შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” №B8 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008
მიღების თარიღი იანვარი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ.რატიშვილი) მიერ 2007 წლის 22 და 26 ნოემბერს განხორციელდა შემოწმება შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით.
გამოირკვა, რომ შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი” სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის დღიდან, 2005 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე არ ახორციელებს №B8 ლიცენზიის საფუძველზე მაუწყებლობას, რის თაობაზეც 2007 წლის 22 და 26 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტები №21 და №22.
აღნიშული მასალები გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილს), რომელმაც იხელმძღვანელა რა ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღნიშნა, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა დადგენილ ვადაში ან/და მაუწყებლობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში სალიცენზიო პირობების დარღვევაა, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
2007 წლის 30 ნოემბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება № 717/23 შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” №B8 სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2007 წლის 28 დეკემბერს, 16 საათზე გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. მიუხედავად გაფრთხილებისა, ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” წარმომადგენელი.
საკითხის არსებითი განხილვა კომისიაში გაიმართა 2008 წლის 11 იანვარს (2008 წლის 4 იანვარს სხდომა გადაიდო დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის გამო). კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” №B8 ლიცენზია.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარატამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე