წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 634 შპს „ტელეარხი 25“-ს ? 753 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 634 / 3

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „ტელეარხი 25„-ს  № 753  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

     

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

    კომისიაში 2004 წლის 13 ივლისს შემოვიდა ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის წერილი (№ 10/182-04), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2004 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სამსახურის „კონტროლისა და ინსპექტირების  ჯგუფის” მიერ ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე  უნებართვო და არალიცენზირებული ტელერადიო გადამცემების, მოწყობილობების აღმოჩენის და ეთერში სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით, ჩატარებულ იქნა შემოწმება, რომლის შედაგადაც დადგინდა, რომ შპს „ტელეარხი 25” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს № 01/04-441 დადგენილებით 1996 წლის 30 ოქტომბერს), რომელიც ფლობს №753 ლიცენზიას (საეთერო ტელერადიომაუწყებლობა, ტელემაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, 2012 წლის 31 ოქტომბრამდე) მაუწყებლობას ახორციელებს 24-ე არხზე.

    აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის თვით შპს „ტელეარხი 25”, რომელიც თავისი (2004 წლის 30 ივლისის №6/589-04) წერილით გვატყობინებს, რომ იმის გამო რომ 25-ე არხზე ედება შპს „ტელეიმედის” სიგნალი, გადავიდა 24-ე არხზე, ნაცვლად იმისა რომ აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად მიემართა კომისიისათვის.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეარხი 25”-ს ზემოაღნიშნული მოთხივნით არ მიუმართავს კომისიისთვის და მისი 24-ე არხზე გადასვლა მოხდა კანონდარღვევით, უნებართვოდ. აღნიშნული ქმედებით შპს „ტელეარხი 25”-მა დაარღვია  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ განახორციელა ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას 24-ე სატელევიზიო არხზე, ნაცვლად მინიჭებული 25-ე არხისა.

      აღნიშნულის თაობაზე კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეარხი 25” № 753 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე (2004 წლის 29 ოქტომბრის № 578/22 გადაწყვეტილება).

       2004 წლის 19 ნოემბერს კომისიაში აღნიშნული საკითხის ზეპირ მოსმენაზე შპს „ტელეარხი 25”-ის წარმომადგენელმა გ. სურმანიძემ განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს უნებართვო მაუწყებლობა 24-ე არხზე, რაც გახდა საფუძველი კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და დააზუსტა კომპანიის მოთხოვნა, კერძოდ ურთიერთხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით მოითხოვა ნება დაერთოს შპს „ტელეარხი 25”-ს მაუწყებლობა განხორციელოს დეციმეტრული სიხშირის დიაპაზონის 24-ე არხზე.  

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეარხი 25”-ს მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევა, რის საფუძველზეც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიის კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე.

      ამასთან, კომისია მიაჩნია, რომ სიხშირული რესურსების ლიცენზიის მფლობელთა მიერ გამოყენებისას არსებული ურთიერთხელშეშლების აღმოფხვრა კომისიის ფუნქციაა და შესაბამისად შპს „ტელეარხი 25”-ს მიერ ლიცენზიით განსაზღვრული 25-ე არხზე მაუწყებლობისას შექმნილი ურთიერთხელშეშლა (რაც გამოწვეულია შპს „ტელეიმედის” მიერ ქ. ფოთში სამ კილოვატიანი სიმძლავრის გადამცემის დამონტაჟებითა და ექსპლოატაციაში გაშვებით) კომისიის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეარხი 25„-ს № 753 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე) ერთი კვირის ვადაში მოამზადოს წინადადებები შპს „ტელეარხი 25”-ს მიერ მაუწყებლობის განხორციელების სიხშირული  უზრუნველყოფისა და ურთიერთხელშეშლის აღმოფხვრის თაობაზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი)  გადაწყვეტილების შპს „ტელეახი 25”-ისთვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები