შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2017 18:51
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2017
შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2017 წლის 7 სექტემბერს, შპს „მობიტელის“ დილერისაგან - ინდ.მეწარმე ეთერი სახვაძისგან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილ იქნა შპს „მობიტელის” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 574771713, რაშიც გადახდილ იქნა 5 ლარი. აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან სატელეფონო ნომერზე- 577 48XXXX 2017 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა სატელეფონო ზარი. შესაბამისად, შპს ,,მობიტელის“ სააბონენტო ნომრის გაცემა განხორციელდა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე, რაც წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 28 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე,რის შესახებ შპს ,,მობიტელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2017 წლის 28 სექტემბერს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/7367-17; 28.09.2017) თანდართული დეტალური საბილინგო ამონაწერით ტელეფონის ნომერზე 57748 XXXX შპს ,,მობიტელის“ სიმ ბარათიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ.
2017 წლის 28 სექტემბერს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი. აფრიდონიძე, რომლის განცხადებით, შპს „მობიტელის“ მიერ სააბონენტო ნომერი გაცემული იყო სხვა დილერზე და ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით სააბონენტო ნომერი გაიცა სხვა დილერის მიერ. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას ჯერ არ ჰქონდა მიღებული ახსნა-განმარტება დილერისგან, რის გამოც შპს ,,მობიტელის“ არგუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით, კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომისიის სხდომის ერთი კვირით გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით დანიშნული სხდომა გადაიდო 2017 წლის 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ამასთანავე, კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელს გადაეცა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/7367-17; 28.09.2017).
2017 წლის 5 ოქტომბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი. ესართია.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/6748-17; 08.09.2017);
2. შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი სააბონენტო ნომრით 574771713;
3. ინდ.მეწარმე ეთერი სახვაძის მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;
4. შპს „მობიტელის“ მიერ, მისი დილერის მეშვეობით დადებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ 2017 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულება;
5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/7367-17; 28.09.2017);
6. დეტალური ამონაწერი სატელეფონო ნომერზე - 577 48XXXX სატელეფონო ნომრიდან - 574771713 განხორციელებული ზარების თაობაზე;
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მობიტელის“ შესახებ;
8. კომისიის სხდომაზე შპს ,,მობიტელის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მობიტელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);
მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,მობიტელის“ შესახებ;
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2017 წლის 7 სექტემბერს, შპს „მობიტელის“ დილერისაგან - ინდ.მეწარმე ეთერი სახვაძისგან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილ იქნა შპს „მობიტელის” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 574771713, რაშიც გადახდილ იქნა 5 ლარი. აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან სატელეფონო ნომერზე - 577 48XXXX 2017 წლის 13 და 28 სექტემბერს განხორციელდა სატელეფონო ზარები.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათები (Nშ-10/6748-17; 08.09.2017; Nშ-10/7367-17; 28.09.2017); დეტალური ამონაწერი სატელეფონო ნომერზე 577 48XXXX სატელეფონო ნომრიდან - 574771713 განხორციელებული ზარების თაობაზე.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მობიტელის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;
5. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევს ავტორიზებულ პირს. კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებული პირს აკისრებს აბონენტებთან როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრები ხშირ შემთხვევებში გამოიყენება ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. „სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მობიტელის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მობიტელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მობიტელისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაუვოვნებლივ გაგზავნა შპს „მობიტელისთვის“;
5. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის ომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
