წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელებისთვის” შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 433 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  20 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 99.588,55  ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მხრიდან ვალი აღიარებულია, რასაც ადასტურებს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” 2007 წლის 18 ივლისის  №0107/36  წერილი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

              გადაწყვიტა:

1.   დავალიანების 99.588,55 ლარის  დასაფარად მიეცეს ვადა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” 2007 წლის 10 აგვისტომდე;

2.  შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მხრიდან დავალიანების პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში მიეცეს უფლება შპს ”ახალ ქსელებს” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                          გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები