სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს ” შორის ქ .ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის თაობაზე ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) 2005 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N346/16 „სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს ” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის თაობაზე ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
კომისიის მიერ 2005 წლის 17 ივნისს განხილული იქნა საკითხი სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს ” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის თაობაზე ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ წარმომადგენელი ლ.კვერნაძე; შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები: ა.იაშვილი, ნ.ჟღენტი და მ.კაპანაძე.
სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ წარმომადგენლის განცხადებით, ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენს სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ასს 6-ის თავსებადობის პრობლემა სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ასს 5-თან, რის გამოც ვერ ხერხდება ასს 6-იდან წამოწყებული ზარების აღრიცხვა. შესაბამისად, ეს პრობლემას ქმნის შპს „ახალ ქსელებთან“ ქ.ქუთაისის ადგილობრივ ქსელში ანგარიშსწორების განხორციელებისთვის.
კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ დაეთანხმა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის წინადადებას, რომ ქ.ქუთაისის ქსელში შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის ადგილობრივ ზარებზე ანგარიშსწორება დაიწყოს 2005 წლის 15 ივლისიდან, ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ასს 6-დან წამოწყებულ და შპს „ახალი ქსელების“ ქსელში დასრულებულ, აგრეთვე შპს „ახალი ქსელების“ ქსელიდან წამოწყებულ და ასს 6-ში დასრულებულ ზარებზე 2005 წლის 15 სექტემბრიდან.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის თაობაზე დადგენილი იქნას შემდეგი პირობები:
ა) სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის წერტილებია:
ასს 4, ქ.ქუთაისი, თამარ მეფის გამზ.N22;
ასს 2 ქ.ქუთაისი, ახალგაზრდობის პირველი შესახვევი N27;
ასს 7, ქ.ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ.N42;
ასს 5 ქ.ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. N22.
ბ) ქ.ქუთაისის ადგილობრივ ქსელში სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ასს 6-დან წამოწყებულ და შპს „ახალი ქსელების“ ქსელში დასრულებულ, აგრეთვე შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო სადგურებიდან წამოწყებულ და ასს 6-ში დასრულებულ ადგილობრივ ზარებზე ანგარიშსწორება განხორციელდეს 2005 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო დანარჩენ ქსელში განხორციელებულ ადგილობრივ ზარებზე ანგარიშსწორება დაიწყოს 2005 წლის 15 ივლისიდან;
2. ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის და გამოყენებული ინტერფეისების თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთჩართვის ტექნიკურად განხორციელების პროცესში;
3. ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური, აგრეთვე ეკონომიკური და იურიდიული საკითხები დარეგულირდეს კომისიის მიერ 2004 წლის 30 ივლისს მიღებული №381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების“ შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი