გადაწყვეტილება N 651 შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 651 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2004

შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 5 ნოემბერს განიხილა საკითხი შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „მაგთიკომის„ წარმომადგენლები: ლ. ბუჩუკური, ა. ზოდელავა;

შპს „ახალი ქსელების„ წარმომადგენელი  - ნ. ჟღენტი;

კომისია აღნიშნავს, რომ  2004 წლის 19 ოქტომბერს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის სადავო საკითხები:

შპს „მაგთიკომის„ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ახალ ქსელებთან„ 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ურთიერთჩართვის წერტილებთან დაკავშირებით; აგრეთვე შპს „ახალი ქსელებისთვის„ 99 780,26 ლარის (48 506,09 ლარი დავალიანება და 51 274,17 ლარი პირგასამტეხლო) გადახდის დაკისრება.

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა შეგებებული მოთხოვნა, რომლის თანახმად მიიჩნევს, რომ შეწყვეტილია 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, მოითხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი მოთხოვნები პირგასამტეხლოს  ოდენობის,  ტრაფიკების შედარების და ანგარიშსწორების ვადების, ურთიერთჩართვის ტარიფის შესახებ.  შპს „ახალი ქსელები„ მოითხოვს აგრეთვე, შპს „მაგთიკომთან„ 2000 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და „მაგთიკომისთვის„ 3 264 860,53 ლარის გადახდის დაკისრებას.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით:

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა ახსნა-განმარტება (25.10.2004 წ.N1199), რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2002 წლის 25 სექტემბერს ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად შეწყდა ხელშეკრულება, ვინაიდან ხელშეკრულების გაგრძელებისთვის ამავე პუნქტის თანახმად საჭირო იყო მხარეთა წერილობითი თანხმობა, რაც მხარეთა შორის არ გაფორმებულა. დროის მონაკვეთი 2002 წლის 25 სექტემბრიდან წარმოადგენს არასახელშეკრულებო პერიოდს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისთვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნების შესრულების შემდეგ. „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულება ითვალისწინებს ხელშეკრულების წერილობით ფორმას. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მხარეებმა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების და ვადების შესახებ. 2004 წლის 01.06.N728 წერილით შპს „ახალმა ქსელებმა„ შესთავაზა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საბოლოოდ არ იქნა გაზიარებული და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წინა ხელშეკრულება შეწყვეტილია და საჭიროა ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ამავე წერილით ეცნობა შპს „მაგთიკომს„, რომ ის ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობდა მხარეებს შორის, შეწყვეტილია 2004 წლის 1 ივლისიდან, გამომდინარე იქედან, რომ არსებული ურთიერთობა იყო აშკარად კაბალური და ამასთან, სცდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს. 03.08.2004 წ. N995 წერილით შპს „ახალმა ქსელებმა„ აცნობა შპს „მაგთიკომს„, რომ  ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2004 წლის 1 ივლისს, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულებები მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გაფორმდებოდა ახალი ხელშეკრულება, 2004 წლის 1 აგვისტოდან ანგარიშსწორება არ განხორციელდებოდა.

შპს „მაგთიკომი„ მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება გაგრძელებულია განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე და გადაწყვეტილება ძალაში შედის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. გამომდინარე იქედან, რომ შპს „მაგთიკომი„ არ ეთანხმება შპს „ახალ ქსელებს„ ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხელშეკრულება დღესაც ძალაშია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

შპს „მაგთიკომმა„ ხელშეკრულების მოქმედების დამადასტურებლად კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „ახალი ქსელების„ მიერ მისთვის გაგზავნილი ანგრიშ-ფაქტურის ასლები, რომელიც გამოწერილია 2002 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფით.

კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომმა„ დააზუსტა სადავო თანხა, რომელიც წარმოადგენს პირგასამტეხლოს -  30 551.83 ლარს. რაც შეეხება ძირითად თანხას, იგი დაფარულია შპს „ახალი ქსელების„ მიერ. სხდომაზე შპს „მაგთიკომის’ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ახალი ქსელების„ მიერ ჩარიცხული თანხებიდან ჯერ იფარებოდა ძირითადი თანხა, ხოლო შემდეგ პირგასამტეხლო.

კომისია აღნიშნავს:

შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმდა 2002 წლის 19 ივნისს. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2004 წლის 25 ივნისს და მოქმდებდა 3 თვის ვადით. ხელშეკრულების მე-6 მუხლში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. მოცემული ხელშეკრულების შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე და გადაწყვეტილება ძალაში შედის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა შორის არ არის გაფორმებული რაიმე წერილობითი დოკუმენტი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების, მოქმედების შეწყვეტის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კომისია მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა  შპს „ახალი ქსელების„ ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მან მიმართა შპს „მაგთიკომს„ არსებული ფაქტობრივი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით, გამომდინარე იქედან, რომ წერილში საუბარია ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ამასთან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „ფაქტობრივი ურთიერთობების„ შეწყვეტას. გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებულ საოქმო გადაწყვეტილებებში, რომლის ასლები წარმოდგენილია შპს „მაგთიკომის„ მიერ 2003 წლის თებერვლიდან 2004 წლის აგვისტომდე  (ბოლო გაფორმებულია 2004 წლის 10 აგვისტოს) და რომელსაც ხელს აწერენ შპს „მაგთიკომის„ გენერალური დირექტორი დევიდ ლოურენს ლი და შპს „ახალი ქსელების„ გენერალური დირექტორი ავთანდილ იაშვილი, მითითებულია, რომ საოქმო გადაწყვეტილება შედგენილია 2002 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების თანახმად.

ასევე საფუძველს მოკლებულია შპს „მაგთიკომის„ მტკიცება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება არ არის შეწყვეტილი და ძალაშია. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში იყო 2002 წლის 25 სექტემბრამდე.

კომისია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2002 წლის 25 სექტემბრამდე, ხოლო „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან სახელშეკრულებო ვალდებულებები გაგრძელებულად ჩაითვლება და დარჩება ძალაში, სანამ მხარეები არ დადებენ ახალ ხელშეკრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს„ შორის სახელშეკრულებო ვალდებულებები გაგრძელებულია და ძალაშია დღესაც, ვიდრე არ გაფორმდება ახალი ხელშეკრულება ან კომისიის მიერ არ იქნება დადგენილი ხელშეკრულების პირობები.

 შესაბამისად, გაწეული მომსახურებისთვის ანგარიშსწორება მხარეებს შორის უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად.

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა შეგებებული განცხადება (N1145, 05.10.2004 წ.) და დაზუსტებული შეგებებული განცხადება (N1155, 07.10.2004 წ.). დაზუსტებულ შეგებებულ განცხადებაში შპს „ახალი ქსელები„ ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შპს „მაგთიკომთან„ 2000 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება და შპს „მაგთიკომმა„ დაუბრუნოს 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 19 ივნისის ჩათვლით გადახდილი თანხა 3 109 313 ლარი, რომელსაც დაემატება პროცენტი ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონზე დადგენილი პროცენტის შესაბამისად – სულ 3 264 860 ლარი.

შპს „მაგთიკომის„ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხისადმი გზავნილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, რომლითაც შპს „მაგთიკომს„ ჩაბარდა შპს „ახალი ქსელების„ სარჩელი 2000 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე. კომისიის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების„ წარმომადგენელმა დაადასტურა თბილისის საოლქო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანის ფაქტი. შპს „მაგთიკომი„ მიიჩნევს, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს ის საქმე, რაზედაც სარჩელი შეტანილია სასამართლოში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის„ მოთხოვნა კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად„ სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს„.

რაც შეეხება ახალი ხელშეკრულების პირობებს, კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს როგორც შპს „მაგთიკომის„, ასევე შპს „ახალი ქსელების„ ურთიერთჩართვის ტარიფის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ კომისია დაადგენს შპს „ახალ ქსელებსა„ და შპს „მაგთიკომს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა„ ანგარიშსწორების განხორციელება შპს „მაგთიკომთან„ 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად როგორც ძირითადი დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში.

2. შეწყდეს დავის განხილვა შპს „ახალი ქსელების„ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2000 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და შპს „მაგთიკომისთვის„ 3 264 860 ლარის გადახდის დაკისრებას.

2. კომისია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის საკითხს განიხილავს შპს „ახალი ქსელების„ და შპს „მაგთიკომის„ ურთიერთჩართვის ტარიფების შესწავლის და დადგენის შემდეგ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები