.2017) და მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (შ-6/7259-17;25.09.2017) განცხადებებთან დაკავშირებით.

ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შ-6/7120-14;20.09.2017) განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული სოციალური რეკლამის სტატუსით. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ის არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის  მოთხოვნებს.  ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას რჩებოდა ერთი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვიდეორგოლი მაუწყებელში განეთავსებინა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებასთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.

ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-2017 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ, ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ითხოვს საკითხის შესწავლას და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას.

მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (შ-6/7285-17;26.08.2017) განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღიდან მაუწყებლების მიერ, წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების რეკლამირება (წარმოდგენილია ვიდეო კლიპები - 1 CD). აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმოებულ საარჩევნო კამპანიას, რაც დაუშვებელია. აღნიშნული მიზნად ისახავს პარტია „ქართული ოცნების“  მიმართ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც განიხილება წინასაარჩევნო აგიტაციად.

მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დასახელებული კლიპი სამაუწყებლო ბადეებში განთავსდა მას შემდეგ, რაც დაინიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები. მომზადებული სატელევიზიო კლიპი სახელწოდებით „გაკეთდა თბილისისთვის“ არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სოციალური რეკლამა, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური სტასუსის არის რეკლამა, რომელიც „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის მიმართული, არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო ხასიათის და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ სატელევიზიო კლიპში კი საუბარია სწორედ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სამთავრობო და ადგილობრივი დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამუშაოების დემონსტრირებაზე, არა არის თავსებადი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსით  გათვალისწინებული წინასაარჩევნო კანონის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ნორმების, თუმცა წარმატებით იღებს პარტია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი წინასაარჩევნო სააგიტაციო რეკლამის სახეს.

მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან განხორციელებულ უკანონო, აკრძალულ შემოწირულობას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შსახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია შემოწირულობების მიღება სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან განხორციელებული მოქმედებები არ იძლევა სამართლიან გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისა და მიმდინარეოის საშუალებას. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურ და ქმედით რეაგირებას.

კომისიაში ასევე შემოსულია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“  (კომისიაში რეგისტრაციის შ-6/7127-17;20.09.2017, შ-6/7145-17;21.09.2017 და შ-6/7259-17;25.09.2017) წერილები ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“,  მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ და მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული წერილებით კომისიაში წამოდგენილია  ზემოაღნიშნული პირების მიერ მათთან წარდგენილი განცხადებები და ითხოვენ  კომპენტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლას.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“  (კომისიაში რეგისტრაციის შ-6/7145-17;21.09.2017) წერილში აღნიშნულია, რომ  მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ პერიოდში ტელემაუწყებლების მეშვეობით, აგრეთვე ინტერნეტ რეკლამის სახით ინტენსიურ ფორმატში ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და მის  სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ დაკვეთილი სხვადასხვა სახის ვიდეორგოლები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების, მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ფორმით გაწეული მომსახურების შესახებ. მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-6 პუნქტს. ამასთან, ზემოაღნიშნული რეკლამა (ვიდეო რგოლები) წარმოადგენს აშკარა მინიშნებას ამ პერიოდში ქ. თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ. ასევე, თვლიან რომ აღნიშნული რეკლამის სახე არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწნებულ სოციალური რეკლამის სახეს. მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თვლის, რომ  ადგილი აქვს მმართველი პარტიის მიერ მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის მოპოვებას წინასაარჩევნო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

კომისია აღნიშნავს, რომ წერილობით (N04/3184-17;22.09.2017 და 04/3223-17;27.09.2017) მიმართა მაუწყებლებს სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლების („გაკეთდა თბილისისთვის“ – 1.„თბილისის მასშტაბით განხორციელებული მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“, 2. „2014 წლიდან დღემდე თბილისის მასშტაბით მოეწყო არაერთი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერებსა და ბაღებს“ და 3. „ბავშვობა იწყება იქ, სადაც ყველა ბედნიერია და სადაც ბევრი მხიარულებაა. თბილისის ბაღებში შექმნილია გარემო, სადაც ბავშვზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია“) თაობაზე და აღნიშნული რგოლების მათ სამაუწყებლო ბადეში განთავსების შემთხვევაში ითხოვა კომპანიებს ეცნობებინათ თუ რა სტატუსით განთავსდა ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლები და წარმოედგინათ შესაბამისი ხელშეკრულებები.

კომისიამ ასევე წერილობით (N03/3203-17;27.09.2017 და N03/3217-17;27.09.2017)  მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა მაუწყებლების ეთერში რეკლამის განთავსების მიზნით ქ. თბილისის მერიის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება.

კომისიის წერილების (N03/3203-17;27.09.2017 და N03/3217-17;27.09.2017) პასუხად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილ(ებ)ი (შ-4/7512-12;2.10.2017 და შ-4/7571-17;4.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით, კერძოდ  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბრავო მედიას“ შორის  2017 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“. წარმოდგენილი ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ობიექტია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსების მომსახურების შესყიდვა. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად. ხოლო, 3.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ადგილია „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის  და „ტელეიმედის“ სატელევიზიო ეთერები.

კომისიის წერილების (N04/3184-17;22.09.2017 და 04/3223-17;27.09.2017) პასუხად, კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კამპანია რუსთავი 2“-ის წერილები (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/7504-17;2.10.2017 და შ-6/7526-17;2.10.2017) თანდართული დოკემენტით (შპს „ინტერ მედიასა“და „ბრავო მედიას“ შორის ასრებული გენერალური ხელშეკრულების დანართი), რომელშიც აღნიშნულია, რომ   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ში სარეკლამო დროის რეალიზაციას ახორციელებს გაყიდვების სახლი, შპს „ინტერ მედია“, რომელიც თავის მხრივ ურთიერთობს სარეკლამო სააგენტოებთან და სარეკლამო დამკვეთებთან. სარეკლამო დამკვეთებთან შპს „სამაუწყებლო კამპანია რუსთავი 2“-ს არ აქვს უშუალო სახელშეკრულებო ურთიერთობები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ინტერ მედიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებული კლიპები განთავსდა კომერციული რეკლამის ტარიფებით. ხოლო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  რეკლამის დამკვეთი არის სარეკლამო სააგენტო „ბრავო მედია“ და უშუალო სარეკლამო დამკვეთი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კომისიის წერილების (N04/3184-17;22.09.2017 და 04/3223-17;27.09.2017) პასუხად, ასევე კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/7614-17;5.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ინტერ მედიასა“ და „ბრავო მედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დანართები), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის წერილებში მითითებული ვიდეო რგოლები შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სტატუსით შპს „ინტერ მედიას“ მიერ.

საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც მოწვეულ იქნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია“.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (Nშ-10/7612-17;5.10.2017) კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ეთხოვა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განთავსებულ კლიპებთან „გაკეთდა თბილისისთვის“ დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/7612-17;5.10.2017) პასუხად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (შ-10/7746-17;9.10.2017) აღნიშნულია, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

წარმოდგენილი ვიდეო რგოლების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის. აღნიშნული ვიდეო რგოლებით ხორციელდება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება და შესაბამისად, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს.

კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი და ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი (ანალიტიკოსი) მარიამ გოგიაშვილი.

ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა მარიამ გოგიაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კლიპები, რომლებიც არ იყო სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული და არც კომერციული რეკლამის სტატუსით იქნებოდა განთავსებული, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვთ უფლება დააფინანსონ ტელემაუწყებლები, რაც ჩაითვლებოდა კანონდარღვევად. შესაბამისად, ვიდეო რგოლების განსათავსებლად დარჩა ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს ყოფილიყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაკეთებული ვიდეორგოლები, თუმცა განმცხადებელს მიაჩნია, რომ ამ კლიპებში არ იყო ინფორმაცია, რომელიც იქნებოდა აუცილებლად საზოგადოებისთვის მისაწოდებელი, რადგან ძირითადად შეიცავდა  ინფორმაციას დაგებულ გზებზე, განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე, რისი ჩვენებაც არ არის საზოგადოებისთვის აუცილებელი, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან შესაძლებელია, მოსახლეობის მიერ ეს ყოველივე აღქმულ იქნეს როგორც რეკლამა. მათი აზრით, ეს აუცილებლად მოექცევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის მუხლში, თუ არ იქნება უფრო დეტალურად განსაზღვრული, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. წარმოდგენილ კლიპში არ არის საზოგადოების გაფრთხილება მოსალოდნელი მოვლენის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისად, გაკეთებული გზა უფრო რეკლამის კონტექსტში განიხილება, ვიდრე საზოგადოებისთვის მისაწოდებელი მნიშვნელოვანი ინფორმაციის კონტექსტში. მ.გოგიაშვილმა ღნიშნა, რომ განმცხადებლების მიზანი არ არის მაუწყებლების დაჯარიმება ან სანქცირება. თუ სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით აქვთ მაუწყებლებს ვალდებულება, რომ შინაარსობრივად განიხილონ წარდგენილი კლიპები, არ იქნებოდა ურიგო, რომ არსებობდეს სტანდარტი, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციად.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს რეკლამა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა კომერციული ტარიფით. რეკლამა იყო  წარმოდგენილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით და განთავსდა ჩვეულებრივი კომერციული რეკლამის ტარიფით, როგორც სხვა დამკვეთის შემთხვევაში ხდება. თ.მურადაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განსაკუთრებული ტარიფი არ მოქმედებს, მაუწყებლისთვის არის რიგითი დამკვეთი. თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ წინა არჩევნების დროს დადგა ეს საკითხი იმ კუთხით, არის თუ არა ეს კანონდარღვევა და თუ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს ადმინისტრაციული ორგანო. საკითხი არის მნიშვნელოვანი და უნდა გადაწყდეს, რათა მაუწყებელმა იცოდეს, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ რეკლამას უნდა ჩაუტაროს თუ არა განსაკუთრებული ექსპერტიზა და შემდეგ კომისიას მიაწოდოს შეფასებისთვის ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიების რეკლამების შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს კითხვის ნიშნები. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მთლიანი წლის განმავლობაში შეისყიდა საეთერო დრო და როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფრომაცია, წარმოადგენს რეკლამებს. ამჯერადაც წარმოდგენილი იყო რიგითი რეკლამა საკუთარი სურვილისამებრ. იმის გამო, რომ დაემთხვა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდს და მასში ასახული იყო 2014-2017 წლების მოვლენები, ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, თუმცა კლიპის შინაარსობრივი შეფასება კომისიის პრეროგატივაა და მისი გადასაწყვეტია, შეიცავს თუ არა აღნიშნული კლიპი კანონდარღვევის ნიშნებს.

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ანდრო ლაშხმა აღნიშნა, რომ აღნიშნული რეკლამა არ არის კომერციული რეკლამა. ეს ვიდეომასალა ეთერში განთავსებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის თანახმად, რაც დასაშვებია როგორც ტელეკომპანიის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსთვის. მისი აზრით, იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის, არის ძალიან სუბიექტური საკითხი. მისთვის უცნობია, ტელეკომპანიამ რა ხერხით უნდა დაადგინოს ეს. კანონი პირდაპირ არც მიუთითებს ტელეკომპანიის ვალდებულებაზე, შეისწავლოს, არის თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის კიდეც მნიშვნელოვანი კლიპში ასახული ინფორმაციის მიღება, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში.  წარმოუდგენელია იმის დამტკიცება, რომ ეს ინფორმაცია არ იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. შპს „ტელეიმედის“ მხრიდან კანონდარღვევის ფაქტს ადგილი არ აქვს. ა. ლაშხმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ არ უნდა გააფრთხილოს მაუწყებლები, რადგანაც სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მან დაამატა, რომ ამ პროცესში უსამართლოდ მიაჩნია მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება მაუწყებლის მიმართ.  მაუწყებლები, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა,  არიან კერძო სუბიექტები, ბიზნეოპერატორები, რომელთაც მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ საზოგადოების წინაშე, რომელთაც პირნათლად ასრულებენ. მოთხოვნა იმისა, რომ მაუწყებელმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწოდებული მასალა შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწოდებს საზოგადოებას, ზედმეტად მიაჩნია.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება (შ-6/7120-17; 20.09.2017);
  2. მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება (შ-6/7285-17; 26.08.2017);
  3. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ წერილი ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით  (შ-6/7127-17; 20.09.2017);
  4. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ წერილი მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ განცხადებასთან დაკავშირებით (შ-6/7145-17; 21.09.2017);
  5. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ წერილი მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან) დაკავშირებით (შ-6/7259-17; 25.09.2017);
  6. კომისიის წერილები გაგზავნილი მაუწყებლებთან (N04/3184-17; 22.09.2017 და 04/3223-17; 27.09.2017);
  7. კომისიის წერილები გაგზავნილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან (N03/3203-17; 27.09.2017 და N03/3217-17; 27.09.2017);
  8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები (Nშ-4/7512-17; 2.10.2017 და Nშ-4/7571-17; 4.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბრავო მედიას“ შორის  2017 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“);
  9. შპს „სამაუწყებლო კამპანია რუსთავი 2“-ის წერილები (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/7504-17; 2.10.2017 და შ-6/7526-17; 2.10.2017) თანდართული დოკემენტით (შპს „ინტერ მედიასა“და „ბრავო მედიას“ შორის ასრებული გენერალური ხელშეკრულების დანართი);
  10. შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/7614-17; 5.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ინტერ მედიასა“ და „ბრავო მედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დანართები);
  11. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/7612-17; 5.10.2017);
  12. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/7746-17; 9.10.2017);
  13. ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის მარიამ გოგიაშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  14. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თამთა მურადაშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის ხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  15. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ანდრო ლაშხის მიერ კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიას განცხადებებით მომართეს ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, მპგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ“ ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, მპგ „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისათვის“) და მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან დაკავშირებით; განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ ვიდეო რგოლები „გაკეთდა თბილისისთვის“ თავისი შინაარსით წარმოადგენენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე;

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბრავო მედიას“ შორის  2017 წლის პირველ ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ობიექტია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსების მომსახურების შესყიდვა (ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე), განცხადების ნომერი - NAT170004433). ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად. ხოლო, 3.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ადგილია „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის  და „ტელეიმედის“ სატელევიზიო ეთერები;

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ განმარტებიდან ირკვევა, რომ მათი სარეკლამო დროის რეალიზაციას ახორციელებს შპს „ინტერ მედია. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადებული ვიდეო რგოლები „გაკეთდა თბილისისთვის“ განთავსდა შპს „ინტერ მედიას“ მიერ შპს „ბრავო მედიასთან“ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. ხოლო, „ბრავო მედიას“ უშუალო სარეკლამო დამკვეთი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

4. 2017 წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსდა შემდეგი შინაარსის 3 სხვადასხვა ვიდეორგოლი სახელწოდებით „გაკეთდა თბილისისთვის 2014-2017“:

4.1 „თბილისის მასშტაბით განხორციელებული მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, 5 მილიონ კვადრატულ მეტრამდე დაგებული ასფალტის საფარი, ახალი გზები და მიმართულებები, განახლებული და რეაბილიტირებული ხიდები, მოწესრიგებული საინჟინრო ნაგებობები, აღდგენილი ინფრასტრუქტურა და საცობებისაგან განტვირთვის მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გაკეთდა თბილისისთვის“. ვიზუალურად ჩანს წარწერა „გაკეთდა თბილისისთვის 2014-2017“;

4.2 „2014 წლიდან დღემდე თბილისის მასშტაბით მოეწყო არაერთი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერებსა და ბაღებს, გამოიცვალა ინვენტარი, დედაქალაქის ათივე რაიონში შეიქმნა ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა „LED“ სანათები, მოეწყო სარწყავი სისტემა და მწვანე სივრცეები. გაკეთდა თბილისისთვის“, ვიზუალურად ჩანს წარწერა „გაკეთდა თბილისისთვის 2014-2017“ ;

4.3 „ბავშვობა იწყება იქ, სადაც ყველა ბედნიერია და სადაც ბევრი მხიარულებაა. თბილისის ბაღებში შექმნილია გარემო, სადაც ბავშვზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული, თანამედროვე გარემო, სადაც ჩვენი შვილების მომავალი იწყება. სწორედ აქ ემსგავსება ბავშვობა ნამდვილ ზღაპარს. გაკეთდა თბილისისთვის“ ვიზუალურად ჩანს წარწერა „გაკეთდა თბილისისთვის 2014-2017. თბილისში დღეს 12 ახალი ბაღია“;

5. სადაო ვიდეორგოლები თავისი შინაარსით არ წარმოადგენენ არც პოლიტიკურ რეკლამას, არც კომერციულ რეკლამას და არც სოციალურ რეკლამას. ვიდეორგოლებში გადმოცემული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებისათვის მნიშნელოვან ინფორმაციად. აღნიშნული ვიდეო რგოლებით ხორციელდება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება და შესაბამისად, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს;

6. შპს ,,ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნ) ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ)7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
  8. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდომოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწვეტის სასარგებლოდ ან საწინააღდეგოდ;
  9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
  10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვიდეორგოლები, რომელიც განთავსებული იქნა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში, არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციად და არ არის მიმართული საზოგადოების  ინფორმირებისაკენ. არ წარმოადგენს არც კომერციულ, არც სოციალურ და არც წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას. ვიდეო რგოლში საუბარია 2014-2017 წლების განმავლობაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკვერებისა და მწვანე სივრცეების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მოწყობის შესახებ. აღნიშნული ვიდეო რგოლებით ხორციელდება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება და შესაბამისად, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2017 წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელშიც წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2014-2017 წლებში განხორციელებული აქტივობები, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდულ იქნა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 272 481 (ორას  სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი, ყველა გადასახადისა და ხარჯის ჩათვლით.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან დაფინანსების მიღებას, რაც გამოიხატა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მომსახურების შესყიდვით, მისი ეთერით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2014-2017 წლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, რითაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონდარღვევით მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას. შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და გავრცელებით, ასევე დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. იმის გათვალისიწნებით, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეებში დღეის მგომარეობით ზემოაღნიშნული ვიდეორგოლები არ არის განთავსებული, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლი ჯ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნ), წ) და ჰ7)ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 661 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
  2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ი და შპს „ტელეიმედი“ გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის და შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge)  გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის და შპს „ტელეიმედისთვის“   ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის და შპს „ტელეიმედისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                  მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები