შპს ”ლიდერ ტივისთვის” სიხშირული ზოლის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 ივლისს, შპს ”ლიდერ ტივიმ” კომისიას მიმართა განცხადებით (№15/7,22.07.08) ქ.თბილისში, ცენტრალური სათაო სადგურიდან (ი.ჭავჭავაძის გამზირი №44), მთაწმინდის ანძის გავლით, საკაბელო ქსელის ოპერატორების პერიფერიულ სათაო სადგურებამდე ციფრული ფორმატის ჯგუფური სატელევიზიო სიგნალის და სხვა ხასიათის ინფორმაციული ნაკადების რადიოსარელეო ხაზების მეშვეობით მისაწოდებლად სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ლიდერ ტივი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 21.07.2008; ავტორიზაციის მოწმობა №266/1), ფლობს ტელესაკომუნიკაციო მომსახურეობის საკაბელო ქსელსა და საშუალებებს და ახორციელებს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი
საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
ქ.თბილისში, ცენტრალური სათაო სადგურიდან (ი.ჭავჭავაძის გამზირი №44), მთაწმინდის ანძის გავლით, საკაბელო ქსელის ოპერატორების პერიფერიულ სათაო სადგურებამდე ციფრული ფორმატის ჯგუფური სატელევიზიო სიგნალის და სხვა ხასიათის ინფორმაციული ნაკადების რადიოსარელეო ხაზების მეშვეობით მისაწოდებლად, შპს ”ლიდერ ტივისთვის” 3 გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა 136მჰც ჯამური სიგანის სიხშირული ზოლი, 3635.5მჰც ÷ 3667.5მჰც და 3705.5მჰც ÷ 3809.5მჰც.
პერიფერიულ სადგურებამდე ინფორმაციული ნაკადების მიწოდების აღნიშნული სისტემის არქიტექტურა, განსხვავდება რადიოსარელეო ხაზების კლასიკური (წერტილი-წერტილი შიდატექნოლოგიური საკომუნიკაციო რადიოარხები) ვარიანტისგან და ცალმხრივი მიმართულების (წერტილი- მრავალწერტილოვანი დაშვების რადიო სისტემები) სტრუქტურის მქონე ქსელის ელემენტებს შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრის დროს, საქმიანობის სახეობის კოეფიციენტის შესარჩევად.
კომისია აღნიშნავს, რომ ევროპის თანამეგობრობის კომისიის რადიოსპექტრის კომიტეტისთვის წარდგენილ CEPT - ის ფინალური ანგარიშის (RSCOM07-06 Final, ბრიუსელი 20.04.2007), ევროპის თანამეგობრობის კომისიის გადაწყვეტილების (C(2008) 1873 Final, ბრიუსელი 21.05.2008) და ელექტრონიკის საკომუნიკაციო კომიტეტის (ECC) გადაწყვეტილების (ECC/DEC/(07)02, 30.03.2007) თანახმად, 3 გჰც დიაპაზონში სიხშირული ზოლი 3600მჰც ÷ 3800მჰც გათვალისწინებული უნდა იყოს საკომუნიკაციო მომსახურეობის უსადენო ფართოზოლოვანი დაშვების (BWA) სისტემების, სამომავლო, პერსპექტიული განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე და ”ელექტრონული კომუნიაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განისაზღვროს შპს ”ლიდერ ტივის” მიერ, სიხშირული ზოლის (3635.5მჰც ÷ 3667.5მჰც და 3705.5მჰც ÷ 3809.5მჰც) გამოყენების დამატებითი პირობები. კერძოდ, ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში” ცვლილებების შეტანისას, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონიკის საკომუნიკაციო კომიტეტის (ECC) და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU)-ს რეკომენდაციების შესაბამისად თუ ზემოაღნიშნული სიხშირული ზოლები ეროვნული გეგმით დაიგეგმება მხოლოდ უსადენო ფართოზოლოვანი დაშვების (BWA) სისტემების გამოყენებისთვის,შპს ”ლიდერ ტივის” შეეცვლება სიხშირული ზოლი (3635.5მჰც ÷ 3667.5მჰც და 3705.5მჰც ÷ 3809.5მჰც) სხვა სიხშირეებით რა დროსაც იგი კომპენსაციას ვერ მოითხოვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ლიდერ ტივის” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 21,262.40 (ოცდაერთი ათას ორას სამოცდაორი ლარი და ორმოცი თეთრი ) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით., ქ.თბილისში, ცენტრალური სათაო სადგურიდან (ი.ჭავჭავაძის გამზირი №44), საკაბელო ქსელის პერიფერიულ სათაო სადგურებამდე, ციფრული ფორმატის ჯგუფური სატელევიზიო სიგანლის და სხვა ხასიათის ინფორმაციული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ლიდერ ტივის” სიხშირული ზოლი (3635.5მჰც ÷ 3667.5მჰც და 3705.5მჰც ÷ 3809.5მჰც) ქ.თბილისში, ცენტრალური სათაო სადგურიდან ( ი.ჭავჭავაძის გამზირი №44), მთაწმინდის ანძის გავლით, საკაბელო ქსელის პერიფერიულ სათაო სადგურებამდე ციფრული ფორმატის ჯგუფური სატელევიზიო სიგნალის და სხვა ხასიათის ინფორმაციული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018 წლის 25 ივლისამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ლიდერ ტივის” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 21,262.40 (ოცდაერთი ათას ორას სამოცდაორი ლარი და ორმოცი თეთრი ) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს ”ლიდერ ტივიმ” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 21,262.40 (ოცდაერთი ათას ორას სამოცდაორი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 3000773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ლიდერ ტივის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. აღირიცხოს შპს ”ლიდერ ტივისთის” მინიჭებული სიხშირეული ზოლი კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”ლიდერ ტივის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ლიდერ ტივისთვის” რადიოსიხშირული ზოლის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან, ხოლო ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში” ცვლილებების შეტანისას, შპს ”ლიდერ ტივისთვის” ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით მინიჭებულ სიხშირული ზოლის (3635.5მჰც ÷ 3667.5მჰც და 3705.5მჰც ÷ 3809.5მჰც) მხოლოდ უსადენო ფართოზოლოვანი დაშვების (BWA) სისტემების გამოყენებისთვის დაგეგმვის შემთხვევაში, შეეცვალოს შპს ”ლიდერ ტივის” მინიჭებული სიხშირული ზოლი, ამ გეგმით გათვალისწინებულ სხვა სიხშირული ზოლით, კომპენსაციის გარეშე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
