სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 819 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2016 11:16

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2015

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება 2015 წლის 31 დეკემბერს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე–9 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით, მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას. აგრეთვე, აღნიშნული მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, ან კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 21 დეკემბერს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ (№03/3167-15) და შესთავაზა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმისნიტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე და გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე; 2015 წლის 23 დეკემბერს შპს  „მედიაპრო ჯორჯია“ წერილობით დაეთანხმა  კომისიის  შეთავაზებას  (№ შ–6/10284-15) და გამოთქვა თანხმობა გააგრძელოს  2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რათა შენარჩუნდეს პორტირების უწყვეტობის პრინციპი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. გამოცხადდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი  კონკურსი (შემდგომში „კონკურსი“) 2015 წლის 29 დეკემბრიდან;
  2. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (დანართი N1 - შემდგომში „საკონკურსო პირობები“);
  3. საკონკურსო პირობების მე–4  მუხლი – „დამატებითი პირობები და მასთან თანდართული დოკუმენტაცია“ ექვემდებარება საჯარო კონსულტაციას 2016 წლის 10 თებერვლამდე და შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები;
  4. დამტკიცდეს საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)   ირინე ვერძეული - საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის აპარატი, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ბ)   თამარ გოშუა - წევრი, საბჭოს მდივანი, კომისიის აპარატი, სამართლებრივი დეპარტამენტი;

გ)   რატი სხირტლაძე - წევრი, კომისიის აპარატი, ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტი;

დ)   ციალა უჯმაჯურიძე - წევრი, კომისიის აპარატი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე)   ლევან ლაშაური - წევრი; კომისიის აპარატი, ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტი;

ვ)   დავით ძიძიგური - წევრი, შპს „მაგთიკომი“ (წერილი Nშ– 6/9932-15);

ზ)   ირაკლი ესართია - წევრი, შპს „მობიტელი“ (წერილი Nშ– 6/10014-15);

თ)  მიხეილ ჯღამაძე - წევრი, შპს „ახალი ქსელები“(წერილი Nშ– 6/10007-15);

ი)   მალხაზ ჟორჟიკაშვილი - წევრი, შპს „ჯეოსელი“ (წერილი Nშ– 6/9955-15);

კ)   თამარ გომარელი- წევრი, სს „სილქნეტი“ (წერილი Nშ– 6/10163-15);

ლ)  ირაკლი ლომიძე  - წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი) სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

 5. პორტირების პროცესის შეუფერხებლად და უწყვეტად განხორციელების მიზნით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება გაუგრძელდეს სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის მოქმედ ადმინისტრატორს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე და გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე;

6. მიენიჭოს უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ვ. აბაშიძეს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების  თაობაზე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა და კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება; გადაწყვეტილების ოფიციალურ ტექსტსა და ინგლისურენოვან თარგმანს შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ ტექსტს;

8. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).  

კომისიის თავმჯდომარე                               ვ. აბაშიძე

            კომისიის წევრები                                 ე. ასანიძე

                                                                       კ. ბექაური

                                                                       გ. ფრუიძე

                                                                       მ. ქათამაძე

 დამტკიცებულია კომისიის 2015  წლის 29 დეკემბრის  N819/10  გადაწყვეტილებით

დანართი N1

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი  კონკურსის ჩატარების წესი და  პირობები

(საკონკურსო პირობები)

მუხლი 1. კონკურსის ჩატარების ვადები

1.  კონკურსი ცხადდება 2015 წლის 29 დეკემბრიდან;

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღება განხორციელდეს 2016 წლის 25 თებერვლის 10 საათიდან 2016 წლის 11 აპრილის 19:00 საათამდე;

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:  ქ.თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა 50/18;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღება უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი.ხარებავა);

5. საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 12 აპრილს, 15:00 საათზე;

6. საკონკურსო საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს საბჭოს პირველი სხდომიდან 10 სამუშაო დღე - 2016 წლის 25 აპრილის 19 საათამდე;

მუხლი 2. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი

1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთან ერთად უნდა გააჩნდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილება, კერძოდ,  კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ შემოთავაზებული  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემა დანერგილი უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს სულ ცოტა  2 ქვეყანაში;

ბ) დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთან ერთად, უნდა გააჩნდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება, კერძოდ, კონკურსში მონაწილე პირს ან/და მის დამფუძნებელ კომპანიას, რომლის პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20%–ია უნდა გააჩნდეს  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება

 გ) დამოუკიდებლად,  ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის პროცესში და მისი ან  მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული გაკოტრების/გადახდისუუნარობის საქმე;

2. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს ან/და მასთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს.

მუხლი 3. საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველი პირი კომისიას მიმართავს ქართულ ენაზე შედგენილი საკონკურსო განაცხადით;

2. საკონკურსო განაცხადს თან უნდა დაერთოს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ორიგინალ ენაზე (უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით);

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების ნოტარიულად დამოწმებული დამადასტურებელი დოკუმენტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;

გ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის ოფიციალური დადასტურება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით), რომ ის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირი; დადასტურებას თან უნდა ერთოდეს ინფორმაცია კონკურსში მონაწილე პირის ყველა აფილირებული პირებისა და პარტნიორების/აქციონერების შესახებ იმ ეტაპამდე, სანამ საკონკურსო საბჭოს არ მიეცემა შესაძლებლობა დაადგინოს პირდაპირ ან ირიბად კომპანიის 20% და მეტი წილის მფლობელი ფიზიკური პირების ვინაობა.

შენიშვნა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად -  ჰ33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები,  პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

დ) კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ურთიერთდამოკიდებული პირის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა  10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის (შემდგომში „მონაცემთა ბაზის სიტემის“)  დანერგვის გამოცდილებას; კერძოდ, დადასტურებას, რომ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ შემოთავაზებული  მონაცემთა ბაზის სისტემა დანერგილია და  ფუნქციონირებს  სულ ცოტა  2 ქვეყანაში; აგრეთვე, მონაცემთა ბაზის სიტემის ადმინისტრირების გამოცდილებას;

ვ) კონკურსში მონაწილე პირის მიერ   შემოთავაზებული მონაცემთა  ბაზის სისტემის /პროგრამული უზრუნველყოფის   საქართველოში დანერგვის  უფლების და/ან   მწარმოებლისგან მიღებულ წინასწარ თანხმობას;

ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  მოთხოვნას;

თ) საბანკო გარანტიას 100,000 (ასი  ათას) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში, რომელიც ძალაში იქნება წარმოდგენიდან 2016 წლის 30 ივნისამდე;

ი) საკონკურსო წინადადება, რომელიც მოიცავს ტექნიკურ და სატარიფო პირობებს;

3. საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე, დალუქული სახით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. იგი, უნდა მოიცავდეს კონკურსში მონაწილე პირის მიერ შემოთავაზებული  მონაცემთა  ბაზის სისტემის დეტალურ სპეციფიკაციასა და საკონკურსო პირობების მე-4 და მე–5 მუხლებით განსაზღვრულ ტექნიკურ სპეციფიკაციასთან  მისი  შესაბამისობის დამადასტურებელ დამატებით დოკუმენტაციას (მონაცემთა  ბაზის სისტემის/პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ გამოცემულ კატალოგებს და სხვა დოკუმენტაციას);

4. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები, წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე, დალუქული სახით; იგი, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს საკონკურსო პირობების  დანართი N1-ის შევსებულ ფორმას;

5. წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური და სატარიფო პირობები ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ; ამავდროულად, საკონკურსო წინადადების ტექნიკური  პირობების კონვერტში მოთავსებული დოკუმენტაცია უნდა იყოს შესაბამისად დანომრილი და აკინძული;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ამ მუხლის  მე–2 პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო წინადადების ტექნიკური და სატარიფო პირობებისგან ფიზიკურად განცალკევებული, ისე რომ მათი ნახვა და შემოწმება შესაძლებელი იყოს ტექნიკური და სატარიფო პირობების დალუქული კონვერტების გაუხსნელად;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ამ მუხლის  მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კონვერტებზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) კონკურსის ორგანიზატორის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

გ) კონვერტის შიგთავსის აღწერა (სარჩევი);

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს ერთობლივად ან დამოუკიდებლად უფლება აქვთ, კომისიაში წარმოადგინონ ერთი საკონკურსო განაცხადი;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდება;

10. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია საკონკურსო განაცხადის ან მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეცვლა, დაზუსტება ან დამატება, გარდა მე–3 მუხლის მე -2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე. თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი  საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე განაცხადა, მას წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გარდა საკონკურსო განაცხადისა, მათ შორის საბანკო გარანტია, უკან უბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი საკონკურსო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადა, მას დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება, ხოლო საბანკო გარანტია ექვემდებარება განაღდებას;

12. კონკურსში მონაწილე პირს, გარდა კონკურსში გამარჯვებულისა, საბანკო გარანტია უბრუნდება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; კონკურსში მონაწილეს საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება, თუ მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი ან მასზე თანდართულო დოკუმენტაცია იყო ყალბი;

13. კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება და იგი ექვემდებარება კომისიის მხრიდან განაღდებას, თუ:

ა) კონკურსში გამარჯვებული ვერ წარმოადგენს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას;

ბ) კონკურსში გამარჯვებული პირი უარს იტყვის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

მუხლი 4. დამატებითი პირობები და მასთან თანდართული დოკუმენტაცია

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, წარმოადგინოს ოფიციალური დასტური და ტექნიკური დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემა თავსებადია და/ან უზრუნველყოფილი იქნება შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემის  თავსებადობა ავტორიზებული პირების მიერ უკვე დანერგილ და ამჟამად მოქმედ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზებთან, ავტორიზებული პირების მხრიდან დამატებითი არსებითი დანახარჯების გაწევის გარეშე;
  2. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილე პირის მიერ შემოთავაზებული  მონაცემთა  ბაზის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა ავტორიზებული პირების მიერ უკვე დანერგილ  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზებთან საჭიროებს ავტორიზებული პირების მხრიდან  დამატებით არსებით დანახარჯებს, კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირისაგან წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი დასტური  იმის თაობაზე, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პირი უზრუნველყოფს ამგვარი არსებითი ხარჯების დაფარვას.

        ბმული : კონკურსის ჩატარების თანდართულ წესსა და პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

მუხლი 5. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია

1.კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის სისტემის სპეციფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მონაცემთა  ბაზის სიტემა  უნდა მოემსახუროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს;

ბ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შემდეგი სახის სააბონენტო ნომრების პორტირება:

ბ.ა) მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის (არაგეოგრაფიული) სააბონენტო ნომრების პორტირება;

ბ.ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის (გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული VoIP ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირი) სააბონენტო ნომრების პორტირება;

ბ.გ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის, რომლებიც მომსახურებას აწვდიან უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და  საშუალებებით (გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული) სააბონენტო ნომრების პორტირება;

გ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს  არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ავტორიზებული პირის მომსახურების შესაძლებლობა; ასევე, მონაცემთა ბაზის სისტემას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მონაცემთა ბაზის სისტემის  ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის  არსებითად შეცვლის გარეშე, მომსახურება გაუწიოს  მეტი  რაოდენობის  ავტორიზებულ პირს;

დ) მონაცემთა ბაზის სისტემამ შეუფერხებლად უნდა გაუწიოს ადმინისტრირება ყველა პორტირებულ სააბონენტო ნომერს;

ე) მონაცემთა ბაზის სისტემაში არსებული ინფორმაცია (მომხმარებელთა ინტერფეისი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

ვ) მონაცემთა ბაზის სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად (დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე);

ზ) მონაცემთა ბაზის სისტემაზე ხელმისაწვდომობის  წლიური მაჩვენებელი  უნდა იყოს არანაკლებ 99.7%-სა;

თ) მონაცემთა ბაზის სისტემის, ტექნიკური აღჭურვილობისა და  პროგრამული უზრუნველყოფის არსებითად  შეცვლის გარეშე  უნდა გააჩნდეს დამატებითი მოდულების საშუალებით გაფართოების შესაძლებლობა;

ი) მონაცემთა ბაზის სისტემაში უნდა ინახებოდეს ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დაზიანების/შეცდომის აღმოსაფხვრელი  სამუშაოების განსახორციელებლად, ისევე, როგორც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად;

2. კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებულმა მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის ნომრის პორტირების ავტომატიზებული პროცესის ორგანიზება და  ეფექტური ადმინისტრირება;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების  შესაძლებლობა, პერიოდულად (24 საათში ერთხელ მაინც) მიიღონ მონაცემთა ბაზის სისტემიდან ინფორმაცია,  რომელიც საჭიროა   მონაცემთა ბაზის სისტემაში არსებული ინფორმაციის ავტორიზებულ პირთა მონაცემთა საოპერაციო ბაზასთან სინქრონიზაციისათვის, პორტირებულ სააბონენტო ნომერზე ავტორიზებულ პირთა მონაცემთა საოპერაციო ბაზის გამოყენებით  ზარის დამისამართების უზრუნველსაყოფად;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების  შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია  კონკრეტული პორტირებული ნომრის შესახებ, ავტორიზებული პირის    მონაცემთა საოპერაციო ბაზის მონაცემთა ბაზის სისტემასთან ერთჯერადი, ცალკეული   სინქრონიზაციის პრინციპის საშუალებით.;

3. კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებულმა მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა დანერგოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო  ნომრის პორტირების ალგორითმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პორტირების პროცესი უნდა იყოს ცენტრალიზებული;

ბ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა დაარეგისტრიროს  პორტირების პროცესის ყველა ნაბიჯის პირობები და მათთან შესაბამისობა;

4. მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების ალგორითმის სახელმძღვანელო წესები:

ა) მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, სადაც განსაზღვრული იქნება შემდეგი მონაცემები:

ა.ა) პორტირების  განაცხადის შეტანის თარიღი და საათი;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის შესახებ ინფორმაცია: ფიზიკური პირის შემთხვევაში - ნომრის პორტირების მსურველი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია; იურიდიული პირის შემთხვევაში - ნომრის პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ა.გ) სააბონენტო  ნომერი/ნომრები, რომლის პორტირებასაც ითხოვს პორტირების მსურველი პირი (შეყვანილი უნდა იყოს თითო-თითოდ ან ბლოკებად);

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდება;

ა.ე) მიმღები ოპერატორის სახელწოდება;

ა.ვ ) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოფს ნომრის პორტირების განაცხადის შემუშავება, აკონტროლოს განაცხადში მითითებული სააბონენტო ნომრის  პორტირებისათვის კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებული  ვადები, უარყოს ან დაამტკიცოს განაცხადი;

გ) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადის  უარყოფის შემთხვევაში უნდა შეატყობინოს მიმღებ ოპერატორს შესაბამისი მიზეზის და/ან შეცდომის  შესახებ;

დ) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში უნდა მიანიჭოს მას ”ახალი განაცხადის” სტატუსი, აცნობოს მიმღებ ოპერატორს და გადაუგზავნოს დონორ ოპერატორს;

ე) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა მიანიჭოს უნიკალური ნომერი ყოველ ახალ განაცხადს;

ვ) დონორმა ოპერატორმა, ნომრის პორტირების შესახებ განაცხადის მიღებისას, უნდა შეავსოს  მისთვის განკუთვნილი შესაბამისი გრაფები,  დაამტკიცოს ან უარყოს  აბონენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე და ამგვარის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს  პორტირებაზე უარის თქმის კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“  განსაზღვრული საფუძვლები;

ზ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა  შეინახოს დონორის მიერ შეყვანილი მონაცემები, მიანიჭოს განაცხადს  ”განხილულის” სტატუსი და აცნობოს ამის შესახებ მიმღებ ოპერატორს;

თ) მიმღებმა ოპერატორმა   ”განხილული” განაცხადის გახსნისას უნდა დაინახოს დონორი ოპერატორის მიერ შეყვანილი ინფორმაცია და დაადასტუროს ან უარყოს   პორტირების პროცესი;

ი) ნომრის პორტირების პროცესის უარყოფის შემთხვევაში, მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ნომრის პორტირების უარყოფის აქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის  მონაცემებს:

ი.ა) ნომრის პორტირების უარყოფის დღე და საათი;

ი.ბ) ნომრის პორტირებაზე უარის თქმის მიზეზი;

ი.გ) იმ პირის  სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც შეავსო პორტირების უარყოფის აქტი;

კ) ნომრის პორტირებაზე თანხმობის შემთხვევაში:

კ.ა) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადს უნდა მიანიჭოს ”დამტკიცებულის” სტატუსი;

კ.ბ) მონაცემთა ბაზის სისტემამ დონორსა და მიმღებ ოპერატორებს  (ისევე, როგორც  მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ოპერატორს) უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება, სააბონენტო ნომრის  პორტირების დღისა და საათის შესახებ;

კ.გ) დონორმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს სააბონენტო ნომრის დეაქტივაცია ბაზის სისტემის მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ბაზის სისტემას შეტყობინება   სააბონენტო ნომრის დეაქტივაციის შესახებ;

კ.დ) მიმღებმა ოპერატორმა  უნდა განახორციელოს სააბონენტო ნომრის აქტივაცია მონაცემთა ბაზის სისტემ მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ბაზის სისტემას შეტყობინება სააბონენტო ნომრის  აქტივაციის შესახებ.

კ.ე) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადს უნდა მიანიჭოს ”გააქტიურებული” განაცხადის სტატუსი და უნდა შეიყვანოს ინფორმაცია პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ მონაცემთა ბაზის სისტემაში, რაც საკმარისი უნდა იყოს  იმისათვის, რომ  პორტირებული ნომრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისათვის.

5. კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობით შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფუნქციურ მოთხოვნებს:

ა) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა შეინახოს:

ა.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებზე გაცემული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაცია;

ა.ბ) პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაცია;

ა.გ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების ქსელში იყო და  არის ჩართული სააბონენტო ნომერი;

ა.დ) სააბონენტო ნომრის პორტირების  პროცედურის ჩანაწერები (ყველა შესაბამისი ინფორმაცია);

ა.ე) რამდენჯერ მოხდა სააბონენტო ნომრის პორტირება;

ბ) მონაცემთა ბაზის სისტემაში შენახული ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ამ კონკრეტული ავტორიზებული პირისთვის;

გ) მონაცემთა ბაზის სისტემას უნდა გააჩნდეს შენახული   ინფორმაციის ყველა მახასიათებლის ცალკეული ნაწილების შესაბამისად  მოძიების საშუალება;

დ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა, მართონ მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემები (გაფილტრონ ან/და დააჯგუფონ ინფორმაცია), შეიმუშავონ სტატისტიკური ანგარიშები, გამოიყენონ სააბონენტო ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული  მონაცემები;

ე) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების ელექტრონულ ფორმატში მიღების შესაძლებლობა;

ვ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს დონორი და მიმღები ოპერატორების შესაძლებლობა, დაინახონ ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული მთელი პროცესი (განაცხადის მიღების, მისი სტატუსის შეცვლისა და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის ჩათვლით);

ზ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების შესაძლებლობა, მიიღონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ზ.ა) მონაცემთა ბაზის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები;

ზ.ბ) მონაცემთა ბაზის სისტემის მუშაობის ცდომილებები, დაზიანება და აღდგენა;

ზ.გ) სხვა  შეტყობინებები;

6. კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობებით შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემა  უნდა აკმაყოფილებდეს  უსაფრთხოების შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზის სისტემაზე დაშვების უფლების კონტროლი უნდა განხორციელდეს მონაცემთა  ბაზის სისტემის დონეზე;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების დაშვების უფლება უნდა   შეიზღუდოს მონაცემთა ბაზის სისტემის მართვის სისტემით;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების  დაშვებასთან დაკავშირებული უფლებების ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს  მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის მიერ;

დ) მონაცემთა ბაზის სისტემასთან დაკავშირება უნდა განხორციელდეს კოდირებული არხით;

ე) მონაცემთა ბაზის სისტემას უნდა  შეეძლოს შესთავაზოს ოპერატორებს დაშვების/დაკავშირების რამდენიმე გზა, დაცული ელექტრონული ხელმოწერის  საშუალებით დაკავშირების ჩათვლით, რომელიც ცალსახად აიდენტიფიცირებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს და უზრუნველყოფს არსებული საშუალებით მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობას; ადმინისტრატორი პასუხისმგებელი უნდა იყოს  შეთავაზებული საშუალებების უსაფრთხოებაზე.

მუხლი 6. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები

კონკურსში მონაწილე პირის მიერ საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო პირობების დანართი N1-ის შევსებული  ფორმით, პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიური საფასურის სახით,  რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვასა და ადმინისტრირებასთან (პორტირების პროცესის უზრუნველყოფა) დაკავშირებულ ყველა ხარჯს, საიდანაც:

ა). ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემასთან სინქრონიზაციის მომსახურების საფასური შეადგენს  მთლიანი თანხის 2%-ს;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური შეადგენს მთლიანი თანხის 98%-ს;

გ)პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიური საფასური უნდა გადანაწილდეს ავტორიზებულ პირებზე  კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე–10 მუხლის თ) პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად.

3. საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული სატარიფო პირობები (პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიურ საფასური) წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს გარეშე და არ უნდა აღემატებოდეს 500 000 (ხუთასი ათას) ევროს;

მუხლი 7. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი

1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს ატარებს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ და ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო საბჭო;

2. საკონკურსო საბჭოს სხდომა  უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 9 წევრი მაინც, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით, არანაკლებ 7 ხმით. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო საბჭოში მოწვეულ წევრთაგან რომელიმე ვერ ესწრება საკონკურსო საბჭოს სხდომას, ავტორიზებული პირი ვალდებულია ჩაანაცვლოს იგი სხვა წარმომადგენლით, რომელსაც უფლებამოსილება ენიჭება ამ ავტორიზებული პირის ოფიციალური წერილით;

3. საკონკურსო საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;

4. საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილებები, შეფასების მონაცემები და დასკვნები აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში;

5. საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომა მოიწვევა ამ საკონკურსო პირობების შესაბამისად, ხოლო შემდგომ სხდომას იწვევს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე;

6. საკონკურსო საბჭოს პირველ სხდომაზე,  საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე კონკურსში მონაწილეებს აცნობს საკონკურსო საბჭოს შემადგენლობას, ადგენს საკონკურსო საბჭოს ქვორუმის არსებობას და კონკურსში მონაწილეებს აცნობს საკონკურსო საბჭოს მუშაობის წესს;

7. საკონკურსო საბჭოს  სხდომაზე საკონკურსო საბჭოს მდივანი საკონკურსო საბჭოს წევრებს აცნობს ინფორმაციას კონკურსში მონაწილეთა თაობაზე;

8. საკონკურსო საბჭო საკონკურსო განაცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვას იწყებს საკონკურსო განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის რიგითობის მიხედვით;

9. საკონკურსო საბჭოს პირველ სხდომაზე დგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად არის წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, დაიშვება თუ დისკვალიფიკაციას ექვემდებარება კონკურსში მონაწილე;

10. კონკურსში მონაწილე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა)  საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია არასათანადო სუბიექტის მიერ;

ბ) საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, ან არ არის დადასტურებული კონკურსში მონაწილე პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით;

გ) საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფორმით;

დ) არ არის წარმოდგენილი საკონკურსო პირობების მე–2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) წარმოდგენილია ყალბი (არასწორი) ინფორმაცია;

11. დისკვალიფიკაციის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საკონკურსო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის თაობაზე ღია კენჭისყრით, რაც აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში.  იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო საბჭოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის თაობაზე, კონკურსში მონაწილე ითვლება დაშვებულად;

12. დისკვალიფიკაციის მომხრე საკონკურსო საბჭოს წევრები ინდივიდუალურად, წერილობით, საკონკურსო პირობებით დადგენილი ფორმის შესაბამისად (საკონკურსო პირობების დანართი №2), აფიქსირებენ დისკვალიფიკაციის კონკრეტულ მიზეზებს, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით, ორ ეგზემპლარად. მათგან ერთ-ერთს გადასცემენ საკონკურსო საბჭოს მდივანს;

13. საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის პირველადი შეფასების ეტაპზე, კონკურსში მონაწილის დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის შემდგომ, საკონკურსო საბჭო იწყებს კონკურსში მონაწილეთა რიგითობის მიხედვით საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობის დალუქული კონვერტის გახსნას და ამოწმებს კონვერტში მოთავსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას კონვერტზე აღნიშნულ მონაცემებთან, რის შემდეგაც გახსნილი კონვერტები, მათში მოთავსებული დოკუმენტაციით, გადაეცემა საბჭოს მდივანს;

14. საკონკურსო წინადადების ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა და შესაბამისობის დადასტურება საკონკურსო საბჭოს წევრების მიერ, ხორციელდება საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდგომ, არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში;

15. კონკურსში მონაწილე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების ტექნიკური სპეციფიკაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობების მე–4 და მე–5 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

16. საკონკურსო საბჭოს თითოეული წევრი ადგენს შესაბამისობას საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან; დისკვალიფიკაციის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საკონკურსო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის თაობაზე ღია კენჭისყრით, რაც აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში.  იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო საბჭოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის თაობაზე, კონკურსში მონაწილე ითვლება დაშვებულად;

17. დისკვალიფიკაციის მომხრე საკონკურსო საბჭოს წევრები ინდივიდუალურად, წერილობით, საკონკურსო პირობებით დადგენილი ფორმის შესაბამისად (საკონკურსო პირობების დანართი №2), აფიქსირებენ დისკვალიფიკაციის კონკრეტულ მიზეზებს, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით; ორ ეგზემპლარად და ადასტურებს თავისი ხელმოწერით. მათგან ერთ-ერთს გადასცემს საკონკურსო საბჭოს მდივანს;

18. საკონკურსო წინადადების ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისობის დადასტურების შემდგომ, კონკურსში მონაწილე პირთა თანდასწრებით, იხსნება საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობების დახურული კონვერტები, საკონკურსო განაცხადების კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის  რიგითობის მიხედვით და ქვეყნდება საჯაროდ;

19. საკონკურსო წინადადების შეფასების ძირითადი კრიტერიუმია საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები და კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსში მონაწილე ის პირი, რომელიც წარმოადგენს პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ ფიქსირებული წლიური საფასურის ნაკლებ ოდენობას;

20. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობების დახურული კონვერტების გახსნის შემდგომ, თუ საკონკურსო საბჭო გამოავლენს დისკვალიფიკაციის საფუძვლებს, საბჭო უფლებამოსილია, კონკურსში მონაწილის დისკვალიფიკაციის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობისთვის დაშვებული პირის მიმართაც;

 21. საკონკურსო საბჭოს წევრთა მიერ საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, ურთიერთშედარებისა და შესაბამისობის დასადასტურებლად, კომისია გამოყოფს საამისოდ სპეციალურად მოწყობილ, საკონკურსო საბჭოს სამუშაო ოთახს;

22. საკონკურსო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, საკონკურსო საბჭოს მუშაობის დასრულებამდე არ გაახმაურონ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა საკონკურსო საბჭოს წევრობისას, არ გადაიღონ ასლები, არ გააკეთონ ჩანაწერები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, არ დააზიანონ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, არ დაარღვიონ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მთლიანობა;

23. საკონკურსო საბჭოს ხელმოწერილი დასკვნის თითო ეგზემპლარი გადაეცემა კონკურსში მონაწილე თითოეულ პირს; ერთი წარედგინება კომისიას, ხოლო ერთი რჩება საკონკურსო საბჭოში;

24. საკონკურსო საბჭოს დასკვნა ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.gncc.ge);

25. საკონკურსო საბჭოს დასკვნა ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

26. საკონკურსო საბჭოს დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;

მუხლი 8. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის ვალდებულებები

1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირთან, კომისია, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას;

2. კომისია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს, სადაც სავალდებულო წესით განისაზღვრება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების ბოლო თარიღი;

ბ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადა;

გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც განისაზღვრება 5 წლით.

3. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 8-თვიანი საბანკო გარანტია 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში;

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში კომისია უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების პროექტს;

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულთან მოლაპარაკება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დასრულდა ხელშეკრულების გაფორმებით, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და კონკურსის შედეგების გაუქმების თაობაზე; ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია ექვემდებარება კომისიის მხრიდან განაღდებას;  

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუ კონკურსში გამარჯვებული ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგენს ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას;

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

8. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებაში, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ვალდებულებებად განისაზღვრება შემდეგი სახელშეკრულებო პირობები:

ა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა); ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა უზრუნველყოს შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;

ბ) უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში.

გ) მონაცემთა ბაზის სისტემის ტესტირება განახორციელოს 2016 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 8 დეკემბრამდე;

დ)  კომისიის მიერ მოთხოვნიდან 3 თვეში, მონაცემთა  ბაზის სისტემის ტექნიკური აღჭურვილობისა და  პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვნად/არსებითად  შეცვლისა და დამატებითი საფასურის  გარეშე, უზრუნველყოს შემდეგი სახის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა:

დ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის განკუთვნილი სააბონენტო (არაგეოგრაფიული) ნომრების პორტირება;

დ.ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებსა და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და  საშუალებებით (გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული) სააბონენტო ნომრების პორტირება;

დ.გ) მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებსა და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის სააბონენტო ნომრების პორტირება;

ე) შეიმუშავოს სააბონენტო ნომრების პორტირებისა და მონაცემთა ბაზის სისტემის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციები;

ვ) უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის სისტემის გამართული მუშაობა;

ზ) თავისი საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის სისტემის გამოყენების სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური პირობების გამჭვირვალობა;

თ) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტამდე, კომისიას წარუდგინოს წლიური ანგარიში, ფინანსური ანგარიშის ჩათვლით;

ი) კომისიის მოთხოვნის საფუძველზე,  დაუყონებლივ, და/ან კომისიის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ვადებში, მიაწოდოს მონაცემთა ბაზის სისტემაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

კ) მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“, კომისიასთან და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და მის მიერ საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფებით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში;

ლ) შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა პირობები;

9. მონაცემთა ბაზის სისტემის ტექნიკური ცენტრი (შემდგომში „ტექნიკური ცენტრი“) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექნიკური ცენტრის პერსონალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;

ბ) ტექნიკური ცენტრის ნაგებობა უნდა შეესაბამებოდეს სეისმოლოგიურ მოთხოვნებს;

გ) ტექნიკური ცენტრი არ შეიძლება იყოს  განთავსებული შენობის   სარდაფში,  ნახევარსარდაფში ან/და სხვენში;

დ)ტექნიკური ცენტრის შენობა განთავსებული უნდა იყოს ქ.თბილისში;

ე) ტექნიკური ცენტრის გარე და შიდა პერიმეტრი უნდა  კონტროლდებოდეს ვიდეოკამერით, 24 საათის განმავლობაში. ვიდეოჩანაწერი უნდა ინახებოდეს სულ ცოტა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში;

ვ) ტექნიკური ცენტრის განთავსების ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო პირობებით;

ზ) ტექნიკურ ცენტრს უნდა გააჩნდეს სისტემის ტემპერატურისა და კონდიცირების უზრუნველმყოფი დუბლირებული მოწყობილობა, რომელიც 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში, უზრუნველყოფს ტემპერატურის შემდეგ  პარამეტრებს:

ზ.ა. ტემპერატურა: 20°C - 25°C;

ზ.ბ. ტენიანობა: 40%-55%

თ) ტექნიკურ ცენტრს არ უნდა გააჩნდეს ექსტერიერზე გამავალი ფანჯრები;

ი) ტექნიკურის ცენტრის ელექტრომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა ქვესადგურებიდან შემომავალი ორი დამოუკიდებელი ელექტროსადენით;

კ) ტექნიკურ ცენტრში დამონტაჟებული უნდა იყოს  ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების (UPS)  დუბლირებული მოწყობილობა. UPS-ი დამატებით დუბლირებული უნდა იყოს დიზელ-გენერატორით, რომელიც UPS-ზე ორჯერ უფრო მძლავრი უნდა იყოს;

ლ) ტექნიკურ ცენტრს უნდა გააჩნდეს ელექტროენერგიის ავტომატური ავარიული გამორთვისა და ელექტროენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე ავტომატური გადართვის შესაძლებლობა;

მ) ტექნიკურ ცენტრში შესვლა უნდა წარმოებდეს შეზღუდულად, შემსვლელ პირთა სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველზე.

საკონკურსო პირობების დანართი N1

საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები

1.       კონკურსში მონაწილის სახელწოდება:

2.       კონკურსში მონაწილის უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი (ხელმომწერი პირი):

_________________________________________________________________________________

3.       ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ  შემოთავაზებული  პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიური საფასური მოცემულია ევროში, დღგ-ს გარეშე აკმაყოფილებს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებითა“ და საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და _____________  (ციფრებით)  ___________________________________________ (სიტყვიერად) ევროს   ოდენობით.

 

                _____________________________                                                            _________________________

(ხელმომწერის სახელი და გვარი)                                                             (ხელმოწერა)

 

 

 

საკონკურსო პირობების დანართი N2

კონკურსში მონაწილის განმარტებების ფორმა

საკონკურსო საბჭოს წევრის სახელი და გვარი:   __________________________________________________________

კონკურსში მონაწილის სახელწოდება:              __________________________________________________________

 შეფასების პირველი ეტაპი: €

შეფასების მეორე ეტაპი: €

N

დისკვალიფიკაციის მიზეზების ჩამონათვალი

საკონკურსო საბჭოს წევრის განმარტება

1.

   

2.

   

3.

   

4.

   

5.

   

6.

   

>>> 

   

 

________________________________                                            ____________________________

        (ხელმომწერის სახელი და გვარი)                                                                           (ხელმოწერა და თარიღი)

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები