გადაწყვეტილება, ერთი მხრივ შპს ”რკინიგზის ტელეკომსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2008
მიღების თარიღი მაისი 23, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ განცხადებით მიმართა შპს ”რკინიგზის ტელეკომმა” (2008 წლის 23 აპრილი №080423-2 წერილი), შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით, რადგან, განმცხადებლის მოსაზრებით, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ, მის მხარეს დარეკვისათვის, დადგენილია, დისკრიმინაციული საცალო ტარიფი, მისი აბონენტებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომის” წარმოდგენილი განცხადება ეყრდნობა რიგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომი” წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მას კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 56XXXX-ით სარგებლობის უფლება და ტექნილოგიური სპეციფიკაციის გათვალისიწინებით, მისი ქსელი არის ერთი მთლიანი. განმცხადებლის პოზიციის შესაბამისად, მის ქსელში ზარის დასრულების საბითუმო ტარიფი - 4 თეთრი, რომელსაც ადგენს შპს ”რკინიგზის ტელეკომი”, მოიცავს ქსელში ყველა წერტილში ზარის დასრულების საფასურს. შპს ”რკინიგზის ტელეკომის” განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიების მიერ, ინდექსზე - 56 XXXX განხორციელებულ ზარებზე, დადგენილია საცალო საქალაქთაშორისო ტარიფი 12 თეთრის ოდენობით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მის ქსელში ზარის დასრულების საბითუმო ტარიფი, მიუხადავად აბონენტის ადგილმდებარებისა, არ აღემატება 4 თეთრს. განცხადებაში წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლად შპს ”რკინიგზის ტელეკომი” მიუთითებს, ასევე, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ, აღნიშნული სატარიფო ბარიერის შემოღების შემდგომ, შეილახა შპს ”რკინიგზის ტელეკომის” ინტერესები და მოითხოვს, კომისიის მიერ მოხდეს შპს ”ახალი ქსელების” და ”ახტელის” დიკრიმინაციული მოქმედების შესწავლა, რადგან მისი მხრიდან საბითუმო ხარჯი არ გაზრდილა. შპს ”ახალი ქსელების” და ”ახტელის” აღნიშნული მოქმედება, მისი მოსაზრებით, იწვევს ე.წ. ”ტრაფიკის შეტრიალებას” და ხელოვნურად იზღუდება მისი ქსელის მიმართულებით შემომავალი ზარების ოდენობა. განმცხადებელი მოითხოვს, რომ აეკრძალოს შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს”, საცალო ბაზარზე, საქალაქთაშორისო ტარიფების შემოღებით, განხორციელებული დისკრიმინაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 8 მაისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ, წარმოდგენილ განცხადებაზე საპასუხო ინფორმაცია მოწოდებული არ ყოფილა. კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისიის 2008 წლის 8 მაისის N252/16 გადაწყვეტილებით დავის არსებითი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 23 მაისს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ წერილობით. კომისიაში 2008 წლის 13 მაისს შემოსული შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” შეპასუხება დანართებთან ერთად, გადაეგზავნა შპს ”რკინიგზის ტელეკომს”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები”, წარმოდგენილი ერთობლივი შეპასუხების მიხედვით, არ ეთანხმებიან შპს ”რკინიგზის ტელეკომის” განცხადებაში წარმოდგენილ არგუმენტაციას. მათი მოსაზრებით, ნუმერაციის რესურსით ”56 XXXX”, სარგებლობის უფლება შპს ”რკინიგზის ტელეკომს” მინიჭებული აქვს მხოლოდ თბილისის გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო სხვა გეოგრაფიულ ზონებში აქვს უფლება ისარგებლოს ხუთნიშნა ნუმერაციის რესურსებით. შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, განმცხადებლის მიერ არ იქნა მიწოდებული იმ აბონენტების (სატელეფონო ნომრების) სია, რომლებიც იწყება ინდექსით ”56” და გამოყენებულია მომსახურების მისაწოდებლად თბილისის გეოგრაფიული ზონის გარეთ. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”, ეყრდნობიან რა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტს, აღნიშნავენ, რომ უფლებამოსილი არიან დაადგინონ მათი საცალო ტარიფები შპს ”რკინიგზის ტელეკომისგან” დამოუკიდებლად. შეპასუხების შესაბამისად, ვადაგასულია, მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის გაფორმება არ ხდება შპს ”რკინიგზის ტელეკომის” უარის გამო.
კომისიამ, შეისწავლა რა მხარეთა წარმოდგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, მოუსმინა, რა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მიიჩნია, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შპს ”რკინიგზის ტელეკომს” და შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის სატელეფონო ტრაფიკის გაცვლა ხორციელდებოდა მათ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებები მოდავე მხარებს შორის გაფორმდა 2005 წლის 1 ივლისს.
2. 2008 წლის 16 მარტიდან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ, შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 5 მარტის №206 და ამავე თარიღის შპს ”ახტელის” №207 წერილები, არ შეიძლება ჩაითვალოს მხარებს შორის 2005 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლად. კომისია მიუთითებს ხელშეკრულებების 7.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ხელშეკულება გრძელდება ავტომატურად ყოველი შემდგომი სამი თვის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, კონტრაჰენტს უნდა ეცნობოს, ორი კვირით ადრე. შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 5 მარტს წარდგენილი შეტყობინებები, იმავე თვის 16 რიცხვიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულებების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადასთან შეუსაბამობის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის საფუძვლად ხელშეკრულების შესაწყვეტად, ვინაიდან არ შეესაბამება მხარეთა მიერ დადგენილ ხელშეკრულების შეწყვეტის წესს.
3. მხარეებს შორის ურთიერთჩართვა შეწყვეტილი არ არის და საბითუმო მომსახურების ურთიერთმიწოდება არ შეზღუდულა. სადაოს არ წარმოადგნს ის გარემოება, რომ მხარეებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ არ ირღვევა და მისი ქსელიდან ინდექსზე ”56”, ზარების განხორციელება შეზღუდული არ არის. ამასთან, კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის შესაბამისად დაუშვებელია მხარეებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა.
ამასთან კომისია ასევე აღნიშანვს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი თავისი საქმიანობის წარმართვისას, უფლებამოსილია, დაადგინოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.
კომისია აღნიშნავს, რომ საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიწოდების საბითუმო და საცალო ბაზარი კომისიის მიერ გამოკვლეული და შესწავლილი არ არის, შესაბამისად, შესაბამისად აღნიშნული მომსახურების ბაზრის სეგნმეტზე არ არის დადგენილი არც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე პირები, და შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელებს” და შპს ”ახტელს”, არ ეკისრებათ აღნიშნული მომსახურების ბაზარზე სატარიფო რეგულირების ან სხვა რაიმე სპეციფიკური ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. კომისია, სადაო სამართლებრივი უთიერთობების რეგულირებისას, აქცენტს აკეთებს ამ გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”ბ” პუნქტზე, რომლის შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” ქსელიდან შპს ”რკინიგზის ტელეკომის” ქსელში ზარის დასრულების საცალო ტარიფი, ერთი გეოგრაფიული ზონის შიგნით, არ უნდა აღემატებოდეს 4 თეთრს დღგ-ს ჩათვლით.
კომისია აღნიშნავს, ასევე, რომ კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ინდექსი ”56” შპს ”რკინიგზის ტელეკომს” გამოყოფილი აქვს თბილისის გეოგრაფიულ ზონაში საქმიანობისათვის, ხოლო სხვა გეოგრაფიულ სეგმენეტებში საქმიანობისათვის აღნიშნულ კომპანიას გამოყოფილი აქვს, რამოდენიმე ათეული ხუთნიშნა ნუმერაციის რესურსი. კომისიის გადაწვეტილების აღნიშნული გეოგრაფიული ზონალურობის სალიცენზიო პირობის შეუსრულებლობა, წარმოადგენს ლიცენზიის პირობების დარღვევას და ცალკე ადმინსიტრაციული წარმოების საგანია, რისი შესწავლის დროსაც მოხდება აღნიშნული გარემოების გამოკვლევა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, კანონით დადგენილი ზომების მიღება, შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 41-ე და 42-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მოთხოვნა და დაევალოს შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს”, მათ მიერ დადგენილი საცალო ტარიფის კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა, თბილისის გეოგრაფიულ საზღვრებში;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მოთხოვნა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” საცალო საქალაქთაშორისო სატელეფონო ტარიფების ცვლილების თაობაზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამეტს (მ. გოთოშია), შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მიერ ექვსნიშნა ნუმერაციის რესურსით ”56”, ქ. თბილისის გარდა, სხვა გეოგრაფიულ სეგნეტებში მომსახურების მიწოდების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვლევად მონიტორინგის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა კომისიისათვის, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
