შპს „ჯეოსელისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005
მიღების თარიღი ივნისი 24, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N347/10 „შპს „ჯეოსელისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც შპს „ჯეოსელს“ მიეცა ვადა 2005 წლის 24 ივნისამდე 1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც - 1920 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოსადგენად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილია დოკუმენტაცია კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, გარდა სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომელიც ნაცვლად ბიუჯეტის ანგარიშისა, ჩარიცხულია კომისიის ანგარიშზე.
კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნისა და კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს შპს „ჯეოსელს“ 2005 წლის 31 მაისის N347/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა 2005 წლის 5 ივლისამდე სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი