სს ”ტელენეტსა” და შპს ” კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2008
მიღების თარიღი იანვარი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტმა” 2007 წლის 26 დეკემბერს #1/560 წერილით მიმართა კომისიას შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”ტელენეტს” შორის 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”ტელენეტი” აღნიშნავს, რომ მის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზებასა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის 400/9 და 2007 წლის 17 აგვისტოს #469/16 გადწყვეტილებების საფუძველზე, შპს ”კავკასუს ონლაინმა” უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს #469/16 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მხოლოდ ამ აქტით განსაზღვრულ მხარეებს შორის და აქედან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლიანს” ზემოხსენებული ვალდებულება სს ”ტელენეტის” მიმართ არ გააჩნდა.
მოთხოვნები: კომისიამ დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ტელენეტთან” 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 11 იანვარს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”ტელენეტის” წარმომადგენელი ა. სულაძე, ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გ. ჭელიძე.
მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს წერილში აღნიშნული პოზიციები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მათ დამატებითი მოსაზრებები და მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვა 2008 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე