წვდომის მენიუ

შპს „ტაქსი-3“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 371 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 12:51

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

შპს  „ტაქსი-3“-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსი-3“-მა (რეგისტრირებული  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ; ს.კ. №412706665) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/3902-16, 25.04.16) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ტაქსი-3“-ის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსი-3“-ს  წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს  „ტაქსი-3“-ს   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №  F 1326   ნებართვა და მიენიჭოს  158.375  მჰც სიხშირე  (ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. ქუთაისში, ერთი წლის ვადით,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს „ტაქსი-3“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს შპს „ტაქსი-3“-სთვის  ნებართვით მინიჭებული სიხშირე  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   მონიტორინგის განხორციელება;

5. დაევალოს შპს „ტაქსი-3“-ს  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტაქსი-3“-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6)  შპს „ტაქსი-3“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტაქსი-3“-სთვის  ჩაბარებისთანავე.

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები