შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2017 18:32
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2017
შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის, კერძოდ, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიას განცხადებით მომართა „სისტემ ნეტმა“ (№შ-6/6182-17; 17.08.2017).
შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადებაში (№შ-6/6182-17; 17.08.2017) აღნიშნულია, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების შესაბამისად მხარეებს შორის შეწყვეტილი ურთიერთჩართვა შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან აღდგენილ იქნა. ამასთან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 16 აგვისტოს შპს ,,ჯეოსელისგან“ მიიღო წერილი, რომლითაც ის ითხოვს 2017 წლის 24 მაისს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობებზე დათანხმებას. შპს „სისტემ ნეტი“ თავის განცხადებაში უთითებს, რომ ამ დროისთვის მხარეთა შორის მოქმედებს შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილით შემოთავაზებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობები, ხოლო თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მათ უფლება აქვთ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვონ ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების კანონთან შესაბამისი პირობების დადგენა.
შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადების (№შ-6/6182-17; 17.08.2017) თანახმად, შპს „სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 26 ივლისს №03/131 წერილით მიმართა კომისიას და წარმოადგინა შენიშვნები შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-19 მუხლების საფუძველზე შპს „სისტემ ნეტმა“ განცხადებით (№შ-6/6182-17; 17.08.2017) მოითხოვა კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება: ა) შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების დადგენის მიზნით; ბ) ახალი პირობების დადგენამდე, დაევალოს შპს ,,ჯეოსელს“ ურთიერთჩართვის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მხარეთა შორის მოქმედი პირობების შესაბამისად.
კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N589/16 გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის დავის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 21 სექტემბერს. ამასთანავე, შპს ,,ჯეოსელს“ დაევალა შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ შენიშვნებზე პოზიციის წერილობით წარმოდგენა.
შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით შპს „სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 26 ივლისის №03/131 წერილით კომისიაში წარმოადგინა შემდეგი შენიშვნები:
1. ოფერტის 6.1.1 პუნქტით განსაზღვრულია ანგარიშსწორების პირობები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებთან, რომელთაც მოწვევის ოფერტის ძალაში შესვლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ექნებათ დარღვეული მათზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები ,,ჯეოსელის“ მიერ შედგენილი შედარების აქტით. აღნიშნული ფორმულირება ეწინააღმდეგება შედარების აქტის შინაარს, ვინაიდან ამგვარი აქტი წარმოადგენს მხარეთა მიერ ორმხრივად შედარებულ მონაცემებს.
2. ოფერტის 6.1.2 პუნქტით განსაზღვრულია ანგარიშსწორების პირობები იმ ავტორიზებულ პირებთან ვინც არ არიან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირები, რომელთაც მოწვევის ოფერტის ძალაში შესვლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექნებათ დარღვეული მათზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები ,,ჯეოსელის“ მიერ შედგენილი შედარების აქტით. აღნიშნული ფორმულირება ეწინააღმდეგება შედარების აქტის შინაარს, ვინაიდან ამგვარი აქტი წარმოადგენს მხარეთა მიერ ორმხრივად შედარებულ მონაცემებს და არა რომელიმე ერთი მხარის მიერ დადგენილ მონაცემებს.
3. 6.2.2 პუნქტის მიხედვით, მონაცემები ჯეოსელს უნდა გაეგზავნოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 8 რიცხვამდე, ხოლო 6.2.3 პუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირს გადაანგარიშების მოთხოვნა არ წარმოეშობა თუ ,,ჯეოსელისთვის“ ინფორმაცია მიწოდებულია 6.2.2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, მეორე მხარეს ერთმევა უფლება წარუდგინოს ,,ჯეოსელს“ გადაანგარიშების მოთხოვნა, ვინაიდან შესაძლოა გაშვებული ჰქონდეს 6.2.2 პუნქტით დადგენილი ვადები.
4. ოფერტის 6.3.1 და 6.3.2 პუნქტების თანახმად, მინიშნება ხდება წუთების რაოდენობაზე, ანუ ე.წ. „დეპოზიტი“ გულისხმობს გარკვეული რაოდენობის წუთებს და ამიტომ 6.3.2 პუნქტით გაწეული მომსახურების აღრიცხვა უნდა ხდებოდეს წუთების მიხედვით (მაგ. 17 მარტს წინასწარ ჩაერიცხა ,,ჯეოსელს“ 1000 წუთის შესაბამისი თანხა და ამავე რაოდენობის წუთების მომსახურება უნდა იქნას მიღებული მხარის მიერ). ამ პოზიციას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ ოფერტის 6.3.2 პუნქტი მოდის წინააღმდეგობაში ამავე ოფერტის დებულებებთან, რადგანაც შეუძლებელია მოხდეს გადახდა მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, როცა შედარების აქტის ვალდებულება დგება მხოლოდ მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის შემდგომ. ანუ ,,ჯეოსელი“ ყოველთვის მოახდენს ე.წ. ,,დეპოზიტის“ თანხის გახარჯვას ყოველი თვის 5 რიცხვამდე, ე.ი. წინასწარ ჩარიცხული თანხის შინაარსი, ცალსახად უნდა განისაზღვროს როგორც „ავანსი“ და არა „დეპოზიტი“, მიუხედავად იმისა, რას არქმევს მას ,,ჯეოსელი“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსზე დაყრდნობით გაანგარიშებისას გამოყენებულ იყოს ჩარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსი. ასევე, 6.3.2 პუნქტით საანგარიშო თვის განმავლობაში ავტორიზებული პირის მიერ დეპოზიტის სახით ჩარიცხული თანხა ყოველდღიურად დარდება ,,ჯეოსელის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას, იმ დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას და შედარების აქტის გაფორმებისთვის საანგარიშო თვის ბოლო დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. ცალსახად აღნიშნული მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენს ავანსს და არა დეპოზიტს. ასევე ამავე პუნქტის საფუძველზე, თუ დგება დეპოზიტის შევსების ვალდებულება, რატომ არ აქვს მხარეს უფლება მოითხოვოს ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
5. ოფერტის 6.2.5 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ დააბრუნებს შედარების აქტის ხელმოწერილ დედანს, „ჯეოსელს“ უფლება აქვს ამ საფუძვლით შეწყვიტოს ან/და შეაჩეროს მომსახურების გაწევა, რაც უდავოდ უკანონოა.
6. ოფერტის 6.3.1 პუნქტი განსაზღრავს მხოლოდ „ჯეოსელის“ ქსელში დასარულებელი წუთების ოდენობას, შესაბამისად გაურკვეველია უწევს თუ არა ,,ჯეოსელი“ მეორე მხარეს სატრანზიტო მომსახურებას.
შპს „სისტემ ნეტის“ 2017 წლის 26 ივლისის №03/131 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ ოფერტა არ განსაზღვრავს ერთიან მიდგომას მხარის მიერ ჩარიცხული ხელშეკრულების შესრულების გარანტია არის ავანსი თუ დეპოზიტი. შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, ამგვარი ბუნდოვანი ჩანაწერების მეშვეობით, რომელიც მოცემულია ოფერტის სხვადასხვა პუნქტში სხვადასხვა ინტერპრეტაციით, საშუალებას აძლევს ,,ჯეოსელს“ მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს მხარის მიერ ჩარიცხული თანხა.
2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ჯეოსელმა“ წარმოადგინა თავისი წერილობითი პოზიცია (წერილი Nშ-6/6949-17; 14.09.2017) შპს „სისტემ ნეტის“ 2017 წლის 26 ივლისის №03/131 წერილით შპს ,,ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე კომისიაში წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით. შპს „ჯეოსელი“ წერილობითავის წერილობით პოზიციაში აღნიშნავს:
1. ოფერტის 6.1.1 პუნქტი ეხება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, შესაბამისად, ვინაიდან, შპს ,,სისტემ ნეტი“ არ წარმოადგენს ასეთი სტატუსის მატარებელ პირს, მისი შენიშვნა არარელევანტურია ამ პუნქტთან მიმართებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, თუ ,,შენიშვნის“ შინაარსზე ვიმსჯელებთ, კერძოდ: ,,შპს ,,ჯეოსელის“ მიერ შედგენილი შედარების აქტით“ ეწინააღმდეგება შედარების აქტის შინაარს, ეს მსჯელობაც არასწორია, ვინაიდან ოფერტაში სრულად და ნათლად არის ასახული რეგულაცია თუ ვინ და როგორ ადგენს შედარების აქტს და ეს არ არის ცალმხრივი დოკუმენტი (იხ. მოწვევის ოფერტის 6.2 პუნქტი);
2. შპს ,,სისტემ ნეტის“ მე-2 შენიშვნის პასუხად შპს ,,ჯეოსელი“ უთითებს თავისი წერილობითი პოზიციის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას;
3. შპს ,,სისტემ ნეტის“ მე-3 შენიშვნასთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელი“ განმარტავს, რომ საანგარიშო თვის მომდევნო თვის რვა (8) რიცხვი, ეს ის გონივრული ვადაა, რომლამდეც მეორე მხარეს აქვს საშუალება წარმოადგინოს თავისი მონაცემები, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე სრულიად საკმარისია გამართულად მომუშავე კომპანიისთვის. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ რიცხვის შემდეგ უნდა მოხდეს მონაცემების შედარება, აქტის მონაცემების შეთანხმება და შესაბამისი ბუღალტრული პროცედურების გავლა, რომელთა საბოლოო ვადაა 15 რიცხვი.
4. შპს ,,სისტემ ნეტის“ მე-4 შენიშვნასთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელი“ განმარტავს, რომ მომჩივანი მხარის მსჯელობა შპს ,,ჯეოსელისთვის“ ბუნდოვანი და გაუგებარია. შპს ,,ჯეოსელი“ სვამს კითხვას, თუ ვინ აუკრძალა შპს ,,სისტემ ნეტს“ გადახდილი უკან თანხის დაბრუნება ან სადაა მსგავსი ჩანაწერი. შპს ,,ჯეოსელის“ განმარტებით, დეპოზიტთან დაკავშირებით ოფერტაში მოცემული რეგულაცია არ ეწინააღმდეგება არცერთ ვალდებულებას, რაც შპს ,,ჯეოსელს“ აკისრია.
5. შპს ,,სისტემ ნეტის“ მე-5 შენიშვნასთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელისთვის“ გაუგებარია თუ რა პრობლემას წარმოადგენს ოფერტის 6.2.5 პუნქტი, თუ მხარე დააბრუნებს შედარების აქტს. შპს „ჯეოსელის“ განმარტებით, სწორედ გაურკვეველი მიზეზით ან საერთოდ მიზეზის გარეშე შედარების აქტის დაუბრუნებლობა პრაქტიკაში გახდა ამ პუნქტის ამ ფორმულირებით ჩამოყალიბების საფუძველი.
6. შპს ,,სისტემ ნეტის“ მე-6 შენიშვნასთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელი“ აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, თუ რა შუაშია სატრანზიტო მომსახურება. ოფერტა ეხება და არეგულირებს შპს „ჯეოსელის“ ქსელში ზარების დასრულებას და არა ტრანზიტულ ურთიერთობებს.
კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომას ესწრებდნენ შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენლები. კომისიამ მიიჩნია, რომ ოფერტის პირობების განხილვა უნდა მომხდარიყო სამუშაო რეჟიმში, მხარეებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, რის გამოც დავის განხილვის გაგრძელების მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 28 სექტემბერს. კომისიის სხდომაზე მხარეებმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს.
2017 წლის 26 სექტემბერს შემოვიდა შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის ლ. გიორგაძის შუამდგომლობა (№შ-6/7284-17; 26.09.2017) კომისიის სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, შვებულებაში ყოფნის საფუძვლით. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საკითხის განხილვის მიზნით სხდომა გადადო 2017 წლის 12 ოქტომბრისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენლები. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,ჯეოსელი“ თავისი კეთილი ნების შესაბამისად ადასტურებდა მზადყოფნას შეეტანა რედაქციული ხასიათის ცვლილებები შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის ცალკეული პირობებში. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ შპს ,,ჯეოსელი“ თანახმა იყო ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტის პირობებში შესულიყო შემდეგი შინაარსის ცვლილებები:
6.1.1. ანგარიშსწორების პირობები იმ ავტორიზებულ პირებთან, რომლებიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე, თუ მათ მიერ “მოწვევის ოფერტის” ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში არ იქნება დარღვეული მათზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები (“ჯეოსელის” მიერ გაწეული მომსახურების, მათ შორის, საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში/მხარეთა მიერ ხელმოწერილი შედარების აქტით ან 6.2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ”ჯეოსელის” მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დაფიქსირებული მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდა);
6.1.2. ანგარიშსწორების პირობები იმ ავტორიზებულ პირებთან, რომლებიც არ არიან ცნობილნი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე ან/და იმ ავტორიზებულ პირებთან, რომლებიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე, თუ მათ მიერ “მოწვევის ოფერტის” ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დარღვეული იქნება (“ჯეოსელის” მიერ გაწეული მომსახურების, მათ შორის, საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ღირებულების საფასურის გადაუხდელობა დადგენილ ვადაში/მხარეთა მიერ ხელმოწერილი შედარების აქტით ან 6.2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ”ჯეოსელის” მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დაფიქსირებული მომსახურების ღირებულების საფასურის გადაუხდელობა) მათზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.
6.2.1. მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველთვიურად. ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება გაწეული მომსახურებების შესახებ მხარეთა მიერ ხელმოწერილი შედარების აქტის ან 6.2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტის საფუძველზე, სრული მოცულობით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.
შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ასევე, დაადასტურა შპს ,,ჯეოსელის“ თანხმობა შეეცვალა მოწვევის ოფერტის 6.1.2 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული პირისთვის გაწეული მომსახურების საფასურის შპს ,,ჯეოსელისთვის“ გადახდის ვადა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვით.
კომისიის სხდომაზე შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ლ. ამაშუკელმა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „სისტემ ნეტმა“ უარი განაცხადა თავის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების შეცვლას.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ დაადასტურა თანხმობა შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის ცალკეული პირობებში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე, ხოლო შპს ,,სისტემ ნეტმა“ უარი განაცხადა თავის განცხადებაზე შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისა“ და შპს „სისტემ ნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
