წვდომის მენიუ

ინდივიდუალური საწარმო ” ზაზა პეტრიაშვილის” (ლომსია) გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 456 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

   კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ.რატიშვილი) 2005 წლის 27 მაისის შემოწმების აქტისა და 2005 წლის 8 ივნისის მოხსენებითი ბართის შესაბამისად ირკვევა, რომ ი/ს “ზაზა პეტრიაშვილი” (ლომსია), რომელიც ფლობს №1335 ლიცენზიას (საკაბალო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “нтв + Футбол”, “НТВ”,ОРТ”,РТР Россия“, “Ren TV”, “МузTV”, “нтв Спорт”,НТВ Премиера”,НТВ Киноклуб”, “Discovery”,რუსთავი 2”-ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. კომპანიას კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი. 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ი/ს “ზაზა პეტრიაშვილის” (ლომსია), გაფრთხილების თაობაზე.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა ი/ს “ზაზა პეტრიაშვილის” (ლომსია), მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 51-ე და 58-ე  მუხლების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს ი/ს “ზაზა პეტრიაშვილი” (ლომსია), რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  ი/ს “ზაზა პეტრიაშვილს” (ლომსია), 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ი/ს “ზაზა პეტრიაშვილმა” (ლომსია), არხების: : “нтв + Футбол”, “НТВ”,ОРТ”,РТР Россия“, “Ren TV”, “МузTV”, “нтв Спорт”,НТВ Премиера”,НТВ Киноклуб”, “Discovery”,რუსთავი 2”-ის არამართლზომიერი ტრანსლირება; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის  სამსახურს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები