შპს “მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005
მიღების თარიღი ივლისი 26, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგისტრაციის N 5/4 385) კომისიას მიმართა განცხადებით (129-7, 18.07.2005წ.), საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაცის რესურსით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომმა” 2005 წლის 18 ივლისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც მომსახურების სახედ განსაზღვრულია საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „მაგთიკომს“ საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-5-1 (რვა-ხუთი-ერთი) 10 წლის ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით 8-5-1 (რვა-ხუთი-ერთი) სარგებლობის ლიცენზია N N 7 შპს “მაგთიკომს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “მაგთიკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი