შპს ”ტელეიმედის” გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა (გ. რატიშვილი) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) პუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 7 ნოემბერს ჩაატარა სამაუწყებლო კომპანიების საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი, რომლის თანამხად ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია შპს ”ტელეიმედის” მიერ გადაიცა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართვა, რომელიც ქვეყანაში არსებული რეალობის ფონზე განხილულ უნდა იქნას, როგორც უკანონო პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის აშკარა წაქეზება, რაც წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის (კონსტიტუციური წესრიგის მოშლის) დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
კომისიის აზრით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამული შეზღუდვების, კერძოდ ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს, აგრეთვე 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და შესაბამისად - სალიცენზიო პირობების დარღვევას.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს და დააკისროს ჯარიმა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს აქტი დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რა გადაუდებელი აუცილებლობა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, აგრეთვე 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს “ტელეიმედი” ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ”ტელეიმედს” დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
3. შპს ”ტელეიმედმა” 30 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ჯარიმის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი - 300771116, და წარმოადგინოს კომისიაში გადახდის ქვითარი;
4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ტელეიმედისათვის” როგორც დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით, ასევე დაუყოვნებლივ ტელეფონოგრამის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესარულებაზე დაევალოს კომისის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
დ. პატარაია