სოფელ იგოეთში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:21
მიღების თარიღი ივნისი 09, 2016
სოფელ იგოეთში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სოფელ იგოეთში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - სოფ. იგოეთი; სიხშირე (მჰც) – 93.7; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები -41°59'19.78" N44°25'33.54"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 8.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ”.
კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 9 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ სოფელ იგოეთში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციაში სრულყოფილად არ იყო მითითებული შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მფლობელობაში არსებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიები. ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია. განაცხადზე საერთოდ არ იყო თანდართული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” უფლებამოსილ წარმომადგენელ გვანცა წერეთელს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. გვანცა წერეთელმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” დირექტორის და პარტნიორების გურამ ჩიგოგიძეს (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძეს (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძეს (პ/ნ 01008004061) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას”, მისი დირექტორის და პარტნიორების გურამ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძის (პ/ნ 01008004061) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება მაუწყებლობის სფეროში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ფლობს საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას სოფელ იგოეთში. შესაბამისად შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე კომისიის 2016 წლის 5 მაისის N290/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) შესაბამისობის დეკლარაცია;
ბ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;
დ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე