შპს “მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005
მიღების თარიღი ივლისი 26, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგისტრაციის N 5/4 385) კომისიას მიმართა განცხადებით (N126-5, 13.07.2005წ.), 1996 წლის 10 ივლისსა და 1999 წლის 14 მაისს მინიჭებული ლიცენზიების საფუძველზე ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაცის რესურსით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ფლობს N153 და N958 ლიცენზიებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „მაგთიკომს“ მობილური კავშირის მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-9-5 (რვა-ცხრა-ხუთი) 10 წლის ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით 8-9-5 (რვა-ცხრა-ხუთი) სარგებლობის ლიცენზია N N 8 შპს “მაგთიკომს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “მაგთიკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი