სს ”სილქნეტისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2011
მიღების თარიღი მარტი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (28.02.2011 №7/92-11) მიმართა სს ”სილქნეტმა” ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტს”, კომისიის 2010 წლის 12 მარტის №122/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 09 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 12 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა.
სს ”სილქნეტი” ახორციელებს მოსახლეობის საინფორმაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახურების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.
გამომდინარე იქედან, რომ სს ”სილქნეტი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს სს ”სილქნეტის” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სს ”სილქნეტი” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ორნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-9 (ნული-ცხრა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის - 24 აპრილიდან, 2012 წლის 24 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სს ”სილქნეტი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-9 (ნული-ცხრა) ნუმერაციის რესურსით;
3. სს ”სილქნეტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”სილქნეტი”- სათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
