წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 564 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2017 16:14

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2017 წლის 18 აგვისტოს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 აგვისტოს  შ/№10/5998-17 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების, მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  ირკვევა, რომ რომ 2017 წლის 07–08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ (ბრენდული სახელწოდება „ობიექტივი“) ეთერში განთავსდა რეკლამა, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთინება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

2017 წლის 08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კომისიის წერილით (N04/2699–17) ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N392/18 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული რეკლამის დაუყონებლივ ამოღება.

2017 წლის 09 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/5960–17), რომლის თანახმადაც კომპანიას მიაჩნია, რომ მათ ეთერში განთავსებული რეკლამა არ წარმოადგენს პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.”

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჰ) პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი ადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებების წესებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნო რეკლამის ფასიანი/უფასოდ განსათავსებლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის გამოყოფის ვალდებულება წარმოეშვება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული შესაბამისი განკარგულების შემდგომ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილით N04/3699-16 (აღნიშნული წერილი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს), მაუწყებლებს აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლების მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია. ამავე წერილში, კომისიამ ყურადღება გაამახვილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვებზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლების მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 აგვისტოს  შ/№10/5998-17 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შემოწმების აქტი, მაუწყებელთან მიმოწერა, სხვა მტკიცებულებები  CD-ზე დატანილი სარეკლამო რგოლი.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 24 აგვისტოს, რის თაობაზეც ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მაუწყებელს ასევე დაევალა კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში განთავსების სტატუსთან დაკავშირებით.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ კომისიას აცნობა, რომ სადავო ვიდეორგოლი სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აქვს, როგორც კომერციული რეკლამა და ასევე წარმოადგინა ხელშეკრულება გაფორმებული პოლიტიკურ გაერთიანება  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ 2015 წლის თებერვალში 2016 წლის იანვრამდე, შემდგომი ავტომატური გაგრძელების პირობით.

2017 წლის 24 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ლ.ჩხეიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ 2015 წლის პირველი თებერვლიდან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, შესაბამისად აღნიშნული ვიდეო რგოლი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსდა კომერციული რეკლამის სტატუსით. ლ. ჩხეიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მონაწილეობა ამა თუ იმ რეკლამაში არ ნიშნავს, რომ რეკლამა არის წინასაარჩევნო, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს წინასაარჩევნო რეკლამის სხვა კრიტერიუმებს. ლ.ჩხეიძემ დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არის კომერციული რეკლამა, კომერციული ხასიათის შეთანხმებიდან გამომდინარე. მისი აზრით, იდეა და წამოწყება, ამ შემთხვევაში  საპროტესტო აქციების დაანონსება, შეიძლება იყოს,  კომერციული, ვინაიდან ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომერციული პროდუქტის რეკლამას, არამედ, ასევე მოიაზრება ფინანსური საზღაურის მიღება რეკლამის განთავსებაში. ლ. ჩხეიძის განმარტებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში განთავსებული რეკლამა არის კომერციულ საწყისებზე შეძენილი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ ზოგადი იდეების გავრცელება. მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო ეროვნული დეკლარაციით და გაეროს შესაბამისი დეკლარაციით. 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5998-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად;

2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული ვიდეო-რგოლები დატანილი CD-ზე;

3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 22.08.17 Nშ-6/626-17 წერილი, ვიდეორგოლის სტატუსთან დაკავშირებით;

4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივსა“ და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის 2015 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება;

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივთან“ დაკავშირებით;

6. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის ლ.ჩხეიძის მიერ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება. 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს; მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015 15:27; შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლების მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის 07–08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  ეთერში განთავსდა რეკლამა, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიაჰნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას და აანონსებენ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში.

3. 2017 წლის 08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კომისიის წერილით (N04/2699–17) ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N392/18 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაუყოვნებლივ ამოღება.

4. 2017 წლის 09 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ წერილით აცნობა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/5960–17), რომ აღნიშნული რეკლამა არ წარმოადგენს პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

5. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლი განთავსებული იქნა კომერციული რეკლამის სტატუსით, 2015 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების სარეკლამო რგოლების განთავსებას ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში;

6. კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღისთვის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლი კვლავ გადაიცემა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში;

7. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება,  ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;

11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით და განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, კერძოდ,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით მაუწყებლის დაფინანსება პოლიტიკური პარტიის მიერ დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში და  ამავე კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ზემოაღნიშნულის გარდა, არის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საარჩევნო კამპანიის დროს.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიეტივის“ ეთერში 2017 წლის 7-8 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეორგოლში პოლიტიკური გაერთიანება: საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები  მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავენ და აცნობენ მათი პოლიტიკური გაერთიანების  ხედვების, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებებისა და დაგეგმილი საპროტესტო აქციების თაობაზე. იმას, რომ აღნიშნული რეკლამა პოლიტიკური შინაარსისაა, ადასტურებს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“, წერილი, რომლის თანახმად, მის ეთერში განთავსდა კომერციული რეკლამის ტარიფით, რაც ასევე დასტურდება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივსა“და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის 2015 წლის 01 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით .  აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ პოლიტიკური პარტიიდან დაფინანსების მიღებას, რაც გამოიხატა პოლიტიკური პარტიის მიერ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მომსახურების შესყიდვით, მისი ეთერით პოლიტიკური პარტიის რეკლამის გავრცელების მიზნით, რითაც ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი.   

ამასთან, პოლიტიკური პარტიის მიერ კანონდარღვევით მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, ვინაიდან დარღვეულია რეკლამის გავრცელების წესის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და გავრცელებით დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (,,მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის ) ქვეპუნქტი). წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას (,,მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14) ქვეპუნქტი).

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში 2017 წლის 7-8 აგვისტოს  განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის წევრებისა და პოლიტიკური პარტიისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, რომლის საბოლოო მიზანი, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, არის მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, რის შესახებ, კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილით ეცნობა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ თავის ეთერში  განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომელშიც დარღვეულია რეკლამის განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე,  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცულია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას გარკვეული პირობების დაცვით: ჩარევა  გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით [1]; ემსახურებოდეს ჩამოთვლილ მიზნებს [2]; ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში [3].

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს  გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

,,ჩარევა“ ნიშნავს ,,ფორმალობებს“, ,,პირობებს“, ,,შეზღუდვებს“, ან ,,სანქციებს“, ხოლო ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით“ გულისხმობს იმას, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი, ეს ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ კანონიერებას, რაც მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისა და ხმის მიცემის პროცედურის გზით მიიღწევა. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით.

ამდენად, კომისია არ იზიარებს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის განმარტებას, რომ პოლიტიკური პარტიის დაკვეთით სამაუწყებლო ეთერში სარეკლამო რგოლის განთავსება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში უნდა იქნას განხილული.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირi ობიექტივs“  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს გაფრთხილება და სამართლადარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის ამოღება სამაუწყებლო ბადიდან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ), ჰ7) და ჰ14) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 661 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაევალოს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაუყოვნებლივ;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები