წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 718 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი მანქანების აუქციონის წესით განკარგვის შესახებ

ნომერი: 718 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი მანქანების აუქციონის წესით განკარგვის შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ, კომისიის ბალანსზე ირიცხება სამსახურებრივი ავტომანქანები (მერსედეს-ბენც 230, სარეგისტრაციო ნომრით – WAW 799, ბმვ 530 I, სარეგისტრაციო ნომრით - WVW 387 და შკოდა ოქტავია 1.8 SLX, სარეგისტრაციო ნომრით USA 966), რომელთა შემდგომი ექსპლოატაცია ეკონომიურად მიზანშეუწონელია, ვინადიან, როგორც კომისიის აპარატის 2004 წლის 10 დეკემბრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ზემოაღნიშნული ავტომანქანები მიუხედავად მათი გამოშვების წლისა წარმოადგენენ მეორადი მოხმარების ავტომანქანებს და  საჭიროებენ  ხანგრძლივ და ხშირ შეკეთებას, რაც ძვირი უჯდება კომისიას. საგულისხმოა რომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოებული  ცვეთის დარიცხვისა და  რემონტის თანხების ავტომანქანების ღირებულებაზე დამატებამ გამოიწვია, ის რომ ნარჩენი საბალანსო ღირებულება თითქმის ორჯერ გაიზარდა საწყის (შეძენის) ღირებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ავტომანქანების განკარგვა, ხოლო გაყიდვისა და ამონაგები თანხის კომისიის ბიუჯეტში  მიმართვისათვის მიზანშეწონილია აუქციონის წესის გამოყენება.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აგრეთვე, შესყიდვის ობიექტების საბაზრო ფასის დასადგენად აუდიტორული შეფასების ჩატარება და აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შესყიდვის ფასის განსაზღვრა.

           „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნეს მიღებული კომისიის ადმინისტრაციის 2004 წლის  10 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი;

2. განხორციელდეს კომისიის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი მანქანების აუქციონის წესით განკარგვა;

3. აუქციონის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სააუქციონო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)  იუზა ლორია  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) კახი ყურაშვილი    - რეგისტრატორი (კომისიის მდივანი);

გ)  იოსებ აბულაძე     -  მეაუქციონე;

4. დამტკიცდეს აუქციონზე გასატანი ობიექტების ნუსხა და საწყისი გასაყიდი ფასი:

ა)  მერსედეს-ბენც 230 სარეგისტრაციო ნომრით – WAW 799, გამოშვების წელი 1997, ფერი – ლურჯი მუქი 1/4. – 19.000  ლარი;

ბ) BMW- 530 I სარეგისტრაციო ნომრით - WVW 387, გამოშვების წელი 1994, ფერი – შავი -  11.000 ლარი;

გ) შკოდა ოქტავია 1.8 SLX სარეგისტრაციო ნომრით USA 966, გამოშვების წელი 1999, ფერი – მწვანე – 6.000 ლარი;

5. წინასწარ შესატანი პირგასამტეხლოს, „ბე„-ს მინიმალურ ოდენობად განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10%;

6. სააუქციონო ბიჯის  მინიმალურ ოდენობად დადგინდეს თითოეული ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის 5%;

7.აუქციონი ჩატარდეს 2005წლის 28 თებერვალს 14 საათზე, კომისიის სააქტო დარბაზში;

8. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადა განისაზღვროს 2005 წლის 25 თებერვლის 17 სთ-მდე;

შენიშვნა: მსურველებს აქვთ უფლება წინასწარ გაეცნონ გასაყიდ ქონებას და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 42-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მე-8  ოთახში (ტელ. 386957);

9. დამტკიცდეს აუქციონში მონაწილეობის შემდეგი პირობები:

ა)    აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს;

ბ) აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში „მონაწილე„) აუქციონის „რეგისტრატორს„ წარუდგენს:

ბ.ა) განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაწილეზე; შესასყიდი ქონების დასახელებას;

ბ.ბ) „ბე„-ს გადახდის დამადასტურებელ  ქვითარს, რომელიც ჩაირიცხება სს „თიბისი” ბანკში, ბანკის კოდი № 220101830, ა/ა № 609326.

ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ან/და სარეგისტრაციო მონაცემებს;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელით;

ბ.ე) იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც უნდა დაუბრუნდეს „ბე„-ს თანხა აუქციონზე დამარცხების შემთხვევაში;

გ) მყიდველმა რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა რამოდენიმე ობიექტის შესასყიდ აუქციონში, უნდა გადაიხადოს „ბე„ ყველა ასეთ ობიექტზე ცალ-ცალკე;

დ) თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მყიდველი იღებს აუქციონში მონაწილის უფლების დამადასტურებელ ცნობას და დაიშვება აუქციონზე;

ე)  „რეგისტრატორი„ იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას; ახდენს „მონაწილის„ რეგისტრაციას და ანიჭებს შესაბამის რიგით ნომერს (რამოდენიმე ქონებაზე მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულზე ცალ-ცალკე);

ვ) მონაწილე, აუქციონში მონაწილეობის შესახებ არასრულყოფილი განცხადებისა ან/და თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, აუქციონზე არ დაიშვება, ხოლო განცხადება არ განიხილება;

10.  დამტკიცდეს აუქციონის ჩატარების შემდეგი წესი:

ა) "მონაწილე", აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში და აუქციონის "რეგისტრატორისაგან" იღებს  მისთვის მინიჭებულ შესაბამის ნომერს;

ბ) „რეგისტრატორი„ თავის მხრივ ადარებს გაცემული ნომრების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი მონაწილე ესწრება თითოეულ ვაჭრობას და ვაჭრობის დაწყებამდე მოახსენებს კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას, აუქციონის გამოცხადებიდან მის მიერ გაწეულ სამუშაოს თაობაზე (აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება ოქმში);

გ) აუქციონს ატარებს "მეაუქციონე";

დ) თითოეულ ობიექტზე, აუქციონის დაწყებისას, "მეაუქციონე" აცხადებს ქონების დასახელებას, შემდგომ საწყის ფასს და ბიჯს. აუქციონის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. აუქციონის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება;

ე) "მონაწილე", რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა სწევს თავის ნომერს (რაც ნიშნავს ბიჯის მინიმალურ ოდენობას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს "მეაუქციონისათვის". თუ  ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, "მეაუქციონე" აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ, რომელიმე "მონაწილე" არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ამის შემდეგ  ქონება ითვლება გაყიდულად იმ "მონაწილეზე„ ვინც შესთავაზა "მეაუქციონეს" ყველაზე მაღალი ფასი;

ვ) აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერენ "მყიდველი", "მეაუქციონე", „რეგისტრატორი„და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება  კომისიის ბეჭდით;

ზ) აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელი უნდა მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს, რომელსაც ადგენს „რეგისტრატორი„;

თ) აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი "ბე" არ უბრუნდება;

ი) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა, იმ მიზეზით რომ აუქციონის "მონაწილეები", ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს მონაწილეობა, მაშინ დგება არ შემდგარი აუქციონის ოქმი და "მონაწილეებს" შეტანილი "ბე" არ უბრუნდებათ;

კ) აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა კომისიას, რომელიც აუქციონის შედეგებს ამტკიცებს გადაწყვეტილებით;

11. დამტკიცდეს გარიგებათა გაფორმების შემდეგი წესი:

ა) დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან 10 კალენდარული დღის ვადაში"მყიდველმა", მითითებულ  ანგარიშზე უნდა შეიტანოს ნაღდად ან უნაღდო ანგარიშსწორები ფორმით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს;

ბ) თუ "მყიდველი" აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ უბრუნდება;

გ) აუქციონში გამარჯვებულს შეტანილი "ბე" ჩაეთვლება მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებულ თანხაში საბოლოო ანგარიშსწორების დროს;

დ) აუქციონში დამარცხებულ "მონაწილეს"  აუქციონის შედეგის გამოცხადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უბრუნდება "ბე" მის მიერვე განაცხადში მითითებულ ანგარიშზე;

ე) აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ  კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამყიდველი და მყიდველი ვალდებულია  გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

ვ) "გამყიდველსა" და აუქციონში "გამარჯვებულს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ვ.ა. ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

ვ.ბ. გამყიდველისა და მყიდველის რეკვიზიტები;

ვ.გ. შეძენილი ქონების დასახელება  და შეძენის ფასი;

ვ.დ. მხარეთა ურთიერთვალდებულებები;

ზ)  ქონებაზე საკუთრების უფლება "გამყიდველიდან" "მყიდველს" გადაეცემა ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისა და გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი იფარება „მყიდველის„ მიერ;

12. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ობიექტების არ განკარგვის შემთხვევაში ხელახალი აუქციონის ჩატარების და ახალი საწყისი ღირებულების განსაზღვრა ხდება კომისიის მიერ  4 კვირის ვადაში;

13. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე განთავსების ორგანიზება;

14.  დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აღნიშნული გადაწყვეტილების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.

15. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლო წესით;

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ფინანსურ (ი. აბულაძე) და სამართლებრივ საკითხთა სამსახურებს  (კ. ყურაშვილი).

          კომისიის თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები