წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 659 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 16 ოქტომბერს №6/1585-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”  შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების შეუსრულებლობა.

შპს “კავკასუს ონლაინიდან” შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” სახელზე გადაგზავნილ იქნა შემდეგი სახის წერილები:

1. 2007 წლის 1 ოქტომბერს  N№ 157/011007 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინი” ითხოვდა მოპასუხე კომპანიებს დაერთო ნება, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ასს-ში NN№ 30; 32; 33; 52; 57; 65 ;69 ;70 ;75; 76; 77 კროსიდან მათ აპარატურამდე ჩაედოთ 100 წყვილიანი კაბელი და უზრუნველეყოთ შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფა ზემოაღნიშნულ ასს-ში.

2.  2007 წლის 09 ოქტომბრის N№165/091007 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინმა” მოპასუხეს წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 134 აბონენტი) და ითხოვა ამ აბონენტთა მიერთება DSL სერვისისათვის განკუთვნილ აპარატურის სიხშირულ ფილტრზე.

ამ წერილებს, განმცხადებლის აღნიშვნით, რეაგირება არ მოყოლია. მას მიაჩნია, რომ  შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” დაარღვია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების ვალდებულება.

   მოთხოვნები:

       1. დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს, შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს შპს  ”კავკასუს ონლაინის” მიერ გადაგზავნილ წერილებში ასახული მოთხოვნების შესრულება.

2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N№400/9 გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის მის მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეშვიდე თავით განსაზღვრული სანქციები.

3. მიქცეულ იქნას  კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ   აღსასრულებლად.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 2 ნოემბერს კომისიაში გაიმართა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენლები: გ.ჭელიძე და ვ. ცეცხლაძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ. ჟღენტი და ხ. ინჯია.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენების პროცედურა გაწერილია 2005 წლის 21 აპრილს ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს ” და მეორე მხრივ,  შპს “კავკასუს ნეტვორკს” (რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინი”) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის 2.2.1 მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია შპს “კავკასუს ონლაინის”  მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შპს ”კავკასუს ონლაინთან” შეთანხმებულად, მოახდინონ ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე, თუ ეს არ მოითხოვს წყვილების შეცვლას. ამავე ხელშეკრულების 2.3 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ წარდგენილ განაცხადში აბონენტის მონაცემები არ ემთხვევა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მონაცემებს, განაცხადის მიღებიდან ერთი დღის ვადაში ისინი პასუხით ატყობინებენ ამის შესახებ, რაც მოპასუხე კომპანიებისაგან არ მომხდარა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაკისრებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N#400/9 “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებით, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”  უხეშად არღვევს არა მარტო ხელშეკრულებით და კანონით დადგენილ დებულებებს, არამედ უგულვებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებსაც.

მოპასუხე კომპანიების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შპს ”კავკასუს ონლაინის”  განცხადებას,  ვინაიდან შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2007 წლის 4 ოქტომბერს შპს ”კავკასუს ონლაინს” წერილობით შესთავაზა სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მას გადაეგზავნა შესაბამისი მოწვევის ოფერტაც, მაგრამ განმცხადებელი კომპანიის მიზეზით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დღემდე არ მომხდარა. შესაბამისად, მას მიაჩნია რომ  შპს ”კავკასუს ონლაინის”  განცხადება შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან დაშვების პირობების დარღვევაზე,  დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი მოთხოვნის  დაკმაყოფილების საფუძვლები. რაც შეეხება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილ აბონენტთა DSL სერვისისათვის განკუთვნილ აპარატურის სიხშირულ ფილტრზე მიერთების მოთხოვნას, იგი შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან იქნა შესრულებული, რაც წერილობით ეცნობა განმცხადებელს. კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას აღნიშნული სხდომაზე დაადასტურა შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმაც.

კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერმა ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლის მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერეტორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის  პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია დამატებით განმარტავს, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მოთხოვნა, იმის თაობაზე, რომ აუცილებელია შპს ”კავკასუს ონლაინთან” დაშვების ხელშეკრულების გაფორმება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, კომისიის აზრით საფუძვლიანია, ვინაიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდენ და გააფორმონ ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება და მისი ასლი წარმოუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, 2007 წლის 19 ოქტომბრის №604/16 კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” დაევალა შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გაგზავნილი სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ოფერტის სადავო პირობების შესწორება და ამ შენიშვნების გათვალისწინებით მხარეებს, ამავე გადაწყვეტილებით,  დაევალა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება  ათი დღის ვადაში, რაც დღემდე არ მომხდარა. კომისია ითვალისწინებს, რომ შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” თანხმაა შპს ”კავკასუს ონლაინთან” სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებით და დაშვების ოფერტაზე კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, განმცხადებელ კომპანიას სთავაზობს ახალ ოფერტას. შესაბამისად, კომისიას მიჩნია, რომ  შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტით დაკისრებულ დაშვების ვალდებულების შესრულებაზე უარს ადგილი არ აქვს.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს  ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა მის მიერ 2007 წლის 1 ოქტომბერსN№157/011007 გადაგზავნილ წერილში ასახული მოთხოვნის (დაშვების ვალდებულების) შეუზღუდავად და უპირობოდ შესრულების შესახებ და შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” სანქცირების თაობაზე.

2. შეწყდეს დავის განხილვა შპს  ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილ აბონენტთა DSL სერვისისათვის განკუთვნილ აპარატურის სიხშირულ ფილტრზე მიერთების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მისი შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან შესრულების გამო.

3. მიეცეთ წინადადება მხარეებს დროულად მოაწერონ ხელი დაშვებისა და სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებს და ხელმოწერის შემდგომ წარმოადგინონ მათი ასლები კომისიაში.

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის   თავმჯდომარე                                ზ. ნონიკაშვილი

წევრი                                                                    დ. პატარაია                                                             

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები