წვდომის მენიუ

ერთი მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 281 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2008

მიღების თარიღი მაისი 23, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2008 წლის 1 მაისს განცხადებით მიმართა  კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

კომისიამ №191/18 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაავალა ყველა შეწყვეტილ მიმართულებაზე ურთიერთჩართვის აღდგენის უზრუნველყოფა, რაც, როგორც განმცხადებელი აცხადებს, არ სრულდება.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” იუწყებიან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 3 აპრილს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრის შემდეგ კიდევ ვერ მოხერხდა დაზიანებების სრულად აღმოფხვრა. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მოთხოვნის შემდეგ,  მისცა 3-დღიანი ვადა დაზიანებული კაბელების აღსადგენად. ადგილზე შესულმა შპს ”ახალი ქსელების” თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასს-ში აპარატურაზე გათიშული იყო კვება, ოპტიკური კაბელები ამოხსნილი იყო ოპტიკურ-ბოჭკვანი კაბელების დამაბოლოვებელი მოწყობილობებიდან  ODF-დან (ასს 22/23-სა და ასს 93/99-ში), გადაჭრილი იყო ყველა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი (ასს 22/23-ში 2 კაბელი, ასს 93/99-ში 3 კაბელი, ასს 60/61-ში 2 კაბელი), რის გამოც ვერ მოხერხდა SDH აპარატურის ქსელში ჩართვა.

მოთხოვნები: 1) კომისიამ განუმარტოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომ დაშვება არ ნიშნავს მხოლოდ 3 დღით დაშვებას; 2) დააკისროს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საჯარიმო სანქცია კომისიის №191/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო; 3) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაუყონებლივ დაუშვას განმცხადებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების აღსადგენად.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 16 მაისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დავის დღის დანიშვნის შესახებ. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”ახალმა ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელი ნ. ჯღენტი, ხოლო  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მხრიდან ლ. გიორგაძე.

მოსამზადებელ სხდომაზე განმცხადებელმა დაადასტურა მისივე განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ მათთვის დაზიანებული კაბელების შესაკეთებლად მიცემული 3 დღიანი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი. მოწინააღმდეგე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შპს ”ახალმა ქსელების” და შპს ”ახტელის” მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში შესაკეთებელ კაბელებთან დაშვების თაობაზე, მოთხოვნილი ვადით.

2008 წლის 23 მაისს გაიმართა დავის არსებითი განხილვა, სადაც  სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიმართ გაგზავნილი წერილების ასლები, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნების შესრულებაზე, კერძოდ, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” თანამშრომლების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ საკანალიზაციო ჭებში დაშვებაზე დაზიანებული კაბელების შესაკეთებლად.

კომისიამ, საქმის მასალების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის”  მოთხოვნები  უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

1) კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოსამზადებელ სხდომაზევე განუმარტა, რომ კომისიის №191/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი - ”უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“  შპს „ახალი ქსელები“-ს წარმომადგენლების დაშვება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ შემდეგ ასს-ებში - 34/35; 93/99; 22; 60/61; 63/64-ში, შპს „ახალი ქსელების“ აპარატურასთან, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში” არ ნიშნავს მხოლოდ 3 დღიან დაშვებას თანალოკაციის ფართზე და ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარის მიერ გამოთქმულ იქნა როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი მზადყოფნა, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (2008 წლის 22 მაისის №8-14/612 და №8-14/613 წერილები). 

2) იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის №191/18 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ჯერ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მისი მოქმედება სასამართლოს განჩინებით შეჩერებული იყო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება I ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დღემდე არ ჩაბარებია. კომისიამ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ სანქცირების ნაწილში, ვინაიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ არის გაშვებული №191/18 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის მიცემული ვადა, რომლის დინებაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეჩერებული იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს  ”ახალ ქსელებისა” და შპს ”ახტელის” განცხადება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2008 წლის 191/18 გადაწყვეტილების აღსრულების მიმდინარეობის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე                            

 წევრები:                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი          

                                                                                                                  ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები