წვდომის მენიუ

შპს “დელტა კომმის“ 10% წილის კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 170 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

 

შპს “დელტა კომმის“   10%  წილის  კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს “დელტა კომმა“, შპს “დელტა კომმის“ წილის 50%-ის მფლობელის, დავით ხუბულურის წილის 5%-ის და  შპს “დელტა კომმის“ წილის 50%-ის მფლობელის, პაატა ქიქოძის  წილის 5%-ის კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დელტა კომმი“   წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “დელტა კომმის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- ინფორმაცია  შპს “დელტა კომმის“  საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “დელტა კომმის“  შემოსავლების შესახებ;

- შპს “დელტა კომმის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის დამფუძნებლების სადამფუძნებლო დოკუმენტაცია.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “დელტა კომმის“  პარტნიორები არიან პაატა ქიქოძე (წილის 50%-ის მფლობელი) და დავით ხუბულური (წილის 50%-ის მფლობელი). საზოგადოების დირექტორია პაატა ქიქოძე.

კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად:

საზოგადოების სრული პარტნიორია “SEAF Caucasus Partners LTD“, რომლის რეგისტრირებული მისამართია “კოდან ტრასტ კომპანი (კაიმან) ლიმითიდ“, კრიკეტის მოედანი, ჰაჩინს დრაივი, საფოსტო ყუთი 2681, გრანდ კაიმანი KY1-1111, კაიმანის კუნძულები;

საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორებია:

-         საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (მისამართი:  2121 Pennsylvania, Avenue, N.W.  Washington, D.C. 20433;

-         მცირე საწარმოების დახმარების ფონდები (მისამართი: 1500 K Street N.W. Suite 375, Washington, D.C. 20005);

-         ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (მისამართი: One Exchange Square London EC2A2JN, United Kingdom);

-         შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (მისამართი: 1 Komninon Street Thessaloniki 54624, Greece;

-         ჰოლანდიის სამთავრობო ბანკი Financierings-Maatschappij voor Ontwikkelinggslanden N.V. (მისამართი: Private Equity Department. Mr. Gert-Jan Monster Anna van Saksenlaan 71, 2593 HW The Hague, The Netherlands).

შპს “დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1015-14 21.02 2014) საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ხელშეკრულება რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 9 ივნისს (დადგენილება №3261-Iს); მცირე საწარმოების დახმარების ფონდები არის არაკომერციული დაწესებულება და იგი დაფუძნებულია აშშ სახელმწიფოს მიერ და მისი პრეზიდენტია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი; ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წევრები არიან ევროპის ქვეყნები (მათ შორის საქართველო, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 19 ივნისის №64 დადგენილებისა), აგრეთვე არა-ევროპული ქვეყნები; შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, რომლის დამფუძნებლები არიან: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, მოლდოვა და რუმინეთი.

გარდა ამისა, შპს “დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1165-14 27.02 2014) Financierings-Maatschappij voor Ontwikkelinggslanden N.V.-ს პარტნიორებს წარმოადგენენ: 51% წილის მფლობელი - ჰოლანდიის სახელმწიფო; 42% წილის მფლობელი - რამდენიმე ჰოლანდიური მსხვილი კომერციული ბანკი; 7% წილის მფლობელებს კი - დამსაქმებელთა ასოციაციები, პროფკავშირები, 100 ჰოლანდიური კომპანია და ფიზიკური პირები. ამასთან ერთად, აღნიშნულ წერილში შპს “დელტა კომმი“ ადასტურებს, რომ  ჩამოთვლილი სუბიექტებიდან არც ერთი არ არის აფილირებული საქართველოში კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან.

2014 წლის 27 მარტის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს “დელტა კომმის“ უფლებამოსილი პირი ქალბატონი თამთა ივანიშვილი (მინდობილობა, გაცემული შპს “დელტა კომმის“ მიერ 2014 წლის 25 მარტს) რომელმაც განმარტა, რომ საზოგადოების სრული პარტნიორის “SEAF Caucasus Partners LTD“-ს დამფუძნებელია მცირე საწარმოების დახმარების ფონდები.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/83-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ს, საზოგადოების სრული პარტნიორის “SEAF Caucasus Partners LTD“, საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორების: “საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია“, “მცირე საწარმოების დახმარების ფონდები“, “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“, “შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“, ჰოლანდიის სამთავრობო ბანკი “Financierings-Maatschappij voor Ontwikkelinggslanden N.V.“, აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

წარმოდგენილი ინფორმაციის, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/85-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “დელტა კომმის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ინტერნეტ მომსახურება, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების გაქირავება. შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით საბითუმო საერთაშორისო ინტერნეტის მიწოდებიდან (ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან წვდომა) მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინეს 1,855,141 ლარი.

საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 10,626 ლარი, რომლის ხვედრითი წილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების 0,02%-ს შეადგენს.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების გაქირავებით მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 54,684 ლარი, რომლის ხვედრითი წილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების 6,2%-ს შეადგენს.

შპს “დელტა კომმის“ მიერ საქართველოში საბითუმოდ გაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობამ 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 9,08 გგბტ, რომლის ხვედრითი წილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების 4,38%-ს შეადგენს.

სატელეკომუნიკაციო ქსელის გაქირავებით მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 27,894 ლარი, რომლის ხვედრითი წილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების 6,8%-ს შეადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს “დელტა კომმის“   10%  წილის  კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს “დელტა კომმის“ წილის შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  შესვლისას.  

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “დელტა კომმის“ 10% წილის  კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “დელტა კომმს“, შპს “დელტა კომმის“ 10%  წილის  კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “დელტა კომმისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დელტა კომმისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                         აკაკი სიხარულიძე  

         კომისიის წევრი                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                  ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                  კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები