წვდომის მენიუ

მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 434 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 16 მაისის N 278/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008  წლის 18 ივლისის N 414/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2008  წლის 18 ივლისის N 414/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის” მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის, 2016.00 (ორი ათას თექვსმეტი) ლარის  30% - 605.20 (ექვსას ხუთი ლარი და 20 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 202.00 (ორას ორი ლარი) ლარის გამოკლებით, 403.20 (ოთხას სამი ლარი და 20 თეთრი) ლარი, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რის თაობაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 23 ივლისს (წერილი N 6/1749-08).

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის  2008  წლის 16 მაისის N 414/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს მედია ცენტრს ”ღია აფხეზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის N B102 ლიცენზია, 10 წლის ვადით, 1422 კჰც რადიოსიხშირის გამოყენებით, რაც მდებარეობს საშუალოტალღოვან დიაპაზონში და რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემის სადგურის მომსახურების ზონა - საქართველოს მთელი ტერიტორია;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

3. გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა).

4. მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

ჟ) უზრუნველყოს რადიო სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

რ) უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 1410.8  (ერთი ათას ოთხას ათი ლარი და 80 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

 

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ანგარიშის N

200122900

ბანკი

სახელმწიფო ხაზინა

კოდი

220101222

სახაზინო ქვეანგარიში

300773062

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

117.56 ლარი -  2008 წლის 25 აგვისტომდე;

117.56 ლარი -  2008 წლის 25 სექტემბრამდე;

117.56 ლარი -  2008 წლის 25 ოქტომბრამდე;

117.56 ლარი -  2008 წლის 25 ნოემბრამდე;

117.56 ლარი -  2008 წლის 25 დეკემბრამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 იანვრამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 თებერვლამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 მარტამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 აპრილამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 მაისამდე;

117.56 ლარი -  2009 წლის 25 ივნისამდე;

117.64 ლარი -  2009 წლის 25 ივლისამდე.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს  მედია ცენტრს ”ღია აფხეზეთისათვის” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

8. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ფინანსთა სამინისტროში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გამოქვეყნება (მ. აროშიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი).

9.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე 

კომისიის წევრები:                                                                           

ზ. ნონიკაშვილი 

ს. ბრიტანჩუკი

კ. კვიტაიშვილი

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები