წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 633 შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ? 67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 633 / 3

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „ტელეკომპანია თბილისი„-ს № 67 ლიცენზიის   მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

       ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლისა და კომისიის დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ (აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა) განახორციელა ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე ტელერადიოსამაუწყებლო საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, რომლის დროსაც დადგინდა, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისმა„, რომელიც ფლობს N67 ლიცენზიას („საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, მოქმედების ვადით 2011 წლის 31 დეკემბრამდე), კომისიის წერილობითი მოთხოვნის  მიუხედავად (2004 წლის 14 ივნისის № 01/791-04 წერილი), არ წარმოადგინა ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე, ტელეპროგრამების და ფილმების ეთერში განთავსების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც ხელი შეუშალა კომისიას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტით განსაზრვრული ძირითადი ფუნქციის განხორციელებაში (კომისიის მიერ ვერ დადგინდა რამდენად იცავს ლიცენზიის მფლობელი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს).  

     ზემოაღნიშნული ქმედებით შპს „ტელეკომპანია თბილისმა” დაარღვია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

      „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე (კომისიის 2004 წლის 22 ოქტომბრის  № 555 გადაწყვეტილება), აღნიშნულ კომპანიას გაეგზავნა შესაბამისი ტელეფონოგრამა, გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე.

     კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა (გ. რატიშვილი) ზეპირი მოსმენის სხდომაზე (2004 წლის 12 ნოემბერი) აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისმა” 2004 წლის 10 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. „როდინა ლიმიტედისა” და შპს „ბლექსი ედვერთაიზინგს” შორის დადებული ხელშეკრულება;

  2. „როდინა ლიმიტედის”  შპს „ბლექსი ედვერთაიზინგის” საწესდებო კაპიტალში წილის დამადასტურებელი გადაწყვეტილება (დამოწმებული სანოტარო აქტით);

  3. „როდინა ლიმიტედის” და შპს „ტელეკომპანია თბილისის” როგორც შპს „ბლექსი ედვერთაიზინგის” პარტნიორების დამადასტურებელი კრების ოქმი (დადასტურებული სანოტარო აქტით);

 4. შპს „ბლექსი ედვერთაიზინგსა” და შპს „ტელეკომპანია თბილისს” შორის დადებული ხელშეკრულება;

 5. შპს „ბლექსი ედვერთაიზინგის” პარტნიორთა კრების ოქმი (დამოწმებული სანოტარო აქტით);

 6. დამატებითი ხელშეკრულება „როდინა ლიმიტედსა” და შპს „ბლექსი ედვერთაიზინს” შორის;

 7. დამატებითი ხელშეკრულება შპს „ბლექსი ედვერთაიზინგსა” და შპს „ტელეკომპანია თბილისს” შორის, რომელიც არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ;

   კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია შპს „ტელეკომპანია თბილისის” მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების დადგენის მიზნით. კომისიაში კომპანიის მიერ წარმოდგენილი არ არის „როდინა ლიმიტედის” „პირველი არხი, მსოფლიო ქსელ”-ზე კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე ცალსახად მსჯელობა შპს „ტელეკომპანია თბილისის მიერ” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე. წარმოდგენილი არასრულყოფილი დოკუმენტაციის ანალიზით ასევე დაუდგენელი დარჩა პროგრამული თვალსაზრისით ერთი და იგივეა თუ არა „ОРТ -1”-ი და „1 канал – Всемирная сеть”.

     კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 19 ნოემბერს შპს „ტელეკომპანია თბილისმა” კომისიაში წარმოადგინა „როდინა ლიმიტედსა” და ЗАО „ОРТВ„-ს  შორის 2002 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვიდაც ЗАО „ОРТВ„ წაროადგენს ОАО „ОРТ”-ს სრულუფლებიან ლიცენზიანტ იურიდიულ პირს, ამავე ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ „როდინა ლიმიტედს” გააჩნია „პირველი არხი, მსოფლიო ქსელ”-ზე კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რისი წარმოუდგენლობაც გახდა საფუძველი შპს „ტელეკომპანია თბილისი„-ს № 67 ლიცენზიის   მოქმედების შეჩერების თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.ზემოაღნიშნულიხელშეკრულებები ადასტურებენ, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისს” კანონიერ საფუძველზე აქვს მოპოვებული მომიჯნავე უფლება „1 канал – Всемирная сеть”-ის პროგრამებზე.

კომისიას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

   გადაწყვიტა:         

1 შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია თბილისი’’-ს N67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი)  გაუგზავნოს გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია თბილისს”;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები