წვდომის მენიუ

დ. ქიტოშვილისათვის მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 428 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005

მიღების თარიღი ივნისი 24, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც თავისუფალ სიხშირულ რესურსზე) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ (N162 4.09.2003) განცხადების საფუძველზე 2003 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N515/10 „ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ“. გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16:00 საათით, ხოლო ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღებისათვის – 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში 2003 წლის 12 დეკემბრის კომისიის N621 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილებები: კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა  2004 წლის 16 აპრილი, 16:00 საათი, ხოლო  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად 2004 წლის  13 თებერვალი, 17:00 საათი, ხოლო  2004 წლის 8 აპრილს კომისიამ კვლავ მიიღო „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ N164 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 12 ნოემბერი, 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა - 2004 წლის  16 სექტემბერი , 17:00 საათი.

          კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შემოიტანა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (შემოსვლის N11/002-04, 2004 წლის 15 იანვარი). ამავე დროს, შპს „მაგთიკომმა“ გაასაჩივრა კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა: გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება და მისი ბათილად ცნობა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 4 მაისს საქმეზე N3ა/268-04 გამოიტანა განჩინება სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ, რომლის მე-7 პუნქტში განმარტა, რომ  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულად ითვლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება. 

        2005 წლის 31 მარტს აღნიშნულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გადაწყვეტილება მოსარჩელის – შპს „მაგთიკომის“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და კომისიის  2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რაზეც კომისიის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის  საქმეთა პალატაში შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი.

2005 წლის 24 ივნისის  სხდომაზე, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული საქმის გარემოებებზე: აღნიშნა, რომ კომისიამ ჯერ კიდევ 2004 წლის 10 სექტემბერს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება N468 , რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიას ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის ჩატარების თარიღი და ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადა უნდა განესაზღვრა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის N164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ“.

 კომისია, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომერციული კონკურსის რამოდენიმეჯერ გადადების მიუხედავად, შპს „მაგთიკომის“ გარდა, სხვა კომპანიას არ განუცხადებია სურვილი კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაძლებლად მიიჩნევს საქმე მორიგებით დასრულდეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კომისიამ

 

 გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარეს დ. ქიტოშვილს მორიგების პირობების განსაზღვრისა და მორიგების  აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება;

2. ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და შპს „მაგთიკომს“, რომ კომისია თანახმაა დავა შპს „მაგთიკომთან“ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2004 წლის 2 აპრილის N164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დაასრულოს მორიგებით (ი. თოდრია);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) კომისიის ამ გადაწყვეტილების  შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა და ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო   სასამართლოში  (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს    (კ. ყურაშვილი).

დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის თავმჯდომარე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები